თამთა ჩაჩანიძე
16.01.2022

რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე მდგომ უკრაინაში ახალი პოლიტიკური კირიზისი იწყება. ქვეყნის ექს-პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელზეც დაპატიმრების სანქციაა გაცემული, ორშაბათს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ანალიტიკოსთა შეფასებით, შესაძლოა უკრაინაშიც იგივე სცენარი განმეორდეს, რაც საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით მოხდა, თუმცა ერთი განსხვავებით - პოროშენკოს უკრაინაშ უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე სააკაშვილს საქართველოში. შესაბამისად, ანალიტიკოსთა ნაწილი უახლოეს პერიოდში უკრაინაშ ვადამდელ არჩევნებსა და ხელისუფლების შეცვლასაც არ გამორიცხავს.

პოროშენკომ ვარშავიდან უკრაინაში დაბრუნების კონკრეტული თარიღი საკუთარ „ფეისბუქზე" გამოაქვეყნა, წერს, რომ მას პრეზიდენტ ზელენსკის „ნამდვილად არ ეშინია", თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავდა მის დასაშინებლად. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ უკრაინაში იმ მიზნით ბრუნდება, რომ „უკრაინა დაიცვას რუსეთის აგრესიისგან".

წინა კვირას კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა. აღნიშნულის შესახებ პეტრო პოროშენკოს ადვოკატმა იგორ გოლოვინმა განაცხადა.

როგორც „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, უკრაინაში საკუთარი ინტერესებისთვის ხუთი გავლენის ცენტრი იბრძვის და რომლის უკან ვინ დგას, ახლა ამის გარკვევა რთულია. ამბობს, რომ პოროშენკოს დაბრუნებით შესაძლოა იგივე სცენარი განმეორდეს, რაც ცოტა ხნის წინ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლით მოხდა, თუმცა პოროშენკო ხალხის გამოყვანას შეძლებს და თავსაც გაითავიუფლებს.

„პოროშენკო ახლა თავის თამაშს თამაშობს. როგორც ჩანს, თუ იგი მაინც და მაინც დასავლეთიდან არ იმართება, გარკვეულ დასავლელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობები მაინც აქვს. შესაძლოა დასავლეთს სურს, რომ თუ ზელენსკის ხელისუფლება საბოლოოდ რეიტინგს დაკარგავს, პოროშენკო გამოიყენოს როგორც სარეზერვო ვარიანტი.

„არ მგონია, რომ პოროშენკო დაიჭირონ. ვფიქრობ, რომ მას საშინაო პატიმრობაში გაუშვებენ, რადგან მას პოლიტიკური პარტია ჰყავს, რომელიც რეიტინგით მესამე ადგილზეა. არაა გამორიცხული, რომ ზუსტად იგივე სცენარი განვითარდეს, რაც საქართველოში საკაშვილის ჩამოსვლას მოჰყვა - მანიფესტაციები და დემონსტრაციები დაიწყოს. ახლა პოროშერნკო უფრო წამებულის მანტიით იქნება შემოსილი და მისი რეიტინგი აიწევს.

„ზელენსკის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა და მისი პარტიაც ფაქტიურად გავლენას კარგავს, რადგან ახალი პოლიტიკური პარტია იქმნება, სადაც ზელენსკის ყოფილი თანაგუნდელები - რაზუმკოვი, ავაკოვი და სხვები შედიან, რომელიც უფრო ოლიგარქების მიერაა მართული.

„უკრაინაში ახლა ძალიან რთული სიტუაციაა, ისეთი, რომ ვერ გაარკვევ რა კომბინაციები ხორციელდება და თან საკმაოდ მწვავე პოლიტიკური კრიზისია. აღნიშნულ კრიზისს რუსეთი რომ გამოიყენებს, ამაში ორი აზრი არაა. თუმცა არ მგონია, რომ პოროშენკო მოსკოვიდან იყოს მართული, ზელენსკის ეს განცხადებები უფრო პოპულისტური მგონია. პოროშენკო ვა-ბანკზე მიდის და ცდილობს, რომ თვითშეწირვის ვარიანტში რეიტინგი გაზარდოს და თუ ვადამდელი არჩევრები ჩატარდება, სიტუაცა ხელში ჩაიგდოს.

„სააკაშვილისგან განსხვავებით, პოროშენკოს მეტი შანსები აქვს, რომ ხალხი გამოიყვანოს და თავიც გაითავისუფლოს. ის დიქტატორი არ იყო და მის მიმართ უკრაინის მოსახლეობის დამოკიდებულება ცუდი არაა. როგორც ჩანს, ის ვაშინგტონშიც იყო და ევროპაშიც ევროპარამენტარებს შეხვდა, სადაც მხარდაჭერა მიიღო, რადგან ატყობენ, რომ ზელენსკის მთავრობა ძალიან სუსტია," -განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

კითხვაზე, თუ პოროშენკომ დასავლეთის მხარდაჭერა მიიღო და თან ამბობს, რომ ზელენსკისთვის მისი დაბრუნება „ცუდი სიახლეა", დასავლეთს რამდენად უნდა აწყობდეს დღეს მსგავსი სცენარი რუსეთთან მოლაპარაკებების ფონზე, მაისაიამ განაცხადა, რომ უკრაიანაშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ამბიციებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ქვეყნის საგარეო კურსს და პოროშენკოც მათ შორისაა.

„უკრაინის თემაზე უფრო ბრიტანეთი და ამერიკა აქტიურობენ, ვიდრე ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც უკრაინას საერთოდაც ვერ იტანენ, მაგალითად უნგრეთი. არ მგონია, რომ ამერიკას უკრაინაში არეულობა და გამოსვლები აწყობდეს, თუმცა უკრაინაშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ამბიციებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ქვეყნის საგარეო და სხვა პოლიტიკურ კურსს, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშებია.

„ოლიგაქრებმა უკვე დაიწყეს თამაში. ხუთი გავლენის ცენტრია, რომელიც თავის ინტერესებისთის იბრძვის: ზელენსკი, პოროშენკო, ვიქტორ მედვედჩუკი და მისი პრორუსული გაერთიანება, მეოთხე - ოლიგარქების მიერ მართული ვიქტორ რაზუმკოვი და მისი ახალი პოლიტიკური პარტია, მეხუთე ცენტრი არის თურქული ერდოღანის მიმართულება.

„თურქეთი დღეს თითქოს უკრაინის მხარდამჭერია, მაგრამ პუტინმა შესაძლოა ეს ქვეყანაც თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ამ ხუთი ცენტრიდან რომელი ითამაშებს საკუთარი ინტერესებისთვის, რომელი იქნება მართული და ვის უკან ვინ იდგება, ეს მალე გამოჩნდება. პოროშენკო რამდენად შეძლებს, რომ ანგლოსაქსური დროშა აიტაცოს და ზელენსკი შეცვალოს, თუნდაც გადატრიალების თუ ახალი ფერადი რევოლუციის კუთხით, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×