ქრისტინე კაპანაძე
24.05.2021

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. BBC-ის ცნობით Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, ბელორუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, რომელშიც ჟურნალისტი იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ. მომხდარის გამო შესაძლოა ბელორუსს სანქციებიც დაუწესდეს.

ქვეყნის ოპოზიციური ძალები ამბობენ, რომ მომხდარი შემთხვევა წინასწარ იყო გასაზღვრული იმისთვის, რომ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ

ხოლო ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, თუმცა, აღნასანიშნავია რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

ონლაინ ქსელმა „Nexta" კი განაცხადა, რომ მისი ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი დააკავეს.

აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსს" საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია ესაუბრა. მისი აზრით შემთხვევა წინასწარ იყო დაგეგმილი, რისთვისაც ბელორუსს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს.

„ფაქტია, რომ ლუკაშენკომ ეს წინასწარი განზრახვით გააკეთა და ამ გადაწყევტილებით სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. მართალია, მას პრობლემები ისედაც არ აკლდა ევროკავშირთან და აშშ-სთან მიმართებაში, მაგრამ, ახლა რაც გააკეთა, თავისუფლად შეიძლება ამას სახელმწიფო ტერორის სახელი დაერქვას.

„რასაკვირველია, დაუშვებელია, რომ ჟურნალისტის დაკავების გამო ფრენას მიმართულება შეუცვალო და ამდენი ადამიანის საფრთხეც კითხვის ქვეშ დააყენო. საერთაშორისო თანამეგობრობა წესით ამ ფაქტს არ უნდა შეეგუოს და კონკრეტული სანქციები ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს, რადგან მომხდარი არ არის მხოლოდ ლუკაშენკოსთან დაკავშირებული, ეს უკვე არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს.

„მსგავსი რამ არავის არ გაუკეთებია, ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებსაც კი. აქედან გამომდინარე, ეს ვითარება კიდევ უფრო გააუარესებს ბელარუსში მიმდინარე მმართველობას, ხოლო ლუკაშენკო კიდევ უფრო დიდი წნეხის და იზოლაციის ქვეშ მოექცევა.

საკითხზე რა ბედის ელის ჟურნალისტს, რომელიც ამბობს რომ სიკვდილით დასჯა ემუქრება, კაკაჩია ამბობს, რომ წინასწარ ამის განსაზღვრა რთულია, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტს მსოფლიოს დიდმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირონ.

„წინასწარ ძალიან რთულია თქმა, რადგან ლუკაშენკოს რეჟიმი უკვე აგონიაშია დიდი ხანია. ცოტა დაუჯერებელია ის, რაც მოხდა, შესაბამისად, რა შეიძლება დაემართოს თვითონ ჟურნალისტს, ამის განჭვრეტა რთულია.

„ამ მხრივ მნიშვნელოვანია რომან პროტასევიჩის მიმართ აქტიური მხარდაჭერა გამოიხატოს დიდი ქვეყნების მიერ, ასევე ჟურნალისტური ორგანიზაციების მხრიდანაც, რადგან მოხდეს ამ ადამიანის დროულად გათავისუფლება და არ მოხდეს მისი ყალბი ბრალდებებით დაპატიმრება. ყველაფერს ცოტა მოგვიანებით ვნახავთ,"- ამბობს კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.

ლიეტუვის პროკურატურამ კი, Ryanair - ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვების ინდიცენტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოძება დაწყებულია თვითმფრინავის გატაცებას ტერორიზმის მიზნით და ადამიანთა მიმართ მოპყრობის საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევის კუთხით.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონტემ განაცხადა, რომ შემთხვევა დეტალურად უნდა გამოძიონ.

„ეს უპრეცენდენტო ვითარება ძალიან საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული,"- განაცხადა სიმონტემ თვითმფრინავის მგზავრებთან შეხვედრის შემდეგ.

მომხდარზე კომენტარი ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც გააკეთა. მისი თქმით აღნიშნული ვითარება საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს.

„ბელარუსმა ეკიპაჟისა და ყველა მგზავრის უსაფრთხო დაბრუნება უნდა უზრუნველყოს, ხოლო ინდიცენტი საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს,"- წერს სტოლტენბერგი „ტვიტერზე".

ჟურნალისტის დაპატიმრებისა და თვითმფრინავის ბელორუსის აეროპორტში ავარიული დაშვების გამო შეშფოთემას აშშ-ც გამოთქვამს.

„აშშ მკაცრად გმობს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის ფრენის მიმართულების იძულებით შეცვლის ფაქტს და რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ,"- განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჩადენილმა ამ შოკისმომგვერლმა ქმედებამ საფრთხზე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×