თამთა ჩაჩანიძე
13.11.2021

ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრია. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, მთავრობები ისევ ლოქდაუნის შემოღებაზე საუბრობენ. ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ ვირუსის ახალი შემოტევა შესაძლოა საქართველოსთვის კატასტროფული აღმოჩნდეს, რადგან აქ ვაქცინაცის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, აცრები კი ლეტალურ გამოსავალს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ეპიდსიტუაციის გართულების გამო, შაბათიდან ნიდერლანდები სამკვირიან ნაწილობრივ ლოქდაუნს აცხადებს - ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები 20:00 საათზე, ხოლო მაღაზიები რომლებიც პირველადი საჭიროების არაა 18:00 საათზე დაიხურება. მოსახლეობა შეძლებისდაგვარად დისტანციურ მუშაობაზე გადავა, ხოლო სპორტული ღონისძიებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე.

ლოქდაუნს გეგმავს ავსტრიაც, ოღონდ ეს მხოლოდ არავაქცინირებულ მოქალაქეებს შეეხება და მათ გადაადგილება შეეზღუდებათ.

გერმანიის ბუნდერსტაგში კი შეტანილია კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას, 2022 წლის მარტამდე საშუალებას მისცემს, მიიღოს ზომები საჯარო ადგილებში პირბადეების სავალდებულო გამოყენებისა და დისტანციის წესის დაცვასთან დაკავშირებით. ამასთან, ტესტირება გერმანიაში კვლავ უფასო გახდება.

ერთთთვიანი ლოქდაუნი მოქმედებს ლიეტუვაშიც. ვირუსის შესაჩერებლად შეზღუდვები გაამკაცრეს სლოვაკეთმა და ჩეხეთმა, ასევე რუსეთმა.

რაც შეეხება საქართველოს, ეპიდსიტუაცია აქაც რთულია, თუმცა შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ამის ნაცვლად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდება.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ხალხი, ვინც არ აიცრა, ინფექციის წყაროა, ნაკლებად ვაქცინირებული ქვეყნები კი გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე არიან.

„რას უნდა ელოდო, როცა ვაქცინირებულ ქვეყანაში სიტუაცია გართულებულია და წარმოგიდგენიათ, არავაქცინირებულ, ან ნაკლებად ვაქცინირებულ ქვეყანაში რა მოხდება?

„გასათვალისწინებელია, რომ ის ხალხი, ვინც არ აიცრა, ინფექციის წყაროები არიან, ვირუსი კი გეომეტრიული პროგრესიით ვრცელდება. მერე ნუ გვავიწყდება ისიც, რომ ვირუსის სახეცვლილება და მუტაცია ხდება. რა დასამალია და მძიმედ მიმდინარე ფორმები წამოვიდა.

„მთავარია, რომ სიკვდილობა არ იყოს და ვირუსი მოიხადოს ისე, როგორც ჩვეულებრივი გრიპი. ამის საშუალებას ძალიან მაღალი პროცენტით ვაქცინაცია გვაძლევს. კორონავირუსი რაც უფრო მეტ ადამიანს ემართება, რისი დიდი შანსიც საქართველოს აქვს, პასაჟირების ვარიანტი მით უფრო მეტი იქნება და შესაბამისად, იმას უნდა ველოდოთ, რომ მძიმე და ლეტალური შემთხვევებიც ბევრად უფრო მაღალი იქნება.

„იმიტომაც ვამბობთ, რომ ვაქცინაცია აქტიურად უნდა წავიდეს. ახლა უკვე მთავარი გახდა ლეტალური გამოსავალის შემცირება, ვიდრე ინფიცირებულთა რაოდენობისა. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთკავშირშია, მაგრამ პირველ რიგში სიკვდილიანობის მაჩვენებელია შესამცირებელი, რაც მხოლოდ ვაცქინაციითაა შესაძლებელი.

„ევროპაში სიტუაცია იმიტომ გართულდა, რომ ამ ქვეყნებში ყველა არ აიცრა, ეს კი სრულიად საკმარისია, რომ ინფექციის გავრცელება მოახდინონ. თან ისინი ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობაა ბევრი და ვაქცინაცია კი 100%-ით ვერ უზრუნველყოფს, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდეთ. ის ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური გამოსავალის რაოდენობას ამცირებს, თორემ ინფიცირება ორჯერ ვაქცინირებულთა შორის სრულიად შესაძლებელია.

„ნუ გვავიწყდება, რომ „დელტა" და „მიუ" შტამებს, ბევრად უფრო მაღალი გადამდებლობა ახასიათებს და სწორედ ამ დარჩენილ აუცრელ მოსახლეობას ადვილად ერევა. სწორედ ამიტომაც მოხდა უფრო მეტად მომატება, მაგალითად, გერმანიაში, მიუხედავად იმისა, რომ აცრილები ბევრია.

„ყოველდღიურად საქართველოსთვის 80 ადამიანის გარდაცვალება კატასტროფაა. თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა, კაცმა არ იცის ეს გაორმაგდება თუ არა. როცა ადამიანს დაემართება, მერე უკვე გვიანაა. მანამდე უნდა მოხდეს პრევენცია, რომ ინფექცია მძიმე ფორმაბით არ წარიმართოს", - განაცხადა ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×