რეზონანსი
22.02.2023

„თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...

…შემოდიოდა სიკვდილი ცელით!“

1918 წლის 26 მაისს საქართველომ  ფართოდ გაუღო კარი დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას, რასაც თვალნათლივ ადასტურებს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. იგი საქართველოს პარლამენტმა მიიღო საბჭოთა ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე,  რაც ნათლად ადასტურებს  დემოკრატიისადმი ქართველი ხალხის ერთგულებას.

1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დედაქალაქში საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები შემოვიდნენ. თბილისში შემოსვლამდე ოკუპანტებმა უკვე დატოვეს სისხლიანი კვალი, დაიღუპნენ გულანთებული ქართველი პატრიოტები. ამასთან, ეს აღმოჩნდა დასაწყისი იმ ენით აღუწერელი სისასტიკისა, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის განმავლობაში. ისტორიამ  ნაკლებად იცის უფრო დაუნდობელი და ანტიჰუმანური სახელმწიფო, ვიდრე ბოლშევიკების მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირი. ათიათასობით საქართველოს მოქალაქე დაიღუპა ძალადობრივი სიკვდილით.

მიუხედავად მძიმე ვითარებისა, საქართველოს მოსახლეობას არ შეუწყვეტია თავგანწირული ბრძოლა დამპყრობელთა წინააღმდეგ. მრავალი სახელოვანი ფურცელი ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. ეს ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა ეროვნული მოძრაობის აზვირთების შემდეგ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს.

ეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვება იყო, რომელსაც საფუძვლად ედო სრულიად ქართული კონსენსუსი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე, ეროვნული ხელისუფლების სწორი, იმავდროულად, რისკიანი და თავდადებული მოქმედება.

მიმდინარე პერიოდში საერთაშორისო ვითარება კრიტიკულად დაიძაბა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა წამოიწყო აგრესიული ომი უკრაინაში. სასიცოცხლო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინას დაემუქრა, არამედ ევროპის კონტინენტს მთლიანად. კავკასიის რეგიონიც ძალზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს იმპერიის აღდგენას, რისი პირველი ნიშანიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო. ამას 2014 წელს ყირიმის ანექსია მოჰყვა. სამწუხაროდ თავისუფალი სამყარო არ აღმოჩნდა მზად კრემლის შესაჩერებლად. ორივე შემთხვევაში რუსეთმა მიაღწია სტრატეგიულ მოულოდნელობას და უპირატესობას.

ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. დასავლეთში ჯერ კიდევ მყარი იყო ილუზია რუსეთის „მოთვინიერებისა“ და მისი ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ქცევისა. თანაც ენერგორესურსების თვალსაზრისით ევროპა მთლიანად რუსეთზე აღმოჩნდა დამოკიდებული. ზოგადად უნდა ითქვას, რომ დემოკრატიული სამყაროს სტრატეგია მოსკოვთან მიმართებით ისტორიის ამ ეტაპზე მცდარი და არაშორსმჭვრეტელური აღმოჩნდა. გათამამებული კრემლი სისხლს უკვე ევროპის ტერიტორიაზე, უკრაინაში ღვრის.

რუსეთის იმპერიას აღდგენის, რეგენერაციის წარმატებული გამოცდილება გააჩნია. სწორედ ასე მოხდა XX საუკუნის პირველ მეოთხედში, რასაც შეეწირა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და რამოდენიმე ათწლეულით შეფერხდა ქვეყნის განვითარება. ანალოგიურ პროცესებს ვადევნებთ თვალყურს დღესაც და თუკი რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს მიაღწევს, ჩვენ მოწმენი ვიქნებით იმპერიის აღდგენის პირველი ფაზისა რასაც დიდი ალბათობით მოჰყვება კავკასიის დამორჩილების მცდელობა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ნიშნავს აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

რასაკვირველია სადღეისოდ იმპერიალისტური ზრახვების რეალიზაცია რუსეთს ძალზე გაუჭირდება. მას არ გააჩნია არანაირი მიმზიდველობა და ახალი იდეა. ამჯერად კრემლის აგრესიას მხოლოდ პოლიტიკური და  გეოსტრატეგიული ხასიათი აქვს და აშკარად მტაცებლურ ხასიათს ატარებს. მიუხედავად ამისა, საფრთხე მაინც ძალზე დიდია, მითუმეტეს, რომ ბირთვული იარაღის ეპოქაში ვცხოვრობთ, ისტორიის გამოცდილება კი ადასტურებს, რომ ევროპის ტერიტორიაზე დაწყებული კონფლიქტი იოლად შეიძლება მთელ მსოფლიოზე გავრცელდეს. განსაკუთრებით სახიფათო ვითარებაში არის საქართველო. კონფლიქტი ხომ უკვე ერთი წელია შავი ზღვის აკვატორიაში მიმდინარეობს.

სწორედ პონტოს ზღვა არის დამაკავშირებელი საქართველოსა და ევროპას შორის, აქვე გადის ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი გზა და მილსადენები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2008 წლის ომის ერთ-ერთი მიზეზი ენერგომატარებლების გადატანის ახალი მაგისტრალი იყო, რომელსაც რუსეთი ვერ აკონტროლებდა