ნატალია ჯვარიძე
22.03.2024

უკრაინაში საფრანგეთის ელჩის, გაელ ვეისიერის განცხადებას, რომ უკრაინაში ჯარების შეყვანაზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეით ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, კეივსა და მის მოკავშირეებში დიდი ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი მოჰყვა. ამაზე „რეზონანსთან" ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროპისთვის ნამდვილი კატასროფა იქნება რუსეთის გამარჯვება, აქედან გამომდინარე გამორიცხული არაფერია.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, მაკრონი ევროპის ქვეყნების მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ თავებს არ შეიზღუდავენ და სამხედრო იარაღის წარმოებისთვის უფრო მეტ თანხებს არ გაიღებენ, უკრაინა ამ ომში დამარცხდება.

„მაკრონის იდეით სხვა ქვეყნებიც დაინტერესებულები არიან. არ არსებობს წითელი ხაზები და არ არის საჭირო თავის შეკავება არაფრისგან. გამორიცხული არაფერია და ეს არის სიგნალი, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ვაძლიერებთ," - განაცხადა ელჩმა გაელ ვეისიერმა.

ჯიპას პროფესორ თენგიზ ფხალაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი მაკრონი ისე არაფერს იტყოდა თუ გარკვეული კონსულტაციები გავლილი არ ექნებოდა, ამ საქმეში მხოლოდ ის არ არის და დანარჩენი ქვეყნების ლიდერები გაახმოვანებენ მაშინ, როცა ამის საჭიროებას თავად ჩათვლიან.

„ეჭვი არ მეპარება, მაკრონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები გაიგზავნება, არ იქნებოდა მხოლოდ მისი იდეა. ასეთი სერიოზული ინფორმაციის გახმოვანება მას შემდეგ ხდება, რაც გარკვეული კონსულტაციები გავლილი აქვს. შესაძლოა ყველა ქვეყანა მხარს არ უჭერს, თუმცა სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას იზიარებს, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, საფრანგეთი ამ საქმეში მარტო არა არის. ეს ქვეყნები როდის გაახმოვანებენ ამას, ეს მათზეა დამოკიდებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის ჯარები მაინც და მაინც ფრონტის წინა ხაზზე იდგებიან. არ არის გამორიცხული, მათ რომელიმე სტრატეგიული ობიექტის დაიცვან. ასე რომ, [საფრანგეთის] სამხედროების უკრაინაში ყოფნა სრულიად დასაშვებია და ჩვენ არა ერთხელ გვინახავს. მაგალითად, როდესაც რუსეთი ხორბლის შეთანხმებიდან გამოვიდა, მაშინ ჩვენ ვნახეთ, როგორ შევიდა ბრიტანული ხომალდები და როგორ გააცილეს უკრაინული ხორბლით დატვირთული გემები, ესეც სამხედრო ყოფნად ითვლება. ამრიგად, ამის სხვადასხვა ფორმები არსებობს და მიმდინარეობს განხილვა, უკრაინის დასახმარებლად რა უფრო სწორი იქნება," - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

კახა გოგოლაშვილის აზრით, გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე მსოფლიო ლიდერებს ამის სურვილი არ აქვთ, მათ შორის არც მაკრონს. საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს ევროპის ქვეყნები უფრო მეტად მობილიზდნენ და უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას. მათი მოსახლეობა კი უნდა მიხვდეს, რომ მათზეც ბევრია დამოკიდებული.

„მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთის პოზიცია გათვლილია ნატოს წევრ ქვეყნების მთავრობებსა და მათ მოსახლეობისთვის, რადგან თუ სახელმწიფოები არ შეამცირებენ ხარჯებს და მეტ თანხებს არ დახარჯავენ იარაღის წარმოებისთვის, რათა უკრაინას დაეხმარონ, ამ შემთხვევაში უკრაინა დამარცხდება. ფაქტია, რომ ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას საკმარისად ვერ ამარაგებენ. აღნიშნულ განცხადებებს ამ ეტაპზე უფრო შიდა მნიშვნელობა აქვს, თუმცა სამომავლოდ თუ დაინახეს, რომ უკრაინა რუსეთს ვერ უმკლავდება, გამორიცხული არაა უკრაინის გარკვეულ უბნებზე შეზღუდული კონტიგენტი შეიყვანონ.

„სახელმწიფოებს მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან თუ ხარჯებს შეამცირებენ, მაგალითად პენსიას დააკლებენ, ხალხი ამით უკმაყოფილო არ იყოს. ამიტომ მათ უნდა დაანახონ ისეთი სურათი, რომ მეტი გამოსავალი არ აქვთ. ესე იგი, ან შეიზღუდავენ თავებს და ამით გაზრდიან სამხედრო ხარჯებს უკრაინის დასახმარებლად ან უკრაინაში ჯარებს შეიყვანენ. ევროპისთვის უკრაინის დათმობა წარმოუდგენელია. რუსეთის გამარჯვება მათთვის ნამდვილი კატასტროფაა. აქედან გამომდნარე, ევროპის ბევრი ქვეყნის ინტერესია ეს სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ საჭიროების შემთვევაში სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინონ, თუმცა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არაა. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მაკრონის განცხადება სახელმწიფოების მობილიზებას გულისხმობდა, რომ უფრო მეტად დაეხმარონ. ახლა არც მაკრონს და არც სხვა ლიდერებს ჯარის შეყვანის სურვილი დიდად არა აქვთ. ძალიან ბევრია დამოკიდებული მოსახლეობაზე, რადგან მთვრობა უფრო მეტად შეაგულიანონ, იმისათვის, რომ უფრო მეტი ხარჯები გაწიონ არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, კონკრეტულად უკრინისთვის," - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×