
ორ ბანაკად გაყოფილი ოპოზიცია ხელისუფლებიასდმი კრიტიკულად განწყობილი ამორჩევლის თავის მხარეს გადაბირებას ცდილობს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე და 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, მასიურად გამოვიდნენ ქუჩაში. „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის", „გახარია საქართველოსთვის" და სხვები კი პირიქით, კამპანიის ფარგლებში ამომრჩევენს ეუბნებიან, რომ წავიდნენ არჩევნებზე და მათ მისცენ ხმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ იმ ფლანგის საინფორმაციო კამპანია უფრო ეფექტურად მუშაობს, ვინც ამომრჩეველს მოუწდებს, რომ არჩევნებზე წავიდნენ. არადა ენმ-ში აცხადებენ, რომ ოპოზოციური ამომრჩევლის 80% არჩევნებზე არ მიდის და მნიშვნელობა არ აქვს რას შესთავაზებს მოსახლეობას „ლელო" და „გახარია საქართველოსთვის".
დღევანდელი გადასახედიდან, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ისინი, ვინც საარჩევნო უბნებზე არ მივა და წავა 4 ოქტომბერს დანიშნულ აქციაზე; ისინი, ვინც არჩევნებშ მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ აქციაზე არ წავლენ; და ისინი, ვინც არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას და ბოიკოტის მომხრეთა დანიშნულ აქციასაც შეუერთდება. რა პროპორციით გადანაწილდება ოპოზიციური ამომრჩეველი ამ ჯგუფებში, ძნელი სათქმელია, თუმცა, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების კრიტიკოსთა უმრავლესობა საბოლოოდ მაინც წავა არჩევნებზე.
ამომრჩევლის აქტივობა და ხმების განაწილება ბოლო არჩევნებზე
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 58,94% შეადგინა.სულ საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილ უბნებზე 2 060 412 ადამიანმა მისცა ხმა. ამას თუ „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობას გამოვაკლებთ, ჯამში ოპოზიციური ამომრჩეველი 2024 წელს იყო 940 359 კაცი. აქედან დღეს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ენმ-სა და „კოალიცია ცვლილებებისთვის" ელექტორატის ჯამი არის 440 377 კაცი, რაც საერთო ოპოზიციური ამომრჩევლის დაახლოებით 47%-ია.
ზოგადად კი შარშანდელ არჩევნებზე ხმები ასე განაწილდა:
N 41 „ქართული ოცნება" - 1 120 053 ხმა, 53.93%;
N4 „კოალიცია ცვლილებებისთვის" - 229 161 და 11.03%;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 211 216 ხმა, 10.17%;
N9„ლელო - ძლიერი საქართველო" - 182 922 ხმა, 8.81%;
N25 „გახარია საქართველოსთვის" - 161 521 ხმა, 7.78%;
N36 „გირჩი" - 62 223 ხმა, 3.23%.
რას ამბობენ ენმ-ში
„ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის 80% არჩევნებზე არ მიდის. ამის შეახებ მან „ლელოსა" და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" მიერ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„როდესაც ოპოზიციური ამომრჩევლის 80% არ აპირებს ე.წ. საარჩევნო უბანთან გამოცხადებას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა კომბინაციას შესთავაზებენ ისინი ოპოზიციურ ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების კრიტიკული ნაწილი ჩამოყალიბებულია, განსაკუთრებით ოპოზიციური, რომ 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, არამედ ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც არის ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა და ქვეყანაში ვითარების ნორმალიზაცია", - განაცხადა სანიკიძემ.
რომელი გადაწონის - „წადით არჩევნებზე!", თუ „არ წახვიდეთ არჩევნებზე!"
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველში მათი საინფორმაციო კამპანია უფრო ეფექტურად მუშაობს, ვინც მოუწოდებს მოსახლეობას, რომ არჩევნებზე წავიდნენ.
„დღეს რა რეიტინგი აქვს ოპოზიციას, მაგის თქმა ძნელია. დავუშვათ, ბოიკოტის მომხრე და მოწინააღმდეგე ოპოზიციას ერთად 20, მაქსიმუმ 30 პროცენტი აქვთ. ვფიქრობ, ამ ამომრჩეველში იმათი პროპაგანდა უფრო ეფექტურად მუშაობს, ვინც მოუწოდებს, რომ არჩევნებზე წადითო.
„არჩევნები არ ჩაიშლება, თუკი რაღაც ნაწილი მაინც მივიდა. უცხოეთში, ყოველგვარი პროტესტების გარეშე, ამომრჩევლის 30% თუ მიდის არჩევნებზე, პოლიტიკურ პარტიებს უხარიათ. ასე რომ, ახლა ან მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხერხდეს სრული ბოიკოტი, ან არჩევნებზე რაღაც ნაწილის არმისვლას არანაირი გავლენა არ ექნება შედეგებზე", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი შეფასებით, ლევან სანიკიძის განცხადება ალოგიკურია.
