ხატია ბერიძე
21.11.2021

ერთი წლის განმავლობაში კორონა ვირუსით ბავშვთა ინფიცირების რაოდენობა ორჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა. სპეციალისტების ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათი შეფასებით, მდგომარეობა რთულია და აქედან ოპტიმალური გამოსავალეი ვაქცინაციაა. რა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში ინფიცირების მაღალმა მაჩვენებელმა და როგორ შეიძლება ბავშვებში ლეტალობის თავიდან არიდება?

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის და იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ინფიცირება ბავშვებში გაიზარდა, ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

„ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ 2020 წელს ინფიცირებულთა შორის ბავშვების რაოდენობა 10%-ს შეადგენდა, სექტემბრის მონაცემებით ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და 20,4%-ს შეადგენს.

„ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიასთან ბრძოლაში. საქართველოში ეს პროცესი ჯერჯერობით აქტიური არ არის, თუმცა ყოველდღიურად არის მზარდი მაჩვენებელი. იაშვილილის კლინიკაში ბავშვთა ვაქცინაციის დასაყის პერიოდში ყოველდღიურად 1-2 ბავშვი მოგვმართავდა, ბოლო დღეებში კი 8-10 ბავშვი იტარებს ვაქცინაციას", - განაცხადა ჩხაიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძის ცნობით კი, სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულია. მისი თქმით, არასრულწლოვნების წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 30%-მდეა გაზრდილი, რისი მთავარი მიზეზიც კორონავირუსის დელტა შტამია.

„ბავშვები უფრო მეტად დასაცავად, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების მსგავსად, მიღებულია გადაწყვეტილება 12 წლის ასაკიდან ვაქცინაციის შესახებ, რა თქმა უნდა, მშობლების სურვილის შემთხვევაში. განსაკუთრებით ეს ეხებათ რაიმე რისკის ფაქტორის მქონე ბავშვებს.

„რაც შეეხება ეპიდვითარებას, სამწუხაროდ, გრძელდება საკმაოდ მძიმე დღეები. ყოველდღიურად ჩვენი 70-ზე მეტი თანამოქალაქე იღუპება. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ეს კატასტროფაა. სამწუხაროდ, კარგა ხანს, ეს კორონა არსად არ წავა. გამოსავალი ვაქცინაცია და პირბადის ტარებაა. ამისთვის დაიწყო წამახალისებელი ღონისძიებები. პენსიონერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აცრა. იგივე შეიძლება ითქვას წამახალისებელ ლატარიაზე. ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანებმა სიცოცხლე გადაირჩინონ და ჯანმრთელობას მოუფრთხილდნენ", - აცხადებს პაატა იმნაძე.

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძემ კი განაცხადა, რომ კლინიკაში ს 122 პაციენტია მოთავსებული, თუმცა თავისუფალი ადგილები რეანიმაციაშიც და კლინიკაშიც ამ დროისთვის კიდევ აქვთ.

„ამ ეტაპზე 122 პაციენტი წევს ჩვენს კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშიც გვაქვს ადგილები და კლინიკაშიც. რეანიმაციაში 14 პაციენტი წევს, მათგან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე, რომელიც ბათუმიდან არის რეფერირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ერთი თვის არის. რეანიმაციაში მყოფ სხვა პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ. კლინიკაში სხვა პაციენტებიც მკურნალობენ, რომლებიც მძიმე მიმდინარეობით არიან", - განაცხადა ჩხაიძემ.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 5-ია.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამ ვითარებას ვირუსის გაძლიერებას უკავშირებს.

„ზოგადად, ყველა ვირუსის გავრცელება საშიშროებას წარმოადგენს, რადგან იგი განიცდის მუტაციას და მისი შეღწევადობა ადამიანშიც იმატებს. სწორედ ამიტომ გაორმაგდა ბავშვთა ინფიცირების რაოდენობა. ადრე ვირუსს ბავშვთა ორგანიზმში მაღალი შეღწევადობა არ ახასიათებდა მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა უკვე ესეც დაემატა. როცა მეტი ინფიცირებულია, ვირუსისთვის დამახასიათებელი თვისებებიც მეტად ძლიერდება, რამაც ბავშვთა ინფიცირების ზრდა გამოიწვია და მეშინია ლეტალობის ზრდაც არ გამოიწვიოს", - განაცხადა ხმალაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ,,რეზონანსთან" საუბრისას ამბობ, რომ ბავშვებში ინფიცირების გაზრდა მოსალოდნელიც კი იყო.

„კოვიდ-19-ის დელტა შტამის პირობებში, განსხვავებით სხვა შტამებისგან, ინფიცირების რისკი 70%-ით მაღალია. სწორედ ამიტომ ეს ბავშვთა ინფიცირებაზეც აისახა.

„ბავშვთა ინფიცირება ჯერ ჯერობით სიპტომების გამოვლინებით მიმდინარეობს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ვაქცინა ბავშვებში უფრო კარგ და ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე მოზარდებში. აქედან გამომდინარე, ამ მდგომარეობიდანაც ერთადერთი გამოსავალი ბავშვთა ვაქცინაციაა, რაც განაპირობებს ინფიცირებულთა რაოდენობასაც და ლეტალობის მაჩვენებელსაც", - განაცხადა ზოიძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძემ კი აცხადებს, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, ინფიცირებული ბავშვების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მოქმედი რეგულაციების უგულვებელყოფაა.

„ბავშვებში ინფიცირების გაზრდა წინა წელს არსებული შტამიდან განსხვავებით დელტა შტამს ახასიათებს, რადგან ის უფრო აგრესიულია. ასევე ამ ფაქტს ხელს უწყობს რთული ეპიდსიტუაცია ქვეყანაში. ყველაზე მეტად კი რეგულაციების არ დაცვა, რაც ხშირად ირღვევა მოზრდილი მოსახლეობის მხრიდან", - განაცხადა ენდელაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×