ელზა პაპოშვილი
29.10.2021

ფოთში 33 წლის ქალმა 42 წლის ქალს ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, დაჭრა ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე  მოხდა და მას წინ  ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მოტივი და მიზეზი თვითმხილველებისთვის უცნობია, თუმცა ქალების დაპირისპირებიდან შინაარსი გამოიტანეს, რომ ადგილი ეჭვინობას ჰქონდა. მათი ინფორმაციით, მაღაზიაში მყოფი ქალს მეორე ქალმა დაუძახა და გარეთ საუბრობდნენ, თუმცა მოულოდნელად მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, რაც შემდეგ დაჭრაში გადაიზარდა.    

„ქალი იყო მაღაზიაში და მეორე ქალმა დაუძახა. როგორც გავიგეთ, ახლობლები ყოფილან. ერთმანეთს იცნობდნენ. გარეთ მაღაზიის უკან დადგნენ და საუბარი დაიწყეს. სავარაუდოდ, კამათი მამაკაცის გამო მოხდა. ერთმანეთს საქმეს ურჩევდნენ. მერე ერთი მოულოდნელად მეორეს თავს დაესხა და თმით ითრია. მერე კი დანით ჭრილობები მიაყენა. ჩარტყმული ჰქონდა კისრის და ბარძაყის არეში. ქალი მაღაზიაში შემოვარდა და შველას ითხოვდა, ამბობდა, რომ დაჭრილი იყო. ხალხმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ჩვენც არ ვიცით“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.    

ქირურგი ომარ მინდიაშვილი ამბობს, რომ  ახალგაზრდა ქალს ჭრილობები კისრისა და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული. მას ჭრილობები დაუმუშავდა და ბინაზე გაეწერა:

„ქალი შეუვარდა მაღაზიაში ჯერ თმებში სტაცა, მერე ათრია, მერე გამოიყვანა გარეთ და მიაყენა ჭრილობა, დაჭრილი იყო კისრის და ბარძაყის არეში. დავამუშავეთ ჭრილობები და გავუშვით სახლში,“ - განაცხადა ომარ მინდიაშვილმა.

ამ დროისთვის ბრალდებული ქალი უკვე დაკავებულია, დაზარალებულს კი პოლიცია კითხავს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.გ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს - 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×