თეონა ვეშაგური
17.12.2021

რუსეთის აგრესიის პირობებში, გეოპოლოიტიკური პროცესები სულ უფრო იძაბება, უკრაინა-რუსეთის ომის საფრთხის კონტექსტში ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ მოსკოვი ასეთ შემთხვევაში მაღალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, კრემლი კი ევროპარლამენტის მიერ დაწესებულ სანქციებს ტრადიციულად უკანონოდ მიიჩნევს. როგორც საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დასავლეთს ულტიმატუმებს უყენებს, ის მაინც ცდილობს, რომ სიფრთხილე გამოიჩინოს.

„ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ევროპარლამენტის მხრიდან გადაიდგა, რუსეთის მხრიდან ღია აგრესიას ასუსტებს, თუმცა ეს ფარულ მოქმედებებს არ გამორიცხავს, რომელიც შესაძლოა რუსეთმა განახორციელოს.

„აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქმედებებმა ღია აგრესიის საფრთხე თავიდან აგვაცილა. ვფიქრობ, თუ კრემლის მიმართ სანქციები და სხვა შემაკავებელი ღონისძიებები კიდევ უფრო გაძლიერდება, რუსეთის აგრესიული ქმედებები მეტად დაიკლებს. რაც უფრო ერთიანი იქნება დასავლეთი, პუტინის აგრესიული პოლიტიკა მით მეტად იქნება შეკავებული",-განაცხადა ფხალაძემ

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების გაძლიერებითა და აგრესიული რიტორიკით გამოწვეული დაძაბულობის დეესკალაციის აუცილებლობას. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასის გადახდა მოჰყვება, მათ შორის შემზღუდავი ზომები, რომელიც პარტნიორებთან ერთად იქნება კოორდინირებული. ევროპული საბჭო მხარს უჭერს დიპლომატიურ ძალისხმევასა და ნორმანდიულ ფორმატს, რათა მინსკის შეთანხმებები სრულად განხორციელდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე აღსანიშნნავია, რომ ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 548 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 69 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 54-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა. ისინი გმობენ უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო აქტიურობას და რუსეთის მთავრობისგან თავისი ძალების სასწრაფოდ გაყვანასა და მეზობელი ქვეყნის მიმართ მუქარის შეწყვეტას მოითხოვს.

ევროპარლამენტარების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო აქტიურობა საფრთხეს წარმოადგენს ევროპაში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, ის ასევე ინსტრუმენტია უკრაინის ხარჯზე დასავლეთისგან პოლიტიკური დათმობების მოსაპოვებლად.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყნის არჩევანი მესამე ქვეყნის თანხმობის საგანი არ უნდა გახდეს და ამიტომ ევროპარლამენტი უარს ამბობს რუსეთის მცდელობაზე ზოგიერთი ქვეყანა თავისი გავლენის სფეროში ჩართოს.

„ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რუსეთს მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება არა მხოლოდ მიუღებელი იქნება, არამედ მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასის გადახდა მოჰყვება. ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, სწრაფად შეათანხმონ მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, რათა უშუალო საფრთხეები დაუყოვნებლივ აღმოფხვრან", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტში აღინიშნა, რომ სანქციები ასევე უნდა მოიცავდეს ფინანსური და ფიზიკური აქტივების გაყინვას ევროკავშირში, მოგზაურობის აკრძალვებსა და რუსეთის SWIFT-ის გადახდის სისტემიდან გარიცხვას.

საყურადღებოა ისიც, რომ კრემლი ევროპარლამენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საერთაშორისო თვალსაზრისით უკანონოდ მიიჩნევს.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის უკანონო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით და, რაც მთავარია, სანქციებს არასოდეს მოჰყოლია მსგავსი სანქციების ინიციატორების მიერ დასახული მიზნების მიღწევა ", - განაცხადა პესკოვმა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×