
„ფაქტობრივად ერთი ასანთის მინთება დარჩა, რომ ვითარება საბრძოლო მოქმედებაში გადავიდეს. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისედაც მყიფე ზავია, ამას თურქეთისა და რუსეთის ჩართულობა სომხეთის ტერიტორიაზე ერთობლივი წვრთნების ჩატარებაც ემატება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დაძაბვას.
მაისაია ამბობს, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა ნახიჭევანსა და აზერბაიჯანის შიდა ტერიტორიებზე ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. მისი თქმით, ამ მხრივ მობილიზებულია სომხეთიც და თუ ვითარება დაიძაბა, შესაძლოა შეიარაღებული ლოკალური შეტაკებაც კი დაიწყოს.
„აზერბაიჯანმა და თურქეთმა სამხედრო-საჰაერო ძალების ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. წვრთნები ხუთი დღე გასტანს, მერე ამას სახმელეთო წვრთნები ემატება, რომელიც ნახიჭევანსა და აზერბაიჯანის შიდა ოთხ ტერიტორიაზე დაიწყება. ეს საკმაოდ ფართომასშტაბიანი წვრთნებია. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ გეგმიურიაო, სინამდვილეში ასე არაა.
„ჩამოიტვირთა მძიმე და სხვა ტიპის შეიარაღება, ასევე გადმოტვირთულია ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგი თავდაცვის სისტემები, 10 აგვისტომდე საერთო ჯამში საკმაოდ სერიოზული წვრთნები გაიმართება, სადაც სამივე კომპონენტი, საჰაერო, სახმელეთო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იქნება.
„სომხეთმაც ბუნებრივია მობილიზაცია დაიწყო, გაწვეულია 2 ათასი რეზერვისტი, 190 ოფიცერი და ამდენივე უნტერ-ოფიცერი.
„სიტუაცია ძალიან სერიოზულია, აქ უკვე შესაძლოა სერიოზული ლოკალური შეტაკებებიც კი დაიწყოს, რომელშიც რუსეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობასაც არ გამოვრიცხავ, წვრთნებში თურქები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და რუსები სომხეთის ტერიტორიაზე უკვე მონაწილეობენ, თუ სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის მცირე შეტაკება მოხდა, არაა გამორიცხული, რომ ოპერაციებში რუსეთისა და თურქეთის შეზღუდული კონტინგენტიც ჩაერიოს, განსაკუთრებით საუბარია იმაზე, შეტაკება საჰაერო ოპოერაციაზე თუ გადავიდა. ამ მხრივ აგვისტო შესაძლოა ცხელი აღმოჩნდეს.
„თუ ლოკალური ომი დაიწყო, ბუნებრივია ამ სიტუაციას საქართველო ვერ ასცდება. მე არ ვიცი ამ შემთხვევაში რუსეთს რა როლი აქვს, აღსანიშნავია, რომ რუსეთში შიდა პოლიტიკური სიტუაცია იძაბება, ხაბაროვსკის მხარე კრემლის დაქვემდებარებიდან ფაქტიურად გამოვიდა, რომელიც გუბერნატორ ფურგალის დაპატიმრებესთან იყო კავშირში. ხაბაროვსკი კრემლის წინააღმდეგ ფაქტიურად აჯანყდა, მათ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი არ მიიღეს და სერიოზულ შეხლა-შემოხლა მოხდა. გაისმა ლოზუნგები „პუტინი ძირს". მსგავსი მღელვარებები რუსეთის სხვა რეგიონებშიც დაიწყო და არაა გამორიცხული, რომ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ყურადღება საშინაო პრობლემიდან საგარეო მიმართულებით გადაიტანონ. ამას ემატება ისიც, რომ რუსული რუბლის ფასი კიდევ უფრო დაეცა, არის ინფორმაცია, რომ ჩინეთმა რუსული გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა, რაც რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებისათვის საკმაოდ სერიოზული დარტყმაა. რუსეთის ეკონომიკური, სოციალური და პლიუს შიდა პრობლემების ფონზე პუტინი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არავინ იცის. ამას კიდევ საეჭვოდ ემთხვევა ის ტენდენცია, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობას ეხება, ფაქტიურად რუსეთი და თურქეთი უკვე მუსკულებს ათამაშებენ, თუმცა ამას მხარეების მიმართ აკეთებენ თუ ერთმანეთის მიმართ, ეს საკითხავია."
მაისაიასვე თქმით, რუსეთი სამხედრო წვრთნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გადის, ფარულ ოპერატიულ მზადყოფნაშია, რაც მისი თქმით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს.
„რამდენადაც ვიცი, რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე სამხედრო წვრთნები დაიწყო, წვრთნები ასევე გიუმრის ბაზაზეც მიმდინარეობს, 58-ე და მე-8 არმიები „კავკასია 2020" წვრთნებისთვის მზადებას იწყებენ, ფაქტიურად ფარულ ოპერატიულ მზადყოფნაში არიან, რაც ძალიან საეჭვოა. აქედან გამომდინარე, რუსეთისგან რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, ეს ცალკე საუბრის თემაა.
„ჩვენმა ხელისუფლებამ ყურები თუ კიდე ასე იფხანა, მხოლოდ წინასაარჩევნო დებატებში იქნა ჩართული და მხოლოდ ეს ადარდებს, ეს არ ვიცი, ამით საოცრად გაკვირვებული ვარ, სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხთან მიმართებაში საქართველოს მთავრობას აქვს „იქნებ გადაიაროს" მიდგომა," - განაცხადა მაისაიამ.