ელზა პაპოშვილი
30.11.2021

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური თავისუფალია და ის ახლა საბოლოო ვერდიქტის მოლოდინშია. მის საქმეს  ნაფიცი მსაჯულები 7 დეკემბერს განიხილავენ და ოლიმპიურ ჩემპიონს ძმის მკვლელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე განაჩენს გამოუტანენ.   

ნაფიცი მსაჯულების არჩევის გადაწყვეტილება ზვიადაურმა და მისმა ადვოკატებმა წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადეს. საქმის განხილვისათვის 12 ნაფიცი მსაჯული უნდა შეირჩეს, რომლებიც ყოფილ დეპუტატს საბოლოო ვერდიქტს გამოუტანენ.

ზურაბ ზვიადაური 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან 29 ნოემბერს გაათავისუფლეს. 5-ათას ლარიანი გირაოთია გათავისუფლებული ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილიც, რომელსაც გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ზურაბ ზვიადაურს, 2021 წლის 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოძიება ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება. სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ახმეტის მკვიდრმა ვასილ ცოცხალაშვილმა იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი ზვიად მაისურაძე და ანზორ შარმელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაური და ის ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატების შეფასებით, საქმეში არ დევს არცერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ზვიადაურის ვერსიის საპირისპირო იქნებოდა.

ჯერჯერობით გამოძიებას არ აქვს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებიც, რომლებიც დანიშნული იყო. მკვლელობის საქმიდან ცალკეა გამოყოფილი ჯაბა ჯანგირაშვილის საქმეც. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, თელავის სასამართლოს მოსამარლემ მისი დარბაზიდან გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. 

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე „რეზონანსთან“ ადასტურებს, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეებიდან არცერთის ჩვენება ბრალდებულის ჩვენებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. მისი თქმით, კენჭოშვილმა ცოცხალაშვილს ჯერ 10-მდე ტყვია ესროლა, შემდეგ ზვიად ზვიადაური მოკლა, ამის შემდგე კი გულ-მკერდის არეში ზურაბ ზვიადაურის დაჭრას ცდილობდა. ამიტომაც ის აუცილებელი მოგერიების წინაშე იდგა.

„გარდაცვლილ ნიკა კენჭოშვილს რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ჰქონდა განზრახული, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის. არ არსებობს არცერთი მოწმე საქმეში, რომელიც ზურას ჩვენების საწინააღმდეგოს იტყვის. ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების წინაშე, ამიტომაც მოსამართლემ მტკიცებულებების შედეგად ეს გადაწყვეტილება მიიღო. ის მოქმედებდა საქმეში არსებული ფაქტებით და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით. 

„კენჭოშვილმა 10-მდე ტყვია ცოცხალაშვილს ესროლა. შემდეგ ზვიად ზვიადაურის მისამართით ისვრის. ამის მერე ტრიალდება, ხელში ავტომატი უკავია და ზურაბ ზვიადაურს უმიზნებს. ის მას მივარდება და ხელიდან იარაღის წართმევას ცდილობს. ამ ძიძგილაობაში მას ზურგით ატრიალებს. ის კი იარაღის მისკენ ისევ მიშვერას და გულ-მკერდის არეში  სროლას აპირებს. სწორედ ამ დროს  ზურამაც მოგერიების მიზნით გასროლა განახორციელა. 

„მოწმეები ჩვენც გამოვკითხეთ და ყველა იმავე ჩვენებას იძლეოდა. რაღაში უნდა დაგვჭირვებოდა გავლენა მოწმეებზე, რომლებიც ფაქტიურად, ჩვენს სასარგებლო ჩვენებას იძლევიან? 

„ჯანგირაშვილის საქმე საერთოდ სამართლებრივი აბსურდია, რადგან მისი იარაღით არავინ დაზიანებულა და არანაირი შედეგი არ დამდგარა“, - განაცხადა ადვოკატმა კოტრიკაძემ „რეზონანსთან“. 

ზვიადაურის საქმეზე, ბრალდებამ ვადა ორჯერ გაგრძელდა, თუმცა წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატი განმარტავდა, რომ გამოძიებას დამატებით მტკიცებულებები არ მოუპოვებია. 

ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა პროკურატურისათვის.

„საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან. მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000 ლარიანი გირაოთი, ხოლო მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა“, - აცხადებს პროკურატურა. 

მათივე ინფორმაციით, წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში.

ზვიადაურის გათავისუფლებას ნიკა კენჭოშვილის და ქეთევან კენჭოშვილი ეხმაურება.  

„აქამდე არ ვიცოდი, ადამიანს უკნიდან მიპარვით, მიბჯენით სროლა თუ აუცილებელი მოგერიებით და თავდაცვის მიზნით სროლა იყო. ეჰ, ზვიადაურო, ზვიადაურო... აქაურ სამართალს გაექეცი, გაგარიდეს, თბილ სახლში გამოგაზამთრებინებენ... თუმცა... თუმცა, სინდისი თუ შეგრჩა, ის არ მოგასვენებს, არ დაგაძინებს. საკითხავია, შეგრჩა კი? 

„თავდაცვის მიზნით ნამდვილად ისროლა ნიკამ, მაგრამ მას სამართლიანად სასჯელის მოხდის უფლება არ მიეცი. შენ კი სასჯელს დამფრთხალი დამფრთხალი ქუჩის ძაღლივით გაექეცი... ალბათ ჩვენს ქვეყანაში ასეთი სამართლიანობის ტრიუმფი არ უნდა გაგვიკვირდეს. 

„პ.ს. ფბ-ს აღარ მოვიხმარ, დღეს მთელი დღე ინტერნეტიც გათიშული მქონდა. ახლა კი, როდესაც ინტერნეტი ჩავრთე მესიჯები დამხვდა, ადამიანები მისამძიმრებდნენ ამ უსამართლობას“, - წერს კენჭოშვილის და.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×