რეზონანსი
15.03.2023

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და თავისი გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ აჟიოტაჟს ეხმიანება.

"რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩვენი ფონდის მიერ მარო მაყაშვილის სტიპენდიის დაწესებით და რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით ქართველი გმირის სახელი კნინდება.

კარგი, მოგიყვებით ჯერ რა გავაკეთეთ ჩვენ მარო მაყაშვილის სახელის ,,დასაკნინებლად", იმის ხაზგაუსმელად რას აკეთებენ სხვები.

1) ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ კორპუსში გავხსენით მარო მაყაშვილის ბაღი.

2) ფოტოების უმრავლესობა, რომელსაც თქვენ იყენებთ მაროსას, ჩვენი რესტრავრირებული და გაციფრებულია.

3) ვაწყობთ საჯარო ლექციებს ქართულ სოფლებში მარო მაყაშვილზე და ქართველ იუნკრებზე.

4) მაროს მამის, კოტე მაყაშვილის ლექსი საკუთარ შვილზე წარვადგინეთ ქართულის სახელმძღვანელოებში შესატანად.

5) ამ სტიპენდიას ვანიჭებთ სხვადასხვა აზრით გამორჩეულ ახალგაზრდებს - იმ ლოგიკით, რომ ვინმემ სრულად უნდა გაიმეოროს მაროს გზა ტრაგიკული აღსასრულით, იმედია არავისთვის მინიჭება არ დაგვჭირდება. ჩვენ მათ გმირობას არ ვანიჭებთ - საქციელს ან სწავლას ვუქებთ და ვეხმარებით.

აქამდე დავაარსეთ ანწუხელიძის და დათა პაპას სახელობის სტიპენდიები. მარო მაყაშვილის სტიპენდია კი ორ საქმეს გააკეთებს - ერთი, რომ ახალგაზრდებს წაახალისებს და მეორე - ამ თაობას, რომელთაგანც ზოგიერთმა შეიძლება არც იცის ან ცოტა იცის ქართველ გმირზე, დააფიქრებს ან შეახსენებს მის ღვაწლს.

თუ ფონდის სახელია გამაღიზიანებელი - გურული დღიურები - ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, რეორგანიზაცია რთული საქმეა და თავის დროზე იმიტომაც დაერქვა, რომ გურულები შევიკრიბეთ, ჩემი წიგნებიდან ჰონორარს სრულად აქ ვრიცხავდი და ჩემი ხელფასისაც. ასობით მოსწავლეს და სტუდენტს გავუმართეთ ხელი. ახლა ერთი შშმ გოგოსთვის გვინდა მაროს სტიპენდიის დანიშვნა, რომელიც უნივერსიტეტში ვერ დადის სოფელ დიციდან, ოკუპაციის გამყოფი ხაზიდან და ეგებ ამ საქმეში დაგვეხმაროთ და პარალელურად ფილოსოფიურად გვაკრიტიკოთ, ეგ პრობლემა არ არის.

p.s. აქვე გთხოვთ, რომ ნურავის ლანძღვას ნუ დაუწყებთ, პატივსაცემი სარკასტულად არ დამიწერია, ზოგი მათგან მართლა პატივსაცემია." - წერს გიორგი კეკელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×