რეზონანსი
07.06.2021

აპრილის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოვიდა და მიმართვის მნიშვნელოვანი ნაწილი მისთვის ახლობელი დიქტატორების დაცვას დაუთმო: „იანუკოვიჩსა და ლუკაშენკოზე შესაძლებელია შენი აზრი გქონდეს, მაგრამ მათ გადასაგდებად აჯანყება არ უნდა მოაწყო. ეს ყველანაირ ზღვარს ცდება.“ პუტინმა აქცენტი დიქტატორების პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობის მცდელობაზე გააკეთა, თუმცა არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ, როდის ან რატომ ცდილობდა იანუკოვიჩის თუ ლუკაშენკოს თავიდან მოშორებას, ვერ მოიშველია. 

პირველ რიგში, რუსეთის პრეზიდენტს ავიწყდება რომ ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მსოფლიოს მოქალაქეებს ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა თანაბრად შეუძლიათ. დიქტატორებს, რომლებიც ადამიანებს თავისუფლებას უზღუდავენ, მშვიდად ვერავინ უყურებს. მართალია, აქაც პუტინი თავის მოქალაქეებს მხოლოდ აზრის ქონის უფლებას უტოვებს, მაგრამ სულ რომ მისი გამოთქმის საშუალებასაც აძლევდეს, ესეც ვერ იქნებოდა საკმარისი.

არავისთვისაა სიახლე, რომ საბჭოთა დაზვერვის წიაღში გამოზრდილი რუსეთის პრეზიდენტისთვის საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა არაორგანული და უცხოა. მაგრამ, პუტინის „აღშფოთება“ ზღვარგადასული ქცევითა თუ პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობებით,  ნამდვილად უცნაური და მინიმუმ უხერხულია. 

 1999 წლიდან მოყოლებული, პუტინის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“  უსასრულო სიად კი გადაიქცა, მაგრამ მოდით, ჩვენ მაინც გავიხსენოთ. პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი, რომან ცეპოვი 2004 წელს  „ეფ-ეს-ბეს“ ერთ-ერთ შენობაში ჩაის დალევის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმებმა ივარაუდეს, რომ ეს მოწამვლა იყო, თუმცა საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული. ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის აქტიური კრიტიკით გამოირჩეოდა, 2006 წელს მოსკოვის ცენტრში, თავის სადარბაზოში, ლიფტში იპოვეს მოკლული. ცხედართან ერთად პოლიციამ მაკაროვის ტიპის იარაღი აღმოაჩინა. გავრცელებული ვერსიით, პოლიტკოვსკაია დაკვეთით მოკლეს. დამკვეთის ვინაობა დღემდე არ დაუდგენიათ. 

„ეფ-ეს-ბეს“ ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წელს მოკლეს. მან რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი,  ლონდონის ერთ-ერთ  სასტუმროში დალია და რამდენიმე კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ მკვლელობა „სავარაუდოდ, ნებადართული იყო“ თავად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ. ბრიტანელი მოსამართლის, რობერტ ოუენის დასკვნის თანახმად, „დიდი ალბათობით“, ლიტვინენკო  რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით, რუსეთის მოქალაქეებმა დმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ მოკლეს. 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს, ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს. მას ტყვია ზურგში რამდენჯერმე ესროლეს. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ნემცოვი sobesednik.ru-სთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ  შესაძლებელი იყო, პუტინს ის თავიდან მოეშორებინა.  

 ორჯერ სცადეს ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა უმცროსის მოწამვლა. პირველად  2015 წელს, მეორედ კი, 2017 წელს. საწამლავის სახეობის დადგენა ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის სისხლში ძლიერი მეტალების მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.

2018 წლის 4 მარტს, სოლსბერიში, ნერვულ აგენტ „ნოვიჩოკ“-ით რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა კრემლი მკვლელობის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად 150-მდე რუსი დიპლომატი გააძევა. თავდასხმის შემსრულებლებად რუსი ჯაშუშები ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი მიიჩნევიან. საინტერესოა, რომ გერმანიის გენერალური პროკურატურის აზრით, 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკანაც რუსული სპეცსამსახურები დგანან. უფრო მეტიც, საქმეში პეტროვის და ბოშიროვის გვარებმაც გაიჟღერა. 

