
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებამ თბილისში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ საქართველომ უკვე გადადგა „რაღაც ნაბიჯები", რომელიც აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილზე მიუთითებს, ხოლო ორმხირივი კონტაქტებისას კი ისაუბრეს, თუ კიდევ „რა იქნება საჭირო", რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს. თბილისში კი ამბობენ, რომ საკითხი ასე არ დასმულა და ურთიერთობის გადატვირთვა სამართლიან და ორმხრივად შეთანხმებულ მიდგომას უნდა ეფუძნებოდეს.
განცხადება სახელმწიფო მდივანმა რუბიომ 3 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გააკეთა, რესპუბლიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვების საპასუხოდ. რუბიოს თქმით, აშშ-ს აქვს შეშფოთებები, რაც აღნიშნეს კიდეც, თუმცა იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი საქართველოს შემთხვევაში დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს.
პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძემ კი ფაქტიურად გამორიცხა, რომ აშშ-სთან გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში რაიმე კატეგორიული წინადადებები იყო და მიიჩნევს, რომ „საქართველო სკოლის მოსწავლე არაა".
ოპოზიციის შეფასებით, რუბიოს განცხადებამ ნათელი გახადა, თუ როგორია აშშ-ს დამოკიდებულება ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვის მიმართ - რომ „ქართული ოცნება" უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებს.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა აშშ-ს მხრიდან რაიმე კონკრეტული მოთხოვნები და რას დააყენებს პრიორიტეტად. ნაწილი კი ფიქრობს, რომ რუბიოს განცხადებით ყველაფერი ნათელი გახდა და საქართველოს მიერ კურსის შეცვლის გარეშე, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას პერსპექტივა არ აქვს.
რუბიოს განცხადება და კობახიძის პასუხი
ჯო უილსინის კითხვა ასე ჟღერდა: „პრო-ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი „ქართული ოცნების" არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას. გაყალბებული არჩევნები იყო საქართველოში. ამის გათვალისწინებით, ისინი ეხმარებიან ირანულ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს" სანქციებისთვის გვერდის ავლაში. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რათა მოვაგვაროთ საქართველოს რესპუბლიკაში „ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია?"
სახელმწიფო მდივანმა უპასუხა:
„საქართველოზე... მართალი ხართ. ყველაფერი, რაც აღნიშნეთ, ჩვენი არსებული შეშფოთებებია. ამის შემდეგ მათ რაღაც ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ჩვენ აღვნიშნეთ მათთან, რა იქნება საჭირო, რა მოთხოვნები იქნება. გარკვეული დადებითი პასუხები მივიღეთ.
- მარკო რუბიო: „მათ გვკითხეს, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, რომ ამ საფუძველზე პროგრესს მივაღწევთ და არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას შევძლებთ".
„ასე რომ, ჩვენი იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გვესმის, რაც ახლა აღნიშნეთ, ეს ჩვენთვის არსებული პრობლემებია. მათ გვკითხეს, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, რომ ამ საფუძველზე პროგრესს მივაღწევთ და, არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას შევძლებთ", - განაცხადა რუბიომ.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ფაქტიუარდ გამორიცხა, რომ ურთოერთობების ნორმალიზება შეიძლება რაიმე წინადადებებზე იყო აგებული. მისი თქმით, „მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს" და „თუ რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში , ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100 %-ით".
„ამერიკული ადმინისტრაციის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზმით ვუყურებთ ყველა გზავნილს, მათ შორის, იმ გზავნილებს, რომლებიც მოვისმინეთ უშუალოდ საქართველოში ვიზიტის დროს. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება საქართველოსა და აშშ-ს შორის. დანარჩენი დამოკიდებულია შემდგომ მოლაპარაკებებზე", - აღნიშნავს კობახიძე.
- ირაკლი კობახიძე: „საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან".
კობახიძის თქმით, ხელისუფლება მზად არის განიხილოს ყველა დეტალი, რაც სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთანაა დაკავშირებული, თუმცა, „საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან".
რა მინიშნებები იკითხება განცხადებებში
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რუბიოს განცხადება ამყარებს მოსაზრებას, რომ აშშ-ს მართლაც აქვს კონკრეტული საკითხები, რის შეცვლასაც ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან. კობახიძე კი ძველი კურსის ერთგული რჩება.
„თუ მართლაც შეიცვლება ქცევა და ტრაექტორია, ამას კობახიძის პრემიერობა აუცილებლად შეეწირება, თუ უფრო მეტი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა არ მოჰყვა. მისი პრემიერად დარჩენა და აშშ-სთან ურთიერთობების დალაგება ერთად არ გამოვა.
„იმის თქმა, რომ რუბიომ იცრუა, ან ის, რაც კობახიძემ თქვა, რომ შეიძლება ვიღაცას ლაპარაკში რაღაცა წამოსცდეს, იქ მთელი პასაჟები იყო, რომელიც ლოგიკურად ამ გაგებას ამყარებს და არა საპირისპიროს წარმოაჩენს, რაზედაც კობახიძე ლაპარაკობდა. „ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს (ტრაექტორიისა და ქცევის შეცვლაზე) ამიტომაც კობახიძე თამამია და იმ ძველი საგარეო კურსის ერთგული რჩება, რაზედაც რუბიო მიანიშნებს", - განაცხადა ძაბირაძემ.
- ვახტანგ ძაბირაძე: „კობახიძისგან განსხვავებით, „გავლენებში" რუბიო რუსეთს, ირანს და ჩინეთს გულისხმობდა და არა ვინმე სხვას. კობახიძეს თუ ამ სამი სახელმწიფოს გავლენა სუვერენიტეტად მიაჩნია, რუბიოს და ქართულ საზოგადოებას არ მგონია, რომ ეს სუვერენიტეტის დაცვად მიაჩნდეს".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუბიომ ფაქტიურად ის გაიმეორა, რა შინაარსის წერილიც აშშ-ს აწ უკვე ყოფილმა ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს საგარეო უწყებას გადასცა.
„საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯერ კიდევ რობინ დანიგანი იყო, როცა მან ჩვენ საგარეო უწყებას გადასცა წერილი. მერე თქვა, რომ იქ ყველაფერი ეწერა, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსგან ელოდება ურთიერთობების გაუმჯობესებისთვისო. რუბიომაც იგივე გაიმეორა და ბურთი ჩვენს მხარეს გადმოაგდო.
„რა პირობები და მოთხოვნებია, მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია. ოპოზიციის ბანაკი ფიქრობს, რომ ეს ვადამდელი არჩევნები, დაპატიმრებულების გათავისუფლება, კანონების უკან გაწვევა უნდა იყოს და ა.შ. შესაძლოა ეს საერთოდაც არ იყოს წამყვანი და უფრო მნიშვნელოვანი, სტრატეგიული მოთხოვნები ჰქონდეს, ვიდრე ადამიანის უფლებები და დემოკრატიის პრინციპების დაცვაა.
„აქცენტი უფრო ტრანსაქციულ ურთიერთობებზე გაკეთდება, ჩინეთსა და ირანთან დაპირისპირებიდან გამომდინარე. გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს როლი მისთვის მნიშვნელოვანია - მთავარია აქ აშშ-ის ინტერესები არ დაზარალდეს. ვვარაუდობ, საქართველოს ხელისუფლებამ აქ ჩამოსული აშშ-ს დელეგაცია დაარწმუნა, რომ არავითარი ანტიამერიკული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ესაა აშშ-სთვის მთავარი", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ურთიერთობების აღგენის პერსპექტივა
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ „ოცნება" ამ საკითხს პროპაგანდისთვის იყენებს და რეალური კურსის ცვლილების გარეშე აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივა არ არის.
„ოცნებისთვის" პიარია, რომ ჩვენ დალაგება დავიწყეთო. ხაზგასასმელია კობახიძის ნათქვამი, რომ თითქოს ურთიერთობები წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა, სინდისის პატიმრებიც მათი დამსახურებაა და არა „ოცნების".
„ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლაპარაკებები საბჭოურ სტილში პროპაგანდისთვის გამოიყენოს. სანამ რეალურად კურსის ცვლილება არ მოჰყვება და ამას აშშ არ დაინახავს, ურთიერთობების განახლებას ჯერჯერობით არანაირი პერსპექტივა არ აქვს. არც ექნება და არც ვთვლი, რომ მომავალში შეიძლება ახალი რაღაც გაჩნდეს.
„რუბიოს განცხადება ამომწურავი იყო, მას და აშშ-ს სტაბილური მაგრამ პროგნოზირებადი საქართველო სჭირდება და არა უცხოური გავლენების ქვეშ მყოფი. კობახიძისგან განსხვავებით, ამ გავლენებში რუბიო რუსეთს, ირანს და ჩინეთს გულისხმობდა და არა ვინმე სხვას. კობახიძეს თუ ამ სამი სახელმწიფოს გავლენა სუვერენიტეტად მიაჩნია, რუბიოს და ქართულ საზოგადოებას არ მგონია, რომ ეს სუვერენიტეტის დაცვად მიაჩნდეს", - განაცხადა ძაბირაძემ.
- ზაალ ანჯაფარიძე: „შიეძლება აშშ-ს უფრო მნიშვნელოვანი, სტრატეგიული მოთხოვნები ჰქონდეს, ვიდრე ადამიანის უფლებები და დემოკრატიის პრინციპების დაცვაა... ვვარაუდობ, საქართველოს ხელისუფლებამ აქ ჩამოსული აშშ-ს დელეგაცია დაარწმუნა, რომ არავითარი ანტიამერიკული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ესაა აშშ-სთვის მთავარი".
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე, რას მიანიჭებს პრიორიტეტს აშშ და საქართველოს ხელისუფლება რას დაანახებს მას.
„ჯერ რთულია იმაზე საუბარი, აშშ უპირატესობას რას მიანიჭებს. შეიძლება იყოს დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნები, მაგრამ უფრო მეტი მოთხოვნა იყოს, რომ აქ გატარდეს ის პოლიტიკა, რომელიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ესადაგება, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის გავლენების სფეროდ არ გადაიქცეს.
„თუ საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს და ამას აშშ-ს დაანახებს, თან არა სიტყვებით, არამედ საქმეებით, მაშინ საქმე წინ წავა და ყინული დაიძრება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.