ქრისტინე კაპანაძე
30.05.2021

აშშ-ის პრეზინდეტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში შედგება. თეთრმა სახლმა და კრემლმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს. ბოლო თვეების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო და მრავალ გლობალურ პრობლემასა თუ რეგიონალურ კოფლიქტზე მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. რაზე მოახერხებენ შეთანხმებას პრეზიდენტები და რაზე ვერა - ეს, ანალიტიკოსთა აზრით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს უახლოესი რამდენიმე წლის ვითარებაზე მსოფლიოში და მათ შრის ჩვენს რეგიონზეც.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი საკითხი აშშ-სა და რუსეთს შორის სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება იქნება. ასევე განიხილება კორონავირუსთან დაკავშრებული პრობლემები და რეგიონალური კონქლიქტების საკითხები.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები განიხილავენ აქტუალური საკითხების სრულ სპექტრს, რადგან აშშ-მა და რუსეთმა სტაბილური ურთიერთობა შეინარჩუნონ, ხოლო კრემლის განცხადებით, პრეზიდენტები აშშ-რუსეთის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ, მათ შორის სტრატეგიულ სტაბილურობასა და საერთაშორისო დღის წესრიგის მწვავე პრობლემების შესახებ. ასევე სასაუბრო თემა იქნება პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები და რეგიონული კონფლიქტების მოგვარების გზები.

ცნობილია, რომ თეთრი სახლი რუსეთს აშშ-ის შარშანდელ არჩევნებში ჩარევისთვის და ჰაკერული კომპანიებთან თანამშრომლობისთვის ადანაშაულებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე რუსეთი გააკრიტიკა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამოც, რის შემდეგაც აშშ-მა რუს ჩინოვნიკებს სანქციებიც დაუწესა. გარდა ამისა, ბაიდენმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს პუტინს „მკვლელიც" კი უწოდა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ორიოდე თვის წინ დონბასის კრიზისის დროს, როდესაც რუსული არმიის ნაწილები უკრაინის საზღვართან ივნენ კონცენტრირებული და დღე-დღეზე მოსალოდნელი იყო მათი შეჭრა უკრაინაში. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ მზად იყო სამხედრო დახმარება აღმოეჩინა უკრაინისთვის. ეს კრიზისი მალევე განიმუხტა და ამის შემდეგ უკვე ღიად დაიწყო საუბარი ბაიდენი-პუტ ინის შეხვედრის აუცილებლობაზე.

მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, ბაიდენის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების გზები ჯერ კიდევ არსებობს.

თეთრი სახლის პრესმდივანის ჯენ ფსაკის ცნობით, პრეზიდენტები შეხვედრის მომზადება აქტიურად მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში ჟენევაში გაემგზავრება ეროვნული უსაფრთხოევის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, რომელიც იქ თავის რუს კოლეგას შეხვდება. ფსაკის თქმით, ბაიდენი შეხვედრის დროს აპირებს მიმართოს უკრაინასა და ბელორუსს.

„პრეზიდენტი ისაუბრებს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და გამოხატავს მხარდაჭერას ქვეყნის მიმართ, ის ასევე ბელორუსსაც მიმართავს," - ნათქვამია ჯენ ფსაიკის განცხადებაში.

საკითხზე, თუ რატომ დადგა ბაიდენის და პუტინის შეხვედრის აუცილებლობა და რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ქვეყნების ლიდერები, „რეზონანსს" პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია ესაუბრა.

„ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობა აირია და გაჩნდა ბევრი შეკითხვა, რადგან ბაიდენმა, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, სულ სხვა მიდგომა არიჩია. ის უარს აცხადებს მხარი დაუჭიროს რუსეთის სურვილებს და ამავე დროს ცდილობს გამონახოს საერთო ენა რუსეთთან. სწორედ ამ ძიებების პროცესისა და უთანხმოების გამო დადგა დღის წესრიგში შეხვედრის აუცილებლობა.

„მთავარი საკითხი შეხვედრაზე იქნება სწორედ ის, თუ როგორ უნდა დაალაგონ აშშ-მა და რუსეთმა ურთიერთობები. ამ ეტაპზე იკვეთება ის, რომ ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის სურვილი. ვფიქრობ, ისინი ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, რომელზეც შესაძლოა შეთანხმდნენ, ხოლო რაზე ვერ შეთანხმდებიან, ესეც გახდება უკვე შემდგომ ცნობილი," - ამბობს კორნელი კაკაჩია.

მისი აზრით, შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარების განმუხტვის მცდელობაც იქნება.

„ერთ-ერთი საკითხი ამ შეხვედრაზე იქნება უკრაინის საკითხიც. თუმცა ეს არ არის ერთადერთი საკითხი, იქ არის ასევე საკითხი ჰიბრიდული იარაღის შემცირებაზე, ჰაკერულ თავდასხმებზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ბაიდენი მხარს დაუჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, თუმცა მეეჭვება ისინი ამ მხრივ შეთანხმდნენ.

„ვფიქრობ, ბაიდენი ეცდება კომპომისის მონახვას, რათა რუსეთმა შეაჩეროს უკრაინის საზღვრებთან ესკალაცია," - ამბობს კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×