ნატალია ჯვარიძე
28.03.2024

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 811 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო რუსეთის 72 მილიარდი აშშ დოლარი და ამ თანაფარდობის მიხედვით, ომის წამოწყება სისულელეა.

„დასავლეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრანის შემდგომ ნატოს შეუტევს სრული სისულელეა. ეს მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის მოტყუების და ხალხისგან დამატებითი ხარჯების ამოღების კიდევ ერთი გზაა. აშშ-ის სატელიტებს ძლიერი რუსეთის ეშინიათ, თუმცა ჩვენ ამ სახელმწიფოების მიმართ აგრესიული განზრახვა არ გვაქვს.

2022 წელს აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა 811 მილიარდ დოლარს შეადგინა, ჩვენი კი 72 მილიარდი დოლარი. ამ თანაფარდობის გათვალისწინებით, ვაპირებთ თუ არა ნატოსთან ომს? ეს უბრალოდ სისულელეა. ჩვენ არავის შევხებივართ, ისინი თავად გვიახლოვდებიან. ჩვენ რას ვაკეთებთ? საკუთარ ხალხს ისტორიულ ტერიტორიებზე ვიცავთ".- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ანალიტიკოსთა აზრით, ეს პუტინის მორიგი ცინიკური განცხადებაა, რომლითაც იგი მსოფლიოს თავს აჩვენებს არა დამპყრობლად, არამედ მსხვერპლად. მათივე თქმით, თუ ისინი უკრაინასთან გაიმარჯვებენ, ნატოს ქვეყნებსაც შეუტევენ.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტის კორნელი კაკაჩიას აზრით, რუსეთი უკრაინასთან ომში თუ გაიმარჯვებს შემდეგ იგი ნატოს წევრ ქვეყნებს შეუტევს და ამას დასავლეთი კარგად აცნობიერებს. მისივე თქმით, პუტინი რაღაცანირად ცდილობს, რომ ეჭვი გააჩინოს თითქოს უკრაინის დასაპყრობად კი არ იბრძვის, არამედ იგი თავს იცავს და სწორედ ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს.

„მსოფლიო ლიდერები ხვდებიან, რომ თუ პუტინი უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს, ის აღარ გაჩერდება და მთლიანად ყოფილი საბჭოთა კავშირზე ბატონობას მოინდომებს. არსებობს საფრთხე, რომ მან ნატოს წევრ ქვეყნებს შეუტიოს. როგორც ნატო, ასევე დასავლეთი ამ საკითხით შეშფოთებულები არიან, რადგან, ამ შემთხვევაში მათ პირდაპირ მათი წევრი სახელმწიფოს დაცვა მოუწევთ და ეს უკვე ბირთვულ ომს ნიშნავს.

„ასე რომ, უკრაინის სიტუაციიდან გამომდინარე, პუტინისგან გამორიცხული არაფერია და შანსი იმის, რომ შემდგომ შესაძლოა დასავლეთზე გადაინაცვლოს, სრულიად შესაძლებელია.

„დასავლეთში საზოგადოებრივი აზრი რუსეთის წინააღმდეგაა და შეუძლებელია ვინმემ დაიჯეროს, რომ პუტინი მხოლოდ თავს იცავს. აქედან გამომდინარე, იგი რაღაცნაირად ცდილობს, რომ ეჭვი გააჩინოს იმის შესახებ, თითქოს იგი უკრაინის დასაპყრობად კი არ იბრძვის, არამედ პირიქით, მას მშვიდობა სურს. მისი ამოცანაა მსოფლიოს თავი დამპყრობლად კი არ დაანახოს, არამედ მსხვერპლად"- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ პუტინი მორიგ ცინიკურ განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, თითქოს ის კი არავის ერჩის, არამედ პირიქით, მას ერჩიან. როგორც მან აღნიშნა, რუსეთს იმხელა პოტენციალი აქვს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, მაგალითად პოლონეთს, ფინეთს, შვედეთს და რუმინეთს შეუტიოს.

„პუტინი ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო" ზუსტად ამაზეა ნათქვამი. პოლონეთის ტერიტორიაზე გაუშვა რაკეტა და იძახის ჩვენ არავის ვერჩითო. იგი გამოირჩევა პოლიტიკური ცინიზმით. მან მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევა კი არ გაბედა, არამედ უკვე სხვა ქვეყანაშიც.

„სამხედრო პოტენციალის მხრივ, ნატო და რუსეთი თითქმის თანაბრად არიან და არც ერთი გამოირჩევა რაღაც უნიკალური თავდაცვით, მაგრამ რუსეთს აქვს იმხელა რესურსი, რომ პირდაპირ საფრთხე ბალტიისპირეთის ქვეყნებს შეუქმნას, მაგალითად პოლონეთს, ფინეთს, შვედეთს და რუმინეთს, თუმცა არ ვამბობ, რომ ისინი აუცილებლად პარიზამდე და ბერნამდე მიაღწევენ. შესაძლოა ეს ამ ეტაპზე არ მოხდეს, თუმცა, გამორიცხული მაინც არაფერია."- განაცხადა ვახტანგ მაიასაიამ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოკოს ნიკა ჩიტაძეს კი მიაჩნია, რომ პუტინი აცნობიერებს ნატოს ქვეყნებში შეჭრა რამხელა რისკთან არის დაკავშირებული. როგორც მან აღნიშნა, მისი მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის დამყარება და თუ უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს, შესაძლოა, ამისთვისაც მოემზადოს, მაგრამ უახლოეს მომავალში ნაკლებად შესაძლებელია.

„პუტინი აცნობიერებს, რომ ნატოს წევრ ქვეყანაში შეჭრა ძალიან ძვირი დაუჯდება, ამიტომაც აცხადებს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ ომს არ აპირებს. იგი კარგად ხვდება, რომ ნატოს სამხედრო პოტენციალი გაცილებით მეტია, ვიდრე მათი. თუმცა, პუტინისგან გამორიცხული არაა, რომ უკრაინასთან გამარჯვების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების დაპყრობა მოინდომოს, რადგან მისი მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის აღდგენა. ეს ახლო მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია, ვინაიდან ჯერ უკრაინის საკითხი არ დასრულებულა".- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×