„სასაცილო და კომიკური განცხადებაა. თუ ვიმსჯელებთ მოსახლეობის უმრავლესობა რა პოზიციაზე იყო 2024-ში (და ახლა ერთი წელი გავიდა, მეტი ხომ არა?) ლაპარაკი 80%-ზე მაშინ, როდესაც ბოიკოტის მომხრეების მიერ გამართულ აქციაზე მაქსიმუმ 2 ათას კაცზე მეტი ვერ გამოჰყავთ... ამასე სერიოზულად ლაპარაკი შეიძლება? ოპოზიციის მხრიდან ასეთი მამალი ტყუილი, ესაა მარცხი, რადგან ხვალ და ზეგ უკვე აღარ დაუჯერებენ", - განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალების რეიტინგი დაიკლებს იმასთან შედარებით, რაც 2024 წელს არჩევნებზე ჰქონდათ, არჩევნებშ მონაწილეთა კი პირიქით, აიწევს.
„ვინც არჩევნებში არ მონაწილეობს, მათი მხარდაჭერა დაეცემა. ვინც არჩევნებში ერთვება - „ლელო", გახარიას პარტია და „გირჩი" - მათი მხარდაჭერა გაიზრდება. როგორი მატება იქნება არ ვიცი, მაგრამ მემგონი 2024 წლის რეიტინგებზე უკეთესი რეიტინგები ექნებათ ამ პარტიებს.
„დაიკლებს იმიტომ, რომ უაზრო ნაბიჯები იდგმება და ერთ-ერთი არის ბოიკოტი. გამოაცხადე ბოიკოტი, მაგრამ თუ ეს ტოტალური არ იქნა, მაშინ უაზროა. ამომრჩეველიც ლოგიკის პატრიონია და ხვდება რა არის აზრიანი და რა - უაზრო.
„მეორე, უცხოელებთან ურთიერთობის ძირითადი ხაზი იყო „ოცნების" დასმენა, რომ არ იქცევა ისე, როგორც დასავლეთს სურსო. დამბეზღებელი და დამსმენი კი საზგადოებაში საერთოდ ცუდადაა აღქმული, იმდენად ცუდად აღიქმება, რომ რაღაც ეტაპზე ამას ოპოზიციაც მიხვდა და იმის საუბარი დაიწყო, რომ არ ვემხრობით უვიზო რეჟიმი შეწყვეტას, რადგან ეს ხალხს დააწვებაო. ანუ მიხვდნენ, რომ შეიძლება ხალხმა მათ დააბრალოს ბევრი რამ, რაც პრობლემურია. ცდილობენ დასავლეთთან თავი გამოიჩინონ, როგორც საქართველოსთვის მზრუნველმა და არა ქვეყნისთვის ზიანის მიმყენებელმა მხარემ.
„ამასთან, მათი ღამის მიტინგები ძალიან აგრესიულია. ახლახანს ამერიკელს გამოეკიდნენ, რადგან რუსი ეგიონათ და ამაზე სოცქსელში გაჩნდა რეპლიკა - ესენი რომ ხელისუფლებაში მოუშვა, წარმოიდგინე რას იზამენო" - განაცხადა ანალიტიკოსმა.
რაც შეეხება აქტოვობას, საყვარელიძის პროგნოზით, ის სავარაუდოდ დაბალი იქნება, რადგანაც მმართველი პარტიის მხარდამჭერთა მნიშნელოვანი ნაწილიც შეიძლება არჩევნებზე არ წავიდეს.
„აქტივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. შარშან მოხერხდა ხალხის დარწუნება, რომ თუ არჩევნებზე არ მივიდოდნენ, ან ნაკლები მივიდოდნენ, „ნაცმოძრაობა" მობილიზდებოდა და შედეგად ხელისუფლებას მიუახლოვდებოდა. წელს ასეთი მძაფრი ქვეტექსტი არ აქვს ამ არჩევნებს.
„ხელისუფლება ამდენი ხნის მანძილზე იძახდა, რომ ოპოზიცია გაბითურდა, რეიტინგს კარგავს და ამ ტექსტების შემდეგ ვეღარ იტყვიან, რომ ოპოზიცია სახიფათოა. ანუ ამ ოპოზიციის გამარჯვებით ვეღარ შეაშინებენ თავის ამომრჩევლებს და რახან ვეღარ შეაშინებენ, აზარტი აღარ იქნება იმისა, რომ ადამიანი არჩევნებზე მივიდეს, ძალიანაც მომხრე რომ იყოს „ოცნების". შეიძლება უბრალოდ იმიტომ, რომ იფიქროს - „ოცნება" მაინც იგებსო და არჩევნებზე მისვლით თავი აღარ შეიწუხოს", - განაცხადა საყვარელიძემ.