თამთა ჩაჩანიძე
24.03.2024

ანექსირებულ სევასტოპოლზე უკრაინული შეტევის საპასუხოდ, რუსებმა კიევი და ლვოვი ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს. ყირიმში სულ მცირე 6 მძლავრი აფეთქების შედეგად, ოკუპანტებს დიდი ზიანი მიადგათ. თავად დე ფაქტო რეჟმი ამას ბოლო დროის განმავლობაში „ყველაზე მასიურ დარტყმას უწოდებს". ამის პარალელურად კი ფრონტზე ლოკალური მასშტაბის ბრძოლებია და ყველაზე ცხელ წერილად ისევ ავდეევკა-მარიინკას მიმართულება რჩება, სადაც ოკუპანტების სარაკეტო დარტყმას ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

ავდეევკა-მარიინკას მიმართულებაზე სარაკეტო დარტმა რუსმა ოკუპანტებმა 23 მარტს განახორციელეს. დაბომბვის შედეგად დაღუპულებს შორის არის უკრაინის შეიარაღებული ძალების „აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში მყოფი ქართველი ჯარისკაცი თენგიზ ჭანია. არსებული ინფორმაციით, ადგილზე რთული შეტაკებები მიდის.

ანალიტიკოსთა შეფასებით, უკრაინელებმა ფრონტის სტაბილიზაცია მოახერხეს, რუსებს კი დიდი წინსვლა არ აქვთ. მათივე თქმით, ბელგოროდსა და ბრიანსკში უკრაინელების შეტევებმა გამოიწვია ის, რომ რუსებს იმ მიმართულებების დაცვისთვის რაღაც ძალების გადასროლა მოუწიათ, შესაბამისად, უშუალოდ უკრაინის ფრონტზე ამ მომენტისთვის რუსები ძალიან დიდი აქტივობებით არ გამოირჩევიან.

ამასთან, გავრცელებული ცნობებით, რუსები გაზაფხულზე შეტევის გაგრძელებისთვის ახალი ასიათასიანი დაჯგუფების შექმნას ცდილობენ, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ამბების შემდეგ ესეც კითხვის ქვეშაა.

უკრაინის დარტყმა და რუსების პასუხი

24 მარტის დილით რუსებმა კიევს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. ეს იყო ბოლო კვირაში მესამე მასიური შეტევა უკრაინის დედაქალაქზე, აფეთქებების ხმა ისმოდა ლვოვშიც, უკრაინული მედიის ცნობით, განგაშის ხმა ორ საათზე მეტ ხანს ისმოდა.

„მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა „ხ-101", „ხ-555" და „ხ-55" ტიპის ფრთოსანი რაკეტები „ტუ-95მს" სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გაშვება განხორციელდა სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის ტერიტორიიდან. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. რაკეტები კიევს ჯგუფურად, ჩრდილოეთის მიმართულებიდან მიუახლოვდნენ", - აცხადებენ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა კიევის თავზე და დედაქალაქის მიდამოებში ათობით რუსული რაკეტა გაანადგურეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა. ნამსხვრევების ვარდნა დაფიქსირდა დესნიანსკის და შევჩენკოს რაიონებში. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი, თუმცა ხანძარი არ გაჩენილა.

გარდა ამისა, რუსებმა ლვოვის ოლქს 20-მდე რაკეტითა და „შაჰედის" 7 დრონით შეუტიეს. ლვოვის მერის, ანდრეი სადოვისა და ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, ოკუპანტების სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო. შედეგად, რამდენიმე ასეთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ასევე იყო კომბინირებული დარტყმა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რის შედეგადაც ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ეს იყო რუსების პასუხი უკრაინის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის დაბომბვაზე.

23 მარტის ოკუპირებულ ყირიმში სულ მცირე ექვსი აფეთქება მოხდა. ამ იერიშისათვის უკრაინელებმა „შტორ შედოუს" რაკეტები გამოიყენეს. გავრცელებული ცნობებით, ბელბეკის აეროდრომზე დარტყმების შედეგად დაზიანდა და განადგურდა რამდენიმე რუსული ავიაგამანადგურებელი. იერიშის დროს ასევე განადგურდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემები „აზოვი" და იამალი". დაზიანდა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც.

