რეზონანსი
21.12.2021

უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. იქნება ყინვა და თოვლი, თუმცა თბილისში ოთხშაბათს მხოლოდ თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ამასთან, დედაქალაქში ახალი წლის ზეიმი, სავარაუდოდ, კვლავ თოვლის გარეშე ჩაივლის, რასაც კონკრეტული მიზეზები აქვს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ თბილისში 22 დეკემბერს თოვლჭყაპია მოსალოდნელი. მისივე ინფორმაციით, 31 დეკემბრის ზუსტი პროგნოზი ჯერ არ აქვთ, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რატომ გახდა ბოლო წლებში თბილისში თოვლი იშვიათობა, გლობალური პროცესებით ხსნის.

„საქართველოში თოვლი ყოველ ზამთარს მოდის, მაგრამ ეს თბილისში იშვიათობაა. რაც შეეხება თბილისს, არსებობს უთოვლობის მიზეზები. ისე მიმდინარეობს ატმოსფერული პროცესები, რომ თოვლის ღრუბელი არ ვითარდება თბილისში. ბუნებაში მსგავსი რამ ხდება ხოლმე. არ არის გამორიცხული, რომ ეს გლობალურ დათბობას უკავშირდებოდეს“, - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

მისი ინფორმაციით, 23, 24 და 25 დეკემბერს ღამის საათებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი, ამიტომ დასავლეთ საქართველოში საშიშია ციტრუსების, კერძოდ, ლიმონის ნარგავების დაზიანება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცით, 23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურა -4, -6 გრადუსამდე დაეცემა.

„მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება და მოყინული გზა, რომელიც ტრანსპორტირებას გაართულებს. ეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დაწერილ გაფრთხილებაშიც აღვნიშნეთ“, - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

ამის პარალელურად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 21 დეკემბრიდან საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთსა და ასევე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. აკრძალვა 23 დეკემბრამდე მოქმედებს.

ნინო შატბერაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×