რეზონანსი
15.12.2021

ევროსაბჭომ “ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. შეზღუდვები ,,ვაგნერთან“ ერთად რვა ინდივიდუალურ პირსა და სამ ინსტიტუციას შეეხება. ფიზიკურ პირებსა და ინსტიტუციებს ევროკავშირი აქტივებს გაუყინავს. გარდა ამისა, სიაში მყოფ ინდივიდებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება აეკრძალებათ.

,,ვაგნერი ქირაობდა, წვრთნიდა და აგზავნიდა კერძო სამხედრო ოპერატორებს კონფლიქტის ზონებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალადობის წასახალისებლად, ბუნებრივი რესურსების გაძარცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კანონის დარღვევით“, - აღნიშნულია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ვაგნერი“ პეტერბურგელი ბიზნესმენისა და “პუტინის მზარეულის”, რუსი ოლიგარქის  ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო დაჯგუფებაა. „ვაგნერის“ წევრები  დონბასის საბრძოლო და საოკუპაციო მოქმედებებშიც იღებდნენ მონაწილეობას. ვლადიმირ პუტინი დაჯგუფებასთან კავშირს უარყოფს, თუმცა ყველამ იცის, რომ ჯგუფის ლიდერი დიმიტრი უტკინია, რომელიც რუსეთის სპეცრაზმსა და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მსახურობდა. 2016 წლის 9 დეკემბერს, კრემლში „სამშობლოს გმირების დღესთან“ დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, უტკინმა პუტინთან ერთად ფოტოც კი გადაიღო. უტკინი ნაცისტური იდეოლოგიის ერთგულებით არის ცნობილი, რის დემონსტირებასაც სხეულზე გამოსახული ფაშისტური სიმბოლოებით დაუფარავად ახდენს.  საინტერესოა, რომ „ვაგნერის“ წევრები წვრთნებს კრასნოდარში, მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე გადიან. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც.  

 ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფების ოპერაციების შესახებ არაფერი სმენია, მაგრამ მებრძოლებს ორდენებით აჯილდოვებს. 2015 წლის იანვარში, დონბასში დაღუპული „ვაგნერის“ ორი წევრი, ანდრეი ელმეევი და ანდრეი შრეინერი, სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ. „ვაგნერის“ წევრები რუსული სამხედრო ძალების ტრანსპორტით, საწვრთნელი ბაზებით და სამხედრო საავადმყოფოებით სარგებლობენ.

 „ვაგნერი“ ლიბიის, სირიის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და სუდანის კონფლიქტებშია ჩართული. 2018 წელს ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო  ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას შეეცადნენ, თუმცა ისინი ჟურნალისტური გამოძიების დროს  მოკლეს და საქმე ჯერაც არავის გამოუძიებია. 

ანა ქადარია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×