ნატალია ჯვარიძე
05.07.2026

ქვეყანაში პრაქტიკულად დაიწყო პოლიტიკური „საზაფხულო არდადეგები", როდესაც პოლიტიკური აქტივობა მინიმუმამდე იკლებს და პარტიები შემოდგომისთვის შემოდგომისთვის ემზადებიან. ამ პერიოდს სხვადასხვა ოპოზიციური ძალები გასნხვავებულად ხვდებიან. ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებებისა და კრიზისების ფონზე ახალი პარტიების ფორმირება დაიწყო. ხელისუფლებაში კი შედარებით სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა დასავლეთთან ურთიერთობა კვლავ გაუარესებულია და ჯერჯერობით არც აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობებს მოაქვს რაიმე თვალსაჩინო შედეგი.

ივლისში, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართება, სადაც ახალ თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს აირჩევენ. მოქმედ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას ოფიციალურად 8 ივლისს ეწურება უფლებამოსილების ვადა, თუმცა ყრილობის ზუსტი თარიღი და თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად დასახელებული.

კვლავ დაძაბულია ურთიერთობა ოპოზიციის ალიანსში და ისევ გაურკვეველია „ნაცმოძღაობა" რჩება, თუ გადის ალიანსიდან.

ამის ფონზე ოპოზიციაში ახალი პარტიების ფორმირება მიდის. ერთი კვირის წინ დაფუძნდა პარტია „ჯერ საქართველო", რომლის ლიდერიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანია. კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის შექმნა კი შემოდგომაზეა დაანონსებული.

რაც შეეხება ხელისუფლებას, აქ ყველაფერი შედარებით მშვიდად და სტაბილურადაა. შიდა ფლანგზე „ოცნებას" არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემები ან გამოწვევები. საგარეოზე კი „ოცნება" აშკარად გააქტიურდა ცენტრალური აზიის მიმართულებით და რამდენიმე ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობაც გააფორმა.

ამის პარალელურად, დასავლეთთან ურთიერთობა სულ უფრო უარესდება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლებისადმი მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღებას აპირებს. აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობებსაც ჯერჯერობით არ მოაქვს რაიმე ხელშესახები შედეგი.

როგორ გამოიყენებს „არდადეგებს" ოპოზიცია

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ახალ ოპოზიციურ პარტიებზე მსჯელობისას აცხადებს, რომ ვიქტორ ყიფიანის „ჯერ საქართველო" არ იქნება გამორჩეული რადიკალური ქმედებებით და შეიძლება „ოცნების" მხარდამჭერთა ნაწილიც გადაიბიროს.

„საერთოდ, ოპოზიციის მხრიდან შემოდგომაზე გააქტიურების სურვილი ყოველთვის არის ხოლმე. თუმცა იყო პერიოდი, როცა ზაფხულის დასასრულს ოპოზიცია ასეთ დაპირებებს იძლეოდა, მაგრამ საზოგადოებამ ამ დაპირებებიდან ვერაფერი ღირებული ვერ იხილა. ვიქტორ ყიფიანის პაარტიაზე იყო საუბარი და მგონი განგებ დაუყარეს ხმები, რომ ის აპირებს „ოპოზიციურ ალიანსთან" მიერთებას. ვფიქრობ, საჭირო იყო ამ განმარტების გაკეთება, რადგან ამ ალიანსში გაერთიანება ახლად შექმნილი პარტიისთვის საკუთარ ფეხში სროლის ტოლფასი იქნებოდა.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „ბოლომდე მაინც არ გამოვრიცხავდი (ხელისუფლებისგან) რაღაც კომპრომისული ნაბიჯების გადადგმას, რაც „ოცნებისთვის" ნაკლებად საზიანო იქნება".

„როცა ამ პარტიის შემადგენლობა და მათი ბიოგრაფიები ვნახე, ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ნიშური პარტია, რომელიც პოლიტიკურ ველზე რაღაც ნიშის დაკავებას შეეცდება. ეს ნიშა მდგომარეობს იმაში, რომ ეს პარტია არ იქნება გამორჩეული რადიკალური ქმედებებით. შეეცდება ზომიერი ამომრჩეველი მიიმხროს, რომელსაც რადიკალური პარტიები და ქმედებები მობეზრდა. არ გამოვრიცხავ, რომ ის შევიდეს „ოცნების" ელექტორალურ ველზე და იქიდან გადმოიბიროს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე აზრით, ოპოზიციას ახალი საპროტესტო ტალღის აგორება და ვითარების რადიკალიზაცია წესით არ უნდა აწყობდეს, რადგან წინა მსგავსმა მცდელობებმა მას არაფერი მოუტანა.

„რაც შეეხება საპროტესტო ტალღას, თუ შემოდგომიდან მართლაც დაიწყება, ეს ძირითადად ოპოზიციის ალიანსში შემავალი პარტიების ინიციატივა იქნება, რომელსაც შეიძლება შეუერთდეს რადიკალური ტიპის პარტიები და მათთან აფილირებული სამოქალაქო ჯგუფები.

„იქნება თუ არა დიდი გამოსვლები და შეტაკებები, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სცენარს შეიმუშავებენ თვითონ აქციის მონაწილეები. თუ ისინი რადიკალურ ნაბიჯზე წავლენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება შესაბამისს ზომებს მიიღებს და შეტაკებებიც იქნება. მეორე საკითხია - მათ ეს გზა უკვე გაიარეს და ნახეს, ეს შედეგს არ აძლევს. რა გარანტია აქვთ, რომ საზოგადოება ამ რადიკალურ ნაბიჯს გაჰყვება, რადგან ამის იქით, რეალური დაპირებები, თუ როგორ შეიცვლება მოქალაქეების ცხოვრება, არ არსებობს? არის მხოლოდ ის, რომ ამ კონკრეტულმა ადამიანებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. შესაბამისად, ხალხის განწყობებიდან გამომდინარე, არ არის იმის მუხტი, რომ ასეთ რადიკალურ აქციებს მხარი დაუჭირონ", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ „არდადეგების" შემდეგ ოპოზიციის საპროტესტო აქტივობას რაიმე მნიშნელოვანი შედეგი არ მოჰყვება.

მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა პროტესტს დაპირისპირებები მოჰყვეს.

„ყიფიანი ცდილობს, დამოუკიდებლად გააძლიეროს საკუთარი პარტია და მისი გადაწყვეტილება, რომ პროტესტს არ შეურთდება, სწორია, რადგან თუ ასე იზამს, ხელისუფლება ამას პროპაგანდისტულად გამოიყენს და იტყვის, ესეც „ნაცები" არიანო. ამ შემთხვევაში რაიმე წარმატებაზე საუბარი ზედმეტია.

„რაც შეეხება აქციების დაანონსებას, აქამდეც ყოფილა დაგეგმილი და არ მესმის, რატომ უნდა გადაიზარდოს ხისტ დაპირისპირებაში. თუ ალიანსი საპროტესტო აქციას ჩაატარებს, არ მგონია ამას რაღაც დიდი მოჰყვეს. ყიფიანის გარდა, არც გახარიას პარტია და არც „ლელო" არ შეურთდებიან, რადგან სამივე ცდილობს, შუალედური ელექტორატი მიიზიდოს.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „სამწუხაროდ, პოლიტიკურ დღის წესრიგს ოპოზიციაში მყოფი ვერცერთი ძალა ვერ ქმნის... ჯერჯერობით ოპოზიციაში ქარიზმატული ლიდერიც არ ჩანს".

„აქციები ალიანსისთვის არაფრის მომტანია. თუ რაღაც პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, იმ მომენტში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. დღევანდელი სიტუაციით, სწორი გადაწყვეტილებაა, ესენი არ შეურთდნენ აქციას.

„სამწუხაროდ, პოლიტიკურ დღის წესრიგს ოპოზიციაში მყოფი ვერცერთი ძალა ვერ ქმნის. გასაგებია, რომ ენმ-ს და ალიანსს თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ, რომელიც ერთი და იგივეა. არ შეუძლიათ საზოგადოებას შესთავაზონ რაიმე სიახლე გარდა იმისა, რომ „ჩვენ საგარეო ორიენტაცია გვაწუხებს". ახალი პარტიების შექმნა კი არაა პრობლემა, არამედ ის, რომ რაღაც ახალს ვერ სთავაზობენ. ჯერჯერობით ოპოზიციაში ქარიზმატული ლიდერიც არ ჩანს", - აცხადებს ძაბირაძე.

როგორ გამოიყენებს „არდადეგებს" „ოცნება"

ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ დასავლეთთან ურთიერთობების დასალაგებლად ხელისუფლებამ კომპრომისული ნაბიჯები გადადგას.

„მე არაერთხელ მითქვამს, „ქართულმა ოცნებამ" თავისი არსებობის განმავლობაში აჩვენა, რომ სხვა პარტიებთან შედარებით უკეთესი მანევრირების უნარი აქვს. ეს თავის თავში მოიცავს ისეთი კომპრომისული ნაბიჯების გადადგმის უნარს, რომელიც პარტიის იმიჯსა და რეპუტაციას მაინცდამაინც არ დააზიანებს, მაგრამ მოუტანს პოლიტიკურ შედეგს, მათ შორის დასავლეთთან ურთიერთობაშიც.

„საერთაშორისო არენაში „ქართული ოცნება" მოქნილი მანევრირებით ალაგებდა ურთიერთობას. შეგახსნებთ, როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა, დასავლეთის მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ ენმ-სა და მის კონკრეტულ ლიდერებს არ შეხებოდნენ. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პერსონების სიაც კი გადასცეს. შესაბამისად, „ოცნებამ" ეს ნაწილობრივ გაითვალისწინა და საარჩევნო დაპირება - სამართლიანობის აღდგენა - მთლად ბოლომდე ვერ განხორციელდა, რამაც მათი ამომრჩევლების განაწყენება გამოიწვია. ეს არის საერთაშორისო არენაზე მანევრირების კონკრეტული მაგალითი.

„ამის მერე კიდევ ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი მანევრირებით სიტუაცია განუმუხტია. ახლა რამდენად მოახერხებს ამ უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის განხუხტვას, მიჭირს თქმა. ბოლომდე მაინც არ გამოვრიცხავდი რაღაც კომპრომისული ნაბიჯების გადადგმას, რაც „ოცნებისთვის" ნაკლებად საზიანო იქნება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ამ ეტაპზე „ოცნება" რაიმე სერიოზული გამოწვებების წინაშე არ დადგება, თუ დასავლეთის მხრიდან რადიკალური ნაბიჯები არ იქნება გადადგმული.

„ამ ეტაპზე „ოცნება" გამოწვებების წინაშე არ დადგება, რეალურად მას საფრთხე არ ემუქრება. შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა რაღაც პროცესი დაიწყონ, მაგრამ ქვეყნის შიგნით ამ მხრივ უძრაობაა. შესაბამისად, თუ პროცესები ამ რიტმით გაგრძელდება, ხელისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ რაიმე კარდინალურად შეიცვლა არა მარტო ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით, არამედ უფრო შორს წავიდნენ და დასავლეთმა დაიწყოს ეკონომიკური თემების გადაფარვა, მაშინ სხვა ვითარება იქნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×