ქრისტინე კაპანაძე
03.05.2021

მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაზსადენის პროექტის, „ჩრდილოეთ ნაკად 2"- ის მშენებელობა გრძელდება. აღნიშნული გაზსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და მისი დახმარებით რუსეთს საშუალება ეძლევა უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს საკუთარი ბუნებრივი გაზი ევროპას.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პირები შეშფოთებას გამოთქვამენ ამ პროექტის გამო და ფიქრობენ, რომ მას კატასტროფული შედეგი ექნება უკრაინისთვის, ხოლო ევროპაში რუსეთის გავლენაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში და „ჯიპას" ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აღნიშნულ პროექტ -„ჩრდილოეთ ნაკად 2"- ზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი გავლენა პროექტის შესაჩერებლად აშშ-ს აქვს.

„ჯერჯერობით არსებობს იმედი, რომ აღნიშნული პროექტი შეჩერდება. „ჩრდილოეთ ნაკად 2" -ის პროექტის შესაჩერებლად ყველაზე დიდი ბერკეტები აქვს აშშ-ს და ჯერჯერობით იმიტომ ვერ დასრულდა პროექტი, რომ რუსეთს აშშ-ის ჩარევა არ აძლევს საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალებას.

„თვითონ პროექტი პირველ რიგში არის პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და კომერციული, რადგან ამ პროქტის დასრულება რუსეთს აძლევს ძალიან დიდ ბერკეტს, როგორც ევროპაზე ასევე უკრაინაზე ზემოქმედების კუთხით,"- ამბობს ფხალაძე.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტი უკრაინას დიდ დარტყმას მიაყენებს, ხოლო რუსეთის გავლენა ქვეყანაზე კიდევ უფრო გაიზრდება,

„რასაკვირველია, პროექტს უკრაინაზე ძალიან ცუდი გავლენა ექნება, რადგან რუსეთს შეეძლება ძალიან მარტივად გადაკეტოს უკრაინის გაზმომარაგება, რისგანაც ახლა თავს იკავებს მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაზე გადის ტრანზიტით გაზი ევროკავშირის ქვეყნებში.

„გარდა ამისა აღნიშნული პროექტით რუსეთი თავის ზეგავლენას გერმანიაზე გააძლიერებს, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი საკვანძო ქვეყანაა როგორც ევროკავშირში და ნატოში, ასევე ზოგადად ევროპულ კონტიტენტზე პოლიტიკის შექმნაში სწორედ გერმანია თამაშობს განსაკუთრებულ როლს. ამიტომ ის, რომ ევროკავშირი ამ პროექტს ეწინააღმდეგება, გასაკვირი არ არის.

„ძალიან მნიშნელოვანია, რომ რუსეთს ამ ტიპის პროექტების რეალიზების საშუალება არ მიეცეს და იმედი მაქვს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთ ნაკად 2"- ის პროექტს ბოლომდე არ მიიყვანს,"- ამბობს თენგიზ ფხალაძე.

საკითხზე თუ რატომ ვერ ხერხდება პროექტის შეჩერება დღემდე, ფხალაძე ამბობს, რომ აღნიშნულ პროცესებში რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიც არიან ჩართულნი, ერთ-ერთი მთავარი კი გერმანიაა, რომელისთვისაც პროექტის განხორციელება პირადი ინტერესებისთვის სჭირდება.

„ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ამ პროექტში რუსეთის გარდა სხვებიც არიან ჩართულები. უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში გერმანია, რომლისთვისაც ამ პროექტის განხორციელება პირად ინტერესებზე გადის.

„უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გერმანიაში საკმაოდ აქტიურად მუშაობენ პრო-რუსული ძალები, ამიტომ, ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი.

„აშშ-მ ცოტა დააგვიანა რეაგირება, ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს იყო მკვეთრი ნაბიჯები გადასადგმელი, თუმცა, რატომღაც ეს ნაბიჯები არ გადაიდგა. ამიტომ რაც უფრო გვიანდება ნაბიჯების გადადგმა, მით უფრო დიდი შანსია პროექტის დასრულების. ტექნიკურად ამ პროექტის დასრულებას ბევრი არაფერი უკლია, თუმცა, იმედია აშშ შესაბამის ზომებს დროულად მიიღებს.,"- ამბობს თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, გაზსადენის მშნებლობაში მონაწილე კომპანიებს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა, რის შემდეგაც, მშენებლობის დიდი ნაწილი დროებით შეჩერდა, თუმცა აშშ-ში არჩევნებისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, პროექტი კვლავ განახლდა.

„ჩრდილოეთ ნაკად 2"- ის შესაჩერებლად, აშშ-ის კონგრესის ორპარტიული თანხმობით, კონგრესმენები და სენატროები აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისგან მოითხოვენ , რომ მან ამ პროექტს სანციები დაუწესოს.

კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი მიიჩნევს, რომ აშშ-მ პროაქტიულად უნდა იმოქმედოს და შეაჩეროს ის, რაც რუსეთს ევროპაზე დომინაციის საშუალებას მისცემს.

„რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ იმ საფრთხეებზე, რომელსაც „ჩრდილოებით ნაკად 2" აქტიურად უქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. პირველ რიგში უკრაინას, პოლონეთს, ბელარუსს, ევროკავშირსა და მთლიანად, ევროპულ გაერთიანებას. დასრულების შემთხვევაში, „ჩრდილოეთ ნაკად 2"- ის გაზსადენი გამოიწვევს ზიანს, რომლის აღდგენაც შეუძლებელი იქნება ჩვენი ნატოს მოკავშირე ქვეყნებისთვის,"- ამბობს კონგრესმენი.

აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი ელჩი, დენ ფრიდი ამბობს, რომ აშშ-ს მხრიდან ახალმა დამატებითმა სანქციებმა შესაძლოა ქვეყნისთვის არასასურველი შედეგები მოიტანოს, ამიტომ სანქციების გარდა ალტერნატიული გზების ძიებას სთავაზობს აშშ-ის მთვარობას.

„სანქციების ალტერნატივაზე უნდა ვიფიქროთ. იმაზე, რომ ეს პროექტი დასრულების და ამუშავების შემთხვევაში, პუტინისთვის უპირატესობის მიმცემი არ იყოს,"- ამბობს დენიელ ფრიდი.

2012 წლის 8 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ბალტიის ზღვის ქვეშ, გერმანიამდე მისასვლელ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2"-ის მეორე განშტოების მშენებლობას იწყებდა, რომელიც ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაზსადენია მსოფლიოში. ის 1,200 კილომეტრის სიგრძისაა და წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გადაქაჩვა შეუძლია რუსეთიდან გერმანიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )