საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს
რეზონანსი
07.02.2023

საქართველო, ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე უამრავი საშინაო, თუ საგარეო ფაქტორების გამო, განსაკუთრებით პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ქმნიან საფუძველს ქვეყნის შემდგომი დაჩქარებული განვითარებისთვის. ასეთ ვითარებაში ქვეყნის რესურსული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაჯანსაღებისა და საქართველოს გეოსტრატეგიული როლის  კიდევ უფრო ასამაღლებლად, მიზანშეწონილია შემუშავდეს გრძელვადიან პერიოდზე (15-20 წლიანი, მოკლე და საშუალო ვადიანი ეტაპებისა და ამოცანების განსაზღვრით) გათვლილი ქვეყნის დაჩქარებული სისტემური განვითარების ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი.

მსოფლიო პრაქტიკაში არის „სტრატეგიული გარღვევის“ არაერთი გასათვალისწინებელი მაგალითი (იაპონია, სამხრეთ აზია, გერმანია, ისრაელი, შვედეთი, შვეიცარია და სხვ.), სადაც მეცნიერთა (აკადემიური სექტორი) და მთავრობათა თანამშრომლობამ, ქვეყნები დემოკრატიის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანა. ამ თვალსაზრისით, უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გერმანიაში კანცლერ კონრად ადენაუერისა და პროფ. ლუდვიგ ერჰარდის ჯგუფის თანამშრომლობით მიღწეული უპრეცედენტო შედეგები, ასევე საყოველთაოდ აღიარებულია აშშ-ის პრეზიდენტთან შექმნილი ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის საკონსულტაციო ორგანოს გამოცდილება ამერიკის ეკონომიკის კრიზისების დაძლევასა და მის შემდგომ რეკონსტრუირებაში. 

მიგვაჩნია, რომ აშშ-ს გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის პოზიტიური დატვირთვის მატარებელი იქნება.

ქვეყნის უსაფრთხო და დაჩქარებული სისტემური განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, მიზანშეწონილია შეიქმნას მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მეცნიერთა და პრაქტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის აწმყოსა და მომავლის ღრმა გააზრების საფუძველზე დაევალება ოპტიმალურ ვადაში ასეთი დოკუმენტის მომზადება. აღნიშნულ ჯგუფს უნდა მიეცეს უფლება პარალელურ რეჟიმში მოიწვიოს კონსულტანტებად სხვადასხვა დარგის პროფესიონალები. შეჯერებული დოკუმენტი კი ღია საჯარო განხილვის შემდეგ მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ.

ვთვლით, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს თქვენ უნდა ჩაუდგეთ სათავეში. ამით, შესაძლებელი გახდება მსოფლიო თანამეგობრობასთან ჰარმონიზაციით, მეცნიერული ცოდნისა და მთელი საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, მივაღწიოთ ქვეყნის მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიალიზაციას, რითაც უზრუნველვყოფთ საქართველოს ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას, სასურსათო უსაფრთხოებასა და საყოველთაო კეთილდღეობას გარე ძალების ნებისაგან დამოუკიდებლად.

საქართველომ, ქართველმა ერმა, დროის ახალი გამოწვევების საპასუხოდ საქვეყნოდ უნდა განაცხადოს ვინ ვართ, რანი ვართ, რა გვაქვს, რა შეგვიძლია, რა გვსურს და საით მივდივართ.  

საქართველო ვალდებულია მისი ისტორიული-კულტურული მემკვიდრეობიდან, შემოქმედებითი და რესურსული პოტენციალიდან  გამომდინარე, დამკვიდრდეს  XXI საუკუნის ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად.

პატივისცემით,

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, არაბული ავთანდილ, არჩვაძე იოსებ,  ასათიანი რევაზ, გალეგაშვილი დავით, გოგოხია რევაზ, დავითაია ვახტანგ, თალაკვაძე გივი,  თოფჩიშვილი როლანდ, კოპალიანი ჯუმბერ, კოღუაშვილი პაატა, ნაცვლიშვილი ბექა, პაპავა ვლადიმერ, რამიშვილი ბადრი, რურუა რომან, სანებლიძე ნიკოლოზ, სილაგაძე ავთანდილ, ფაღავა ყარამან, შანშიაშვილი თეიმურაზ, ჩიხლაძე ნიკოლოზ, ჩხენკელი მერაბ, ჭითანავა ნოდარ, ჯიბუტი მიხეილ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×