 2018 წლის 11 სექტემბერს, მოსკოვის საავადმყოფოში, ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომებით პანკჯგუფ Pussy Riot-ის აქტივისტი,  პიოტრ ვერზილოვი გადაიყვანეს. ვერზილოვს და ჩამოთვლილ დანარჩენ ადამიანებსაც ერთი რამ აერთიანებთ- ისინი ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდნენ.  გერმანელი ექიმების აზრით, ვერზილოვი მოწამლეს, თუმცა კონკრეტული ნივთიერების დადგენა ვერ მოხერხდა. მსხვერპლის მეუღლე ფიქრობდა, რომ სავარაუდოდ ვერზილოვის მოწამვლა  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში  ჟურნალისტების მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდა. ეს ჟურნალისტები კრემლთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანია  „ვაგნერის“ საქმიანობის გამოსაძიებლად აფრიკაში ჩავიდნენ, მაგრამ თავდასხმას ემსხვერპლნენ. ვერზილოვიკი მათი მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად ადგილზე გამგზავრებას გეგმავდა. პუტინის პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობების უკანასკნელი სამიზნე ალექსეი ნავალნი აღმოჩნდა, რომელიც რუსეთში მოწამლეს. ნავალნი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა ახლა კრემლის რეჟიმის უკანონო ტყვეა.  

ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობებით აღშფოთება რომ დაასრულა, პუტინი რუსეთის თავმდაბლობაზე გადავიდა: „ჩვენ ყოველთვის ძალიან თავშეკავებულად ვმოქმედებთ, მეტიც თავმდაბლობით გამოვირჩევით და ამას ირონიის გარეშე ვამბობ. ხშირად, არა მხოლოდ არამეგობრულ ნაბიჯებზე, უტიფარ მოპყრობაზეც კი პასუხისგან თავს ვიკავებთ. ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილესთან კარგი ურთიერთობა გვსურს, მაგრამ ვხედავთ რა ხდება რეალურ ცხოვრებაში, მათ რუსეთი უმიზეზოდ ამოიჩემეს.“  

 საინტერესოა, ნუთუ სწორედ ეს  „თავმდაბლობა“ გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) საიდუმლო დანაყოფ 29155-ს შექმნის მიზეზიც? როგორც ვიცით, ეს  დანაყოფი სავარაუდოდ, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ შეიქმნა. მისი კვალი მონტენეგროში გადატრიალების მცდელობაში, ბულგარელი იარაღის მწარმოებლის ემილიენ გებრევის მოწამვლასა და მოლდოვაში არეულობის მოწყობაშიც იკვეთება.  ეს დანაყოფია 2018 წელს დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში რომაა  გარეული. უფრო მეტიც, გასულ წელს, კვლავ ეს დანაყოფი იყო, ავღანეთში, „თალიბანთან” დაკავშირებულ ჯგუფებს, საერთაშორისო კოალიციურ ძალებზე თავდასხმისთვის,   საიდუმლოდ თანხას რომ სთავაზობდა. ფაქტიურად, რუსული დაზვერვა ტერორისტებს აფინანსებდა. ამ „თავმდაბალი“ დანაყოფის ზოგი წევრი საბჭოთა კავშირის დროიდან მუშაობს და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. სხვათა შორის, გასულ წელს, დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა ამ უწყებას დაქვემდებარებული ჰაკერები კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპარვაში დაადანაშაულა. ასეთია რუსული „თავმდაბლობა“, დასავლეთმა კი პუტინის აზრით კრემლი არაფრის გამო ამოიჩემა. მომწამვლელ ჩაიზე საავტორო უფლებების მფლობელი რუსეთის პრეზიდენტი მეგობარ დიქტატორებზე დარდობს, მისი „თავმდაბალი“ ქვეყნის ჯაშუშებს კი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ერთმანეთის მიყოლებით აძევებენ.  თუმცა, როგორც იტყვიან, Умом Россию не понять. 

თეა კუჩუბერია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×