თამთა ჩაჩანიძე
07.07.2026

ნატო-ს დღევანდელი გამოწვევა მხოლოდ რუსეთის შეკავება აღარაა. ალიანსი ცდილობს, ერთდროულად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, განავითაროს სამხედრო წარმოება, შეინარჩუნოს წევრების ერთიანობა და გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსი და უპასუხოს თანამედროვე საფრთხეებს. სწორედ ამ საკითხებზეა ფოკუსირებული მიმდინარე სამიტი, სადაც წევრი ქვეყნები უსაფრთხოების ახალ სტრატეგიასა და პრაქტიკულ ნაბიჯებზე მსჯელობენ.

სამიტი ანკარაში 7-8 ივლისს იმართება, მასში წევრი 32 სახელმწიფოს გარდა, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას - ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უკრაინა.

საქართველო მიწვეული არ არის. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში", რომელიც თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზებით იმართება.

ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები სამიტის დღის წესრიგშიც აისახა - აქცენტი რამდენიმე საკითხზეა:

1.თავდაცვის ხარჯების ზრდა - წევრი ქვეყნები განიხილავენ, როგორ შეასრულონ აღებული ვალდებულება, რომ ეტაპობრივად თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე მშპ-ის 5%-მდე დახარჯონ.

2.რუსეთის შეკავება და უკრაინის მხარდაჭერა - უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელება კვლავ ერთ-ერთი მთავარი საკითხია. პარალელურად, ნატო აძლიერებს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვას რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების გამო.

3.სამხედრო ინდუსტრიის გაძლიერება - სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეიარაღების წარმოების გაზრდას, ერთობლივ შესყიდვებსა და თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებას, რათა წევრ ქვეყნებს კრიზისის დროს საკმარისი რესურსი ჰქონდეთ.

ასევე ყურადღება ეთმობა ალიანსის ქვეყნების პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებასა და ახალ საფრთხეებს, მათ შორის კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და ჰიბრიდული ომის ახალი მეთოდები.

  • დონალდ ტრამპი: "ეს სამიტი თურქეთში რომ არ ჩატარებულიყო, სადაც ჩემი მეგობარი ძალიან ძლიერი ლიდერია, შესაძლოა, მას საერთოდ არ დავსწრებოდი"

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრაპი მუდმივად უკმაყოფილო იყო ნატო-ს ევროპელი მოკავშირეების ალიანში შეტანილ ფინანსურ წვლილზე. მან ასევე არაერთხელ გააკრიტიკა ევროპელი მოკავშირეები და უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ, მისი შეფასებით, ისინი აშშ-ის სამხედრო ოპერაციებსა და უსაფრთხოების გამოწვევებში, მათ შორის ირანთან დაკავშირებულ საკითხებში, საკმარის მხარდაჭერას არ ავლენენ.

ტრამპის რიტორიკაში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ნატოს ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლმა, რომელიც ალიანსის კოლექტიური თავდაცვის საფუძველს წარმოადგენს. ამ მუხლის თანახმად, ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად განიხილება და თითოეული მოკავშირე ვალდებულია, შეთანხმების ფარგლებში შესაბამისი დახმარება გაუწიოს დაზარალებულ ქვეყანას.

აშშ-ს პრეზიდენტი ახლა ანკარაშია და როგორც "სი-ენ-ენი" აღნიშნავს, დონალდ ტრამპი სამიტზე "ცუდი განწყობით გაემგზავრა" და არაა გამორიცხული, რომ ევროპელ მოკავშირეებთან საუბარი დაძაბულ გარემოში წარიმართოს ისევ იმ მიზეზის გათვალისწინებით, რომ ალიანსმა გამოწვევებს არ უპასუხა წევრ სახელმწიფოსთან მიმართებაში.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ჩატარებულიყო, სადაც ჩემი მეგობარი ძალიან ძლიერი ლიდერია, შესაძლოა, მას საერთოდ არ დავსწრებოდი", - განაცხადა ტრამპმა.

რუტე ალიანსის გეგმების შესახებ

ნატო-ს გენმდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ "ყველაზე ეფექტური შეკავებისა თავდაცვისთვის მთელი გუნდია საჭირო".

"ჩვენი პოლიტიკური ლიდერები განსაზღვრავენ მიმართულებას. ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველდღე არიან მოედანზე. თქვენ, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია, უზრუნველყოფთ გუნდის სიძლიერეს. აღჭურვილობა, ინოვაცია, წარმოების მოცულობა. იმისათვის, რომ გვქონდეს ძალა, მდგრადობა და გამძლეობა, ყველანი სრულად უნდა ვიყოთ ჩართულები თამაშში. ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ერთად მუშაობაა საჭიროა", - აღნიშნა ნატო-ს გენმდივანმა.

  • მარკ რუტე: "ყველაზე ეფექტური შეკავებისა თავდაცვისთვის მთელი გუნდია საჭირო"

მისი თქმით, გასულ წელს, ჰააგაში ნატო-ს სამიტზე, მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღეს - თავდაცვაში მშპ-ს 5%-ის ინვესტირება, წარმოებისა და ინოვაციების დაჩქარება.

„ერთი წლის შემდეგ, ჩვენ უკვე ვხედავთ შედეგებს. მხოლოდ გასულ წელს, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვაში თითქმის 20%-ით მეტი დახარჯეს, ვიდრე წინა წელს. დამატებით 139 მილიარდი დოლარი", - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ალიანსი სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა საჭიროა კიდევ მეტის და კიდევ უფრო სწრაფად გაკეთება, რადგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია ამას მოითხოვს.მარკ რუტემ ხაზი გაუსვა, რომ როგორც მთავრობებმა, ასევე, ინდუსტრიის წარმომადგენლებმა უნდა გააგრძელონ ინვესტიციების ჩადება წარმოების სიმძლავრეებში. მთავრობებმა ასევე უნდა შექმნან პირობები ინდუსტრიის გაფართოებისა და თანამშრომლობისთვის. ქარხნებს სჭირდებათ საიმედო ელექტროენერგია და საწვავი, უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვები და უპირველეს ყოვლისა, მათ სჭირდებათ კვალიფიციური ადამიანები. ინჟინრები, ტექნიკოსები, ინოვატორები.

როგორ აღმოფხვრის ნატო არსებულ გამოწვევებს

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თანამედროვე გამოწვევები მეტ ფინანსურ ხარჯებს და მეტ რესურსს მოითხოვს და 7-8 ივლისის სამიტი მთლიანად თანამედროვე საფრთხეების აღმოფხვრას მიეძღვნება.

"შესაძლოა შეიქმნას ბანკი, რომელიც იქნება სიახლე ევროპული სამხედრო უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით,რაც საკმაოდ საინტერესო მოვლენა იქნება. ნატოს გენმდივანსაც მოვუსმინე და ჩემი შიდა წყაროებიც მაქვს, რომ ეს საკითხი ალიანსის ყველა წევრის მხრიდან დადებითადაა აღქმული. ფაქტიურად კონსენსუსი არის და ალბათ ასეთი ტიპის ბანკი შეიქმნება.

"რაც შეეხება თავდაცვის ინვესტიციებს, 5%-ის ერთბაშად მიღწევა ვერ მოხერხდება, ეს ალბათ დროში უფრო გაიწელება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველა იღებს ვალდებულებას, რომ ამას მიაღწიოს. თავის დროზე ტრამპის განცხადების შემდეგ,  3%-იან ზრდას მიაღწიეს. აქ ამერიკელებმა დააყენეს საკითხი, ჩვენ რატომ უნდა შევინახოთ ევროპის ქვეყნები და ხარჯები რატომ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე, როცა საფრთხეები უკვე სხვა კონტექსტში განისაზღვრებაო.  მეორეც, დღევანდელი საფრთხეები ევროპას უფრო ადარდებს, ვიდრე აშშ-ს. განსაკუთრებით რუსული აგრესია უკრაინაში და ჰიბრიდული ომი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე - პოლონეთსა და ბალტიის სახელმწიფოებზე უკვე მიმდინარეობს. რაც სერიოზული რესურსების მობილიზაციას მოითხოვს, რომ საფრთხეები ადეკვატურად იქნას ნიველირებული.

"ვფიქრობ 5%-ზე კონსენსუსიც შედგება და ამ ზრდასაც მიაღწევენ, ეს ბიუჯეტი საჭიროა ახალი საფრთხეების აღმოსაფხვრელად. მესამე თაობის ომიდან, დღეს უკვე მეხუთე თაობის ომის სტრატეგიაზე გადავიდნენ საერთაშორისო აქტორები, რაც ნიშნავს მეტ ტექნოლოგიურ განვითარებას, სამხედრო-ტექნიკური რევოლუციის დანერგვას და განვითარებას, რაც დიდ თანხებს მოითხოვს. ესაა კოსმოსური ომების, კიბერ ომების, ახალი თაობის ომების კონცეფციები. ეს განვითარებები სამხედრო ხარჯებს თავისთავად ზრდის, საჭიროა მეტი ინვესტიციები სამხედრო განათლებაში, სამხედრო ინოვაციებში, სამხედრო სამეცნიერო პროექტების განვითარებაში. ბუნებრივია ეს გაზრდილი თანხები ამ მიმართულებით დაიხარჯება.

  • ვახტანგ მაისაია: "5%-ის ერთბაშად მიღწევა ვერ მოხერხდება, ეს ალბათ დროში უფრო გაიწელება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველა იღებს ვალდებულებას, რომ ამას მიაღწიოს"

"საჭიროა არა მხოლოდ თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, არამედ სამობილიზაციო რესურსების კიდევ უფრო დახვეწა. უფრო მასობრივი ჩართვა სამხედრო სწავლებების და მედეგობის შექმნაში, ესეც სერიოზულ თანხებთანაა კავშირში - ყველაფერს მაინც თანხებთან მივყავართ. ევროპული უსაფრთხოება მოითხოვს დიდი ინვესტიციების ჩადებას და თანხების სწორად მართვას. ევროპელებმა უკვე ევროპულ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ და შეიტანონ თავიანთი წვლილი.

"პრიორიტეტულ ვარიანტში უკრაინა დარჩება, კიდევ უფრო გაძლიერდება, მას სჭირდება ეკონომიკურ-ფინანსური მხარდაჭერა, რომ წინმსწრები თავდაცვითი სტრატეგიის ფორმაში შეაკავოს რუსეთი, როგორც აგრესორი სახელმწიფო, რომ მან არ შებღალოს ევროპული უსაფრთხოების პირობები. ამიტომ ევროპისთვის უკრაინის დახმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ამას უკვე ამერიკელებიც იზიარებენ, რომ ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედია უკრაინის დახმარება",- განაცხადა მან.

კითხვაზე, რისთვის გახდა საჭირო ასეთი დიდი რეფორმები და მობილიზაცია ალიანსის ფარგლებში, მაისაიამ გვითხრა:

"რადგან ამერიკელები გამოდიან ევროპული უსაფრთხოების დაფინანსების სფეროდან და მათ აღარ სურთ იყვნენ დასაყრდენი ძალა. ნატოს წესდებაში რაცაა, ვფიქრობ ადეკვატურად უპასუხა ალიანსმა საფრთხეებს, მით უმეტეს რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ფორმატში. ახლა ალბათ უკვე დაიწყება ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავება.

"რაც შეეხება ნატო-საქართველოს საკითხს, როდესაც ინტეგრაციის საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე იყო, ჩვენი მაღალი დონის პირები სამიტებზე ყოველთვის ჩადიოდნენ და ახლაც მნიშვნელოვანი იყო სამიტში მონაწილეობა",- განაცხადა მაისაიამ.   

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×