
შეხვედრაზე ჩვენი და სხვა პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და ძალიან მკაფიოა სურათია. რაც არ უნდა ინტერპრეტაცია გაუკეთონ, ამერიკა დაინტერესებულია კრიზისის მოგვარებით, განმუხტვით და ეძებს იმ მეთოდებს, რომელიც იქნება ოპტიმალური ამ კრიზისის განმუხტვისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელები გულუბრყვილო არ არიან და ძალიან კარგად ესმით, რომ ყველაფერი მხოლოდ ოპოზიციის გასაკეთებელი არ არის, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ გააკეთა.
„ამდენი პოლიტიკური პატიმარი როდესაც გვყავს, პარტიების გაუქმებაზეც არის საუბარი, მათ შორის ეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტის შემდგომ გავრცელებულ განცხადებაშიც შეგვეძლო, წაგვეკითხა. ამ პირობებში შეუძლებელია, ეს პრობლემა და საკითხი მხოლოდ პარლამენტში შესვლამდე დაიყვანო. გასაგებია, ეს არის ის ხავსი, რომელსაც ეჭიდება ივანიშვილის პროპაგანდა. ჰგონიათ, თურმე ეს მესიჯია იმის გამომხატველი, რომ ოპოზიციისადმი კრიტიკულია ამერიკის საელჩო ან ადმინისტრაცია, მაგრამ ეს გაუგებარია იმ ძალისგან, რომელმაც ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა შეძლო და გააუქმა, მათ შორის, შეძლო და მიიღო სანქციები, ამიტომაც მთავარი პრობლემა გახლავთ ივანიშვილი და მისი ქმედებები“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ამერიკა ბოიკოტით არის იმედგაცრუებული, რასაც მოჰყვა დაპირისპირება, ირაკლი ფავლენიშვილი პასუხობს, რომ „გრიგოლ გეგელია არ გახლავთ ამერიკის არც წარმომადგენელი და არც სპიკერი საქართველოში, მას თავისი პარტიული დღის წესრიგი აქვს და რას იტყვის უნდა განვიხილოთ, როგორც არა ამერიკის პოზიცია, არამედ გრიგოლ გეგელიას და „ლელოს“ პოზიცია“.
„არ მგონია, მის მიერ რამე ახალი იყოს თქმული. სურს, საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს მოარგოს სხვადასხვა პოლიტიკური საკითხები, მათ შორის ეს საკითხიც, ეს ბუნებრივი და გასაგებია. რაც შეეხება ზოგადად ამ პოზიციას, თითქოს ამერიკის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულს წარმოადგენს მხოლოდ ეს საკითხი - ეს მცდარი პოზიცია, მცდარი დაშვებაა, რადგან ამერიკაში არ არის გულუბრყვილო ხალხი, ინფორმირებული ხალხია და კარგად იციან, რა არის ამ კრიზისის რეალური მიზეზი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
„ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა: „გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების მხარეს“.