ელზა პაპოშვილი
20.12.2021

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. 17 წლის მოზარდის დაჭრაში პოლიცია 19 წლის ნიკა თოიძეს ეძებდა, რომელიც უკვე დაკავებულია. სავარაუდოდ, მას ბრალი წარედგინება. ის პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.

19 წლის ნიკოლოზ თოიძე ცნობილი მუსიკოსის, გია თოიძის შვილია. მამა ამბობს, რომ 2 დღე შვილი მშობლების არცერთ სახლში არ გამოჩენილა. მან მომხდარის შესახებ არაფერი იცის და გამოძიების დასრულებას ელის. 

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით 18 დეკემბერს, ღამე დაჭრა. ნიკოლოზ თოიძის მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კონფლიქტური იყო და მისი მხრიდან დაჭრის ფაქტიც პირველი შემთხვევა არ არის, მან ცივი იარაღით დაზიანებები მეზობელს ადრეც მიაყენა, თუმცა, ამის გამო დაკავებული არ ყოფილა. 

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, საქმის ე.წ. ქუჩურ გარჩევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა, ამ ეტაპზე, კონკრეტული მოტივი უცნობია. პოლიციამ დანაშაულის ადგილზე არსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები უკვე გამოკითხა; ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. 

დაჭრილ არასრულწლოვანს გადაუდებელი ოპერაცია კლინიკაში მიყვანისთანავე ჩაუტარდა. 17 წლის მოზარდს სხეულის სხვადასხვა არეში 3 ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ  მათ ხმაურისა და შელაპარაკების ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებს კი წაქეცული ბავშვით დახვდათ, ნახეს, რომ ვერ დგებოდა და სისხლი სდიოდა. ისინი მაშინვე მიხვდნენ, რომ ბიჭი დაჭრილი იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. 

„გარეთ რომ გავედი, უკვე ხალხი ეხვია. ბავშვი მიწაზე იწვა და ყვრიდონენ, დაჭრილიაო. ნახეს, რომ თავისი ასაკის ბიჭთან რაღაცაზე დავობდა, დავის შემდეგ კი მან სავარაუდოდ, რამდენიმე ადგილას დანა დაარტყა. რომ დავხედეთ, ერთი ჭრილობა ხელში ჰქონდა, მეორე - ზურგში და მესამე - მუცელში. სისხლი სდიოდა და შეგვეშინდა, სისხლად არ დაცლილიყო, ამიტომ ჭრილობებს ხალხი უკრავდა. სასწრაფო დახმარება და პოლიციაც მალევე მოვიდა. 

“არ ვიცით, ვინ არის ეს ბიჭი, ამობობენ, რომ ისიც აქ ცხოვრობს და მეზობელია, თუმცა მე ვერ ვიცანი. რაზე მოუვიდათ კონფლიქტი, არავინ იცის. ზოგი ამბობს, რომ ე.წ. ქუჩური გარჩევა ჰქონდათ. აქ მსგავსი ამბები არახალია. ბავშვები ქუჩაში არიან 24 საათი და მსგავსი დაპირისპირება მუდმივად ხდება“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

მედიკოსები ამბობენ, რომ დაჭრილ არასრულწლოვანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენიმე შემავალი ჭრილობა ჰქონდა. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

დაჭრილ არასრულწლოვანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ცივი იარაღით 3 ჭრილობა აქვს მიყენებული.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×