„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის აზრი ისაა, რომ იზოლაციაში მოექცია და გეოპოლიტიკური წონა გამოეცალა უკრაინისთვის - რუსეთმა ამას მიაღწია”
თამთა ჩაჩანიძე
21.07.2021

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება იმ ქვეყნების ზურგს უკან არ შეიძლება, რომლებსაც ეს პროექტი რეალურ საფრთხეს უქმნის. მანამდე კი, ამერიკულმა მედიამ დაწერა, რომ აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ანალიტიკოსების აზრით, ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული და უკრაინას ნებით თუ უნებლიედ- თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა განაგრძობს „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის განხორციელების წინააღმდეგ ქმედებებს.

„უკრაინა სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სიგნალს იღებს და ასევე სხვადასხვა დონეზე მუშაობას განვაგრძობთ, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის განხორციელება არ დავუშვათ", - აღნიშნა მიხეილ პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2" პოლიტიკური და პროპაგანდისტულ-ლობისტური პროექტია, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელობა იარაღად იყენებს უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ: „არ შეიძლება „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება იმ ქვეყნების ზურგს უკან, რომლებსაც ეს პროექტი რეალურ საფრთხეს უქმნის".

გაზეთმა „ვოლ სთრით ჟურნალმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. არსებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმების მიღწევას 21 ივლისს გამოაცხადებენ.

ანალიტიკური გამოცემა „პოლიტიკო" კი წერს, რომ აშშ ცდილობს უკრაინის ხელისუფლება დაითანხმოს, რათა კიევმა რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის კრიტიკა შეწყიტოს.

როგორც „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ით ყველაზე მეტად უკრაინა დაზარალდა, ამერიკის ამ პროექტზე თანხმობა კი რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული.

„არის მოსაზრება, რომ რეალურად ამ შეთანხმებით ვინც იზარალა, ესაა უკრაინა, „ჩრდილოეთ ნაკადი 2"- ის აზრი სწორედ ის იყო, რომ ის იზოლაციაში მოექცია და ფაქტიურად გეოპოლიტიკური წონა გამოეცალა უკრაინისთვის. ყველაზე ცუდი ისაა, რომ რუსეთმა ამას მიაღწია და რაც ყველაზე მთავარია, უკრაინელები არ ელოდნენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკის ფონზე ამას დათანხმდებოდა.

„მაგრამ ეს სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული, პირველი მიზეზი ისაა, რომ როგორც გვახსოვს, ტრამპის პირობებში ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ძალიან დაიძაბა და ბაიდენის ერთ-ერთი მიზანი კი არის, რომ ეს გამოასწოროს და როგორც ძველად იყო, რომ ერთიანი დასავლეთის გაძლიერება მოხდეს.

„ბაიდენს ამისთვის გარკვეული კონსენსუსის მონახვა სჭირდებოდა გერმანიასთან, ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა აშშ-ის ურთიერთობა იძაბება არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ჩინეთთანაც. ამ კონტექსტში კი ბაიდენის ადმინისტრაციას ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება.

„ამ ფონზე ის ამ დათმობაზე წავიდა და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს. ამის თაობაზე ალბათ უმჯობესი იქნებოდა, რომ უკრაინისთვის და მათ ლიდერებისთვის შეეტყობინებინათ და შემდეგ მომხდარიყო, მაგრამ ამერიკამ მაინც თავისი და მისი მოკავშირეების ინტერესები დააყენა წინ. ეს ხშირად ხდება ხოლმე, რომ დიდი სახელმწიფოები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მცირე სახელიწიფოების ინტერესებს ყურადღებას მაინცდამაინც არ აქცევენ ხოლმე" - განაცხადა კაკაჩიამ.

კითხვაზე, ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის დასრულების შემდეგ როგორ შეიძლება ამ მხრივ უკრაინამ საკუთარი პოტენციალის რეაბილიტაცია მოახდინოს, კაკაჩიამ განაცხადა: „ეს ცოტა რთული საკითხია, მაგრამ უკრაინა უნდა ეცადოს, რომ საკუთარი პოლიტიკური პროექტი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით უფრო უნდა იაქტიუროს და ეს სიტუაცია, რომლიც მის გარშემო განვითარდა, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ამიტომაც არის, რომ ზელენსკი ასეთ მკვახე განცხადებებს აკეთებს, რომ მას უნდა სამაგიეროდ რაღაც მიიღოს.

„ჯერჯერობით კონკრეტული რაღაც არ ჩანს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ნორმანდიის ფორმატი გააქტიურდეს, იქ კონფლიქტის მოწესრიგება მოხდეს," - განაცხადა კაკაჩიამ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკის კურსი არათანმიმდმევრული აღმოჩნდა, რასაც უკრაინის საყვედურის სახით ახლა იმკის.

„ზელენსკისა და ბაიდენის დაპირისპირება არახალია, ეს მოდის ამერიკის არჩევნების მერე, როცა ზელენსკი უნებლიედ თუ ნებით ტრამპის მხარეზე აღმოჩნდა, ბაიდენს ზელენსკის მიმართ ცოტა პირადი ანტიპატიური დამოკიდებულება ჰქონდა, ეს თავისთავად ცხადია ამ კუთხით მნიშვნელოვანი თემაა, სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო ბაიდენი უკრაინის მიმართ უფრო მეტ აქტიურობას გამოიჩენდა. დიდ პოლიტიკაში მნიშვნელობა ყველაფერს ენიჭება, მათ შორის პესრონალურ ურთიერთობებსაც.

„შესაძლოა პირდაპირ ითქვას, რომ ბაიდენის პოლიტიკური კურსი არათანმიმდევრული იყო, როგორც ჩანს ამ პოლიტიკის შედეგებს ახლა ბაიდენის ადმინისტრაცია იმკის, უკრაინის საყვედური ერთ-ერთი მომკული შედეგია. ამერიკამ ევროპელი მოკავშირეების დაყოლიება ვერ შეძლო, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2" ჩაეშალა.

„მეორე მომენტი ისაა, რომ ბაიდენმა უკრაინის დახმარების პაკეტი ცოტა შეამცირა, ესეც ერთგვარად საინტერესოა, მესამე, ის რომ ბაიდენმა კრიტიკა გამოთქვა ზელენსკის მიმართ, რომ მან ოლიგარქების აღკვეთა ვერ შეძლო და ეს ნატოს სამიტის დეკლარაციაშიც საკმაოდ მკაფიოდ დაფისირდა. ამ დეკლარაციაში საქართველოს უფრო დადებითი კონტექსტი ჰქონდა. უკრაინას რუსეთის დაპრესვა როგორც უნდოდა, გარკვეული მიზეზების გამო ამერიკამ ვერ შეძლო."- განაცხადა მან.

ექსპერტი ამბობს, რომ ასეთ მომენტში ამერიკას უკრაინის სატრანზიტო პოტენციალის აწევა შეუძლია.

„ჩრდილოეთ ნაკადი" 2-ის კუთხით 65 მილიარდი კუბამეტრი გაზი უნდა იქნას გადაქაჩული, უკრაინის გავლით როგორც ვიცი 90 მილიარდი კუბამეტრი გადის, რა თქმა უნდა პოტენციალს სერიოზულად შეამცირებს, თან რუსეთი „სამხრეთ ნაკადის" მიმართულებითაც მუშაობს, საიდანაც თუ არ ვცდები 16 მილიარდი კუბამეტრი გაზი მიდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ ორივე ნაკადი უკრაინას სატრანზიტო ლობის უნარს უკარგავს.

„ამეიკული გაზის ტრანსპორტირება შეიძლება, თუ ამერიკული გაზი უკრაინის პორტებში მოვიდა და მისი ბუნებრივ აირში გადაყვანა და ევროპაში მისი ტრანსპორტირება მოხდა, ეს კი ბატონო,ამ კუთხის ამერიკას უკრაინის სატრანზიტო პოტენციალის ელემენტი ცოტა ასწიოს.

„თან მისნკი 2-ის ფორმატში დაბრუნება, რაც ბაიდენმა უთხრა, უკრაინას არ აწყობს, უკრაინას სურდა, რომ მინსკის ფორმატი გაეუქმებინა, ამ დროს ამერიკა აიძულებს, რომ ამ ფორმატის მიხედვით იყოს წარმოდგენილი. აქ უკვე ბუნებრივად კითხვები ჩნდება, ახლა ამერიკას უკრაინისა და შესაძლოა საქართველოს საკითხი ნაკლებად აინტერესებს, რადგან მისთვის მთავარია ავღანეთის თემაა და ირანის ბირთვული პროგრამა და არქტიკის პრობლემა, რაც პუტინთან მოლაპარაკებისას წარმოაჩინა," - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×