თამთა ჩაჩანიძე
26.11.2021

კორონავირუსის ახალი შტამის გამო მსოფლიო ისევ პანიკის ზღვარზეა. სპეციალისტების თქმით, სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში აღმოჩენილი ვარიანტს სახელწოდებით B.1.1.529 მუტაციების უკიდურესად დიდი რაოდენობა აქვს, რის გამოც პარასკევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამხრეთ აფრიკაში საგანგებო შეხვედრას მართავს, ევროკომისია კი ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ავიარეისების შეჩერებას შესთავაზებს.

ახალი შტამი პირველად აფრიკაში, ბოტსვანაში 3 ადამიანს დაუდასტურდა, შემდეგ 6 შემთხვევა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა, ერთი კი ჩინეთში დაფიქსირდა. ბოსტვანას ვარიანტი ჰონკ-კონგში სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ პირს აღმოაჩნდა.

ჯანმო აცხადებს, რომ ახალ ვარიანტის ათობით მუტაციას აკვირდება და გეგმავს განიხილოს, უკვე არსებული ვაქცინები ახალ ვარიანტზე როგორ იმოქნედებს. სპეციალისტების აზრით, შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ შტამს მუტაციების სიჭარბე ახასიათებს და სხეულის თავდაცვით მექანიზმებს მარტივად ლახავს.

„ჩვენ აღნიშნული შტამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, 100-ზე ნაკლები სრული გენეტიკური თანამიმდევრობა ხელმისაწვდომია, თუმცა ვიცით, რომ ამ შტამს ბევრი მუტაცია აქვს," - განაცხადა ჯანმოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ ონლაინ სესიაზე.

მისივე თქმით, სპეციალისტთა შესაბამისი ჯგუფი განიხილავს იმ საფრთხეს, რომელსაც კორონავირუსის ეს ვარიანტი საზოგადოებას უქმნის და თუ შედეგები შემაშფოთებელი იქნება, მას ბერძნული ანბანის ასოს სახელი მიენიჭება.

„გარდიანი" წერს, რომ ახალ შტამის ცილაში 32 მუტაციაა. მეცნიერები კვლევის პროცესში არიან და ჯეჯრერობით უცნობია კონკრეტულად ამ ვარიანტს ექნება თუ არა უფრო მეტი გადადება, ან ლეტალობა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მუტაციების რაოდენობის გათვალისწინებით, ახალი შტამი შესაძლოა ბევრად უფრო გადამდები აღმოჩნდეს.

ახალი შტამის გამო, ევროკომისია ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ფრენების შეჩერებას შესთავაზებს - აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროკომისია გააკეთებს შეთავაზებას წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით ამოქმედდეს გადაუდებელი სამუხრუჭე ზომები აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან საჰაერო მიმოსვლის შესაჩერებლად, B.1.1.529 ვარიანტის გამო", - დაწერა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე".

დღეიდან დიდი ბრიტანეთი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ფრენებს დროებით აჩერებს, ამ ლოკაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს სასტუმროში 7-14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×