სევასტოპოლის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ სევასტოპოლზე მიტანილი იერიში იყო „ყველაზე მასიური ბოლო დროის განმავლობაში". მისი თქმით, ქალაქის ცენტრში მინებია ჩამტვრეული და დაიღუპა სევასტოპოლის მკვიდრი, 65 წლის მამაკაცი. გარდა ამისა, ნამსხვრევებისგან ოთხი ადამიანი დაშავდა.

როგორ მოახერხეს უკრაინელებმა ფრონტზე სტაბილიზაცია

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტზე რუსებს დიდი წინსვლა არ აქვთ, ცხელი წერილები კი ავდეევკის, ბახმუტის, კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებზეა.

„ცალკეულ პატარა შეტევებზე რომ არ ვისაუბროთ, ზოგადად უკრაინელებმა ფრონტის სტაბილიზაცია მოახერხეს, რუსებს დიდი წინსვლა არ აქვთ, მათი დიდი აქტიურობაც არის, მაგრამ ლოკალური და არა მასშტაბური. ბელგოროდსა და ბრიანსკში უკრაინელების შეტევებმა გამოიწვია ის, რომ რუსებს იმ მიმართულებებზე დაცვისთვის რაღაც ძალების გადასროლა მოუწიათ. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რუსები ძალიან დიდი აქტივობებით არ გამოირჩევიან.

„უკრაინული დაზვერვის ასეთი მონაცემებია, რომ თითქოს რუსები გაზაფხულზე შეტევის გაგრძელებისთვის ასიათასიანი დაჯგუფების შექმნას ცდილობენ, მაგრამ ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ამბების შემდეგ რამდენად მიახერხებენ ამ დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ეს კითხვის ქვეშაა.

„ცხელი წერტილები კვლავ რჩება ავდეევკა, ბახმუტის მიმართულება, რუსები კუპიანსკისკენ აქტიურობის და ინიციატივის შენარჩუნებას ცდილობენ. გარკვეული აქტივობები ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონშიცაა. დანარჩენ მიმართულებებზე მცირე ზომის ლოკალური მასშტაბის შეტევა-კონტრშეტევებია", - განაცხადა გენერალმა კაპანაძემ.

მისივე შეფასებით, უკრაინელების საჰაერო შეტევები მნიშვნელოვანია ფრონტზე სტაბილიზაციის მისაღწევად.

„უკრაინელებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საცავებზე დარტყმები იწვევს იმას, რომ რუსები იძულებულები არიან საწვავი უფრო შორი მანძილიდან ზიდონ, რაც ჭიმავს დროს და უფრო მოწყვლადი ხდება ეს მომარაგების მარშრუტები.

„რუსების დარტყმები ეს იყო რევანშის აღების მცდელობა იმ დარტყმებზე, რომლებიც ეტყობა საკმაოდ მტკივნეული იყო რუსებისთვის. შესაბამისად, ასეთი დარტყმებისათვის შეიარაღება არ დაიშურეს. მოინდომეს უკრაინელებისთვის ეჩვენებინათ, რომ დაუსჯელი არ დარჩებიან", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სევასტოპოლის ინციდენტამდე რუსებმა მიიტანეს მასირებული დარტყმა უკრაინის კრიტიკულ ობიექტებზე და უკრაინელთა 23 მარტის დაბომბვა გარკვეულწილად ამაზე პასუხიც იყო.

„სევასტოპოლზე დარტყმამდე რუსებმა ზაპოროჟიესა და სხვა ოლქებში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს მასობრივი იერიში და უკრაინელებმაც უპასუხეს ყირიმზე დარტყმით. ამ დარტყმით რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, ფაქტიურად გაუნადგურეს. ამ საჰაერო იერიშებით უკრაინელებს საშუალება ეძლევათ, რომ ფრონტზე სტაბილიზაციას მიაღწიონ.

„ფრონტზე ცხელი წერტილები არის ავდეევკა-მარიინკას მიმართულება და ზაპოროჟიეს მხარე. დანარჩენ მიმართულებაზე სტაბილური სიტუაციაა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×