ელზა პაპოშვილი
20.03.2024

რუსეთში მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა. უკრაინელების ბელგოროდზე გახშირებული იერიშების გამო, ქალაქს დაახლოებით 9000 ბავშვი დატოვებს და მათ სხვა რეგიონებში გადაანაწილებენ. უკრაინის მოსაზღვრე ქალაქში თითქმის მთლიანად შეჩერებულია სასწავლო პროცესი, დაიხურა სავაჭრო ცენტრები.

ომის დაწყების დღიდან ყველაზე დიდი ევაკუაცია 22 მარტს არის დაგეგმილი, თუმცა თარიღი შეიძლება შეიცვალოს, რადგან უკრაინულ-რუსული დივერსიული ჯგუფები ბელგოროდის ოლქზე შეტევებს აგრძელებენ.

მხოლოდ მიმდინარე კვირაში, უკრაინელების შეტევების შედეგად, მოსაზღვრე რეგიონში 16-ზე მეტი დაღუპული და 98 დაჭრილია.   

ამის პარალელურად კი რუსები უკრაინაზე თავდასხმებს არ წყვეტენ. რუსებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ხელმძღვანელი რომან მროჩკო ავრცელებს.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო დროს ხერსონის ცენტრალური ნაწილის დაბომბვის შედეგად 51 წლის ქალი დაშავდა," - ნათქვამია განცხადებაში.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს. ქალმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა.

Ukrinform-ის ცნობით, რუსები ასევე, ხერსონის თემში თავს დაესხნენ მანქანებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა, შედეგად ორი კაცი დაიღუპა.  

Sky News ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაახლოებით 2000 ნეპალელი მამაკაცი დაიქირავა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად. 

ეს მაჩვენებელი ეფუძნება დაბრუნებული ჯარისკაცების ჩვენებებს და რუსეთის მიგრაციის სამსახურის მონაცემებს, ის ასევე შეადარეს იმ აქტივისტების მიერ მიწოდებულ შეფასებებს, რომლებიც მხარს უჭერენ ნეპალელთა ოჯახებს, რომლებიც ჯერ კიდევ მსახურობენ ან მოკლეს.

Sky News ესაუბრა 35 წლის ნეპალელს, სახელად განეშს, რომელმაც ოთხთვენახევარი გაატარა დონეცკში ბრძოლაში, სანამ სახლში დაბრუნდებოდა. ის ამბობს, რომ ნეპალელებს "ძაღლებივით ეპყრობოდნენ". 

მისი თქმით, ჯარისკაცები ორი კვირით მიჰყავდათ ავანგარდის სასწავლო ცენტრში, სამხედრო აკადემიაში მოსკოვის გარეთ. ტრენინგის შემდეგ, ის ამბობს, რომ მკვეთრად შეიცვალა უცხოელი დაქირავებულების მიმართ მოპყრობა, მოულოდნელად მოხვდნენ კონფლიქტში ძალიან მცირე მხარდაჭერით. 

"საჭმელი არ გვქონდა და რუსები გვცემდნენ", - ყვება ის და ამბობს, რომ ნეპალელი კაცები იყვნენ ქვემეხის საკვები ომში და რომ რუსი ჯარისკაცები ფრონტზე მათ უკან იყვნენ. Reuters-ის ცნობით, ამჟამად ნეპალის 100 მოქალაქე დაკარგულად ითვლება.

ახლა ნეპალელებისთვის უკვე უკანონოა დაქირავებულ სამხედროებად ბრძოლა, მათ შორის რუსეთში. მიმდინარე წლის იანვარში მთავრობამ მოქალაქეებს აუკრაძალა სამუშაოდ რუსეთში ან უკრაინაში გამგზავრება და მოსკოვს სთხოვა ყველა ნეპალელის რეპატრიაცია, რომლებიც დაქირავებულნი იყვნენ. პოლიციამ დაიწყო აგენტებთანაც ბრძოლა.     

გერმანიის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი-20“) შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ უკრაინის დამარცხებას:

"დღეს ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. ეს კოალიცია არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. თავისუფალი სამყარო  არ დაუშვებს უკრაინას დამარცხებას", - ხაზგასმით აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, გასულ კვირას, შეერთებული შტატების მიერ, უკრაინისთვის 300 მილიონიანი სამხედრო დახმარება არის 

გადაუდებელი ღონისძიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების ყველაზე მწვავე საჭიროებების მხარდასაჭერად.    

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან“ მიიჩნეევს, რომ ამ რეიდის ერთ-ერთი მიზანი  რუსეთში 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არასტაბილურობის და ერთგვარი დაუცველობის ეფექტი შექმნა იყო.      

„უკრაინას როგორც ჩანს ახალი სტრატეგია აქვს და ეს არის ფრონტის ხაზის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა. შესაძლოა ჯერ ვერ ვთქვათ, რომ უკრაინისთვის სრულიად წარმატებული იყო ეს  შეტევა, თუმცა, ის ფაქტი, რომ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა, ეს უკვე გარკვეულ წარმატებას ნიშნავს. ამიტომ მგონია, რომ ასეთი შეტევები კიდევ იქნება. 

„ამ რეიდის ერთ-ერთი მიზანია, რომ რუსეთში არჩევნების წინ არასტაბილურობის და დაუცველობის შეგრძნება გაუჩნდეთ მოქალაქეებს. ეს იყო  ფსიქოლოგიური ზეწოლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მაგრამ, ამის გარდა, სხვა მიზანიც ექნებათ უკრაინელებს. ისინი რუსეთს არ მისცემენ სულის მოთქმის და თავისი წარმატებების განვითარებისთვის საშუალებას. მე არ გამოვრიცხავ, რომ საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს“,-ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით,  ვხედავთ დარტყმებს რუსეთის სიღრმეში, მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე იწვის რომელიღაცა ქარხანა ან ნავთობისა და ბენზინის საცავი. რუსეთს თავისი ტერიტორიების ერთნაირად დაცვა არ შეუძლიათ.  გენრელის თქმით, კრემლი ახლა კონცენტრირებულია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეტევაზე, ამიტომ ძალიან კარგი ტაქტიკური ნაბიჯია იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთს ყურადღება სწორედ ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე გადმოატანინოს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×