რეზონანსი
19.04.2024

გვახსოვს კელი დეგნანის განცხადებები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ კანონპროექტის შემობრუნების მიზანია, არჩევნებზე საერთაშორისო მისიები არ დაუშვას.

„ყოფილი ელჩის დამოკიდებულება გვახსოვს, ასევე განცხადებები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას. ელჩისგან ამ ტიპის განცხადებები გასაოცარი იყო. ის აგრძელებს ამ განცხადებებს, რომელიც ყველაფერს არის აცდენილი.

რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭირვალობა. ერთადერთი, რასაც მოითხოვს ეს კანონპროექტი, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი. ეს ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, გამჭირვალობა ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ევროპასთან ინტეგრაციას", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიზანია, ხელისუფლებამ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას.

"ვფიქრობ, ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ, რომ არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებით. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს", - აღნიშნა დეგნანმა, რომლის განცხადების თარგმანს „ფორმულა" ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×