
10 მაისიდან 26 მაისამდე გვექნება საყოველთაო კარდაკარი, პირველ ეტაპზე თბილისში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „ოპოზიციის ალიანსის“ პირველი დიდი შეკრება იქნება.
„10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება, პირველ ეტაპზე, თბილისში. „ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლები ყველა უბანში მივალთ, ჩვენს გზავნილებს მივიტანთ და საზოგადოების აზრს მოვისმენთ. 26 მაისს იქნება სუფთად პოლიტიკური შეკრება, ღიად ვამბობ. ალიანსისთვის ეს იქნება პირველი პოლიტიკური საერთო მანდატის წამოღება საზოგადოებისგან. ჩვენ გვინდა, რომ გვერდში დავუდგეთ აბსოლუტურად ყველას და გვსურს მათგანაც მანდატი მივიღოთ. პირველი მანდატის აღება იქნება „ოპოზიციის ალიანსის“ მხრიდან საზოგადოებისგან“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი განმარტებით, რამდენი ადამიანიც არ უნდა მივიდეს 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე, ეს ალიანსისთვის იქნება იმის მაგალითი, საიდან უნდა დაიწყოს მუშაობა.
„ხელისუფლება სულ სიცილში, ტყუილში და სიძულვილის ენაშია. ჩვენი დაპირისპირება და გათითოკაცება უნდათ. ჩემთვის მთავარია, მე რას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის. მე მინდა უკეთესი. თუ ცოტა ხალხი მოვა ესეც ბაზაა, საიდან ვიწყებთ ხომ უნდა დავინახოთ. ჩავთვალოთ, რომ ეს ჩვენი სასტარტო წერტილი იქნება. მერე შევადაროთ შემდეგ შეკრებებზე გაიზარდა თუ არა ხალხის რაოდენობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში მოგვყვება“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, უნგრეთის მაგალითი იქნება თუ ნებისმიერის სხვა ქვეყნის, „ოპოზიციური ალიანსი“ ყველას სწავლობს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ „ქართული მიდგომებია საჭირო“.
გიორგი ვაშაძის თქმით, არ არსებობს გამზადებული რეცეპტი, რა უნდა გააკეთონ, რადგან ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა გამოკვეთოს ლიდერი და ის უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც სხვებთან ერთად აიღებს პასუხისმგებლობას და ბრძოლას გააგრძელებს.
„2024 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენი მხრიდან პრემიერის კანდიდატი არ დასახელებულა არცერთი ჯგუფიდან და ეს არის შეცდომა. მე მინდა, რომ ეს მოხდეს და აქეთ მივდივართ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“,- განაცხადა ვაშაძემ.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციას პრინციპული პოზიცია ჰქონდეს.
„ვფიქრობ, დღეს, ოპოზიციას რომ გვაქვს მეტი ნდობა და სმენადობა საზოგადოების მხრიდან, მათ შორის ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო გვაქვს და არა იმის გამო, რომ ხან ერთს ვაკეთებთ და ხან მეორეს. პრინციპულად მივყვებით იმ ხაზს, რომ საქართველო იმსახურებს უკეთესს, საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ლიდერი, ჩვენ უნდა დავიხსნათ თავი ამ ბოროტების მანქანისგან, რომელიც ახლა არის ქვეყანაში. წავიყვანოთ ქვეყანა განვითარების გზით. ვფიქრობ, რომ დღეს მეტი ნდობა გვაქვს. დავამტკიცეთ ჩვენი ქმედებით, რომ უკან არ ვიხევთ, გვიყვარს ჩვენი სამშობლო, გვინდა ამ ქვეყანაში ჩვენი შვილები ნორმალურ გარემოში იზრდებოდნენ. საქართველო უკეთესს იმსახურებს და გვინდა ქვეყნისთვის სიკეთე მოვიტანოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.
როგორც მან განმარტა, „ოპოზიციური ალიანსის“ მთავარი ამოცანაა, კონკრეტული ალტერნატივა შესთავაზოს საზოგადოებას.
„ახლა, რასაც ალიანსი ვაკეთებთ, ეს არის საზოგადოების გამთლიანება და ერთ მუშტად შეკვრა. ჯერ არჩევნები მიღწეული არ არის. ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, არჩევნებამდე იმხელა უპირატესობა უნდა უნდა იყოს ჩვენს მხარეს, რომ ვეღარ შეძლოს მეორე მხარემ ამ უპირატესობის სიყალბით გადალახვა. ჩვენი ამოცანაა კონკრეტული ალტერნატივა შევთავაზოთ საზოგადოებას. ვაჩვენოთ, რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის. ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო მძლავრი ეკონომიკით, სრულფასოვანი დემოკრატიით, ძლიერი თავდაცვით. მათი გზა არის იზოლირებული საქართველო, ტყუილებში ქვეყნის მართვა. ვფიქრობ, ახლა ოპოზიცია არის გაცილებით უფრო კონსოლიდირებული“,- განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, ვაშაძის განცხადებით, „ლელო-ძლიერ საქართველოსთან“ თანამშრომლობა სურს. როგორც მან განაცხადა, „ოპოზიციურ ალიანსს“ კარი სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის არ დაუხურავს და შესაძლოა, მათ სხვებიც შემოუერთდნენ. „ადრეც მხარს ვუჭერდი ერთიან, სრულ კონსოლიდაციას და ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ მოხერხდება. „ლელოსთან“ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და დიდ პატივს ვცემ. დრო გვიჩვენებს, რომელი გზა უფრო სწორია, ალიანსის გზა, სადაც პარტიები გაერთიანდა თუ ცალკე დგომის გზა. ჩვენ არავისთვის კარი არ დაგვიხურავს. არჩევნები დღეს არ ტარდება. იქნებ „ლელომ“ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ან ჩვენ მივიღოთ სხვა გადაწყვეტილება, თუ დავინახავთ, რომ სხვა გზა სჯობს. არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ვინმეს რამეს ვაძალებ. მამუკას ხაზარაძესაც დიდ პატივს ვცემ, ბადრი ჯაფარიძესაც, „ლელოს“ ახალგაზრდულ გუნდს, ირაკლი იქნება თუ სხვა, მე მათთან თანამშრომლობა მინდა და ღიად ვაცხადებთ ამას. დღეს ალიანსში ვინც შეიკრა, შეიკრა, ხვალ და ზეგ შეიძლება ახალი ადამიანები და ჯგუფები შემოვიდნენ“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში საკუთარი შეცდომებიც გაიაზრა.
„ციხე ჩემთვის გარდა იმისა, რომ იყო უსამართლობის განცდა, იყო საშუალება, მეტი მეფიქრა, სად დავუშვი შეცდომა. არ ვამბობ იმას, რომ მხოლოდ სხვამ დაუშვა შეცდომა, მეც მქონდა შეცდომები, ავყევი იმ სიძულვილის ენას, რომელიც მოდიოდა იმ ბოროტების მანქანისგან, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს. ჩვენ ამ შეცდომებს აღარ დავუშვებთ. ბევრი რამე გაიაზრეთ. ჩემი აზრით, დღეს ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე 2024 წლამდე ვიყავით“, - განაცხადა ვაშაძემ.