რეზონანსი
07.07.2022

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, კლინიკა „იმედის“ წინააღმდეგ, გათავისუფლებული რეანიმატოლოგის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. კლინიკას ექიმისთვის კომპენსაციის სახით 114 ათას ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. სასამართლოს გადაწყვეტილების მოსასმენად, პროცესზე, არც ერთი მხარე არ იმყოფებოდა.

მოსამართლე, მაია ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი აფციაურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი კლინიკა იმედის 1–ელი ივლისის ბრძანება გიორგი აფციაურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. რეანიმატოლოგის სამსახურის აღდგენის ნაწილში კი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

„კლინიკა "იმედს", გიორგი აფციაურის სასარგებლოდ, სამსახურში აღდგენის ნაცვლად, კომპენსაციის სახით 16 161,56 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება დაეკისროს. ასევე, კლინიკას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 1–ელი ივლისიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად 8080 ლარის და 56 თეთრის ოდენობით“,–განაცხადა მოსამართლე, მაია ჯავახიშვილმა.

გიორგი აფციაურის სასარგებლოდ, კლინიკა „იმედს“ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 1000 ლარის ანაზღაურებაც. თავის მხრივ გიორგი აფციაურს კი კლინიკა „იმედის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. 

აპირებს თუ არა კლინიკა „იმედი“ სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას–ამ ეტაპზე უცნობია. კლინიკის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

გიორგი აფციაური ახალციხის კლინიკა „იმედიდან“ 2021 წლის 30 ივნისს, გაათავისუფლეს.

კლინიკიდან გაათავისუფლეს ვიოლეტა ინასარიძეც. ორივე გათავისუფლებული ექიმი ამბობს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება უსამართლოა. გიორგი აფციაურის განცხადებით, მას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება პირველ ივლისს ჩაბარდა. ორივე მათგანის მოთხოვნა სამსახურში სამსახურში აღდგენა და განაცდური საათების ანაზღაურება იყო. საპირისპიროს ამტკიცებდნენ კლინიკის წარმომადგენლები. მათი თქმით, ექიმებმა არაერთხელ დაარღვიეს შინაგანაწესი, რაზეც მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დღეს, 6 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ექიმების სასარჩელო მოთხოვნა, გარდა სამსახურში აღდგენის ნაწილისა–დააკამყოფილა.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი მეგი ბაქრაძე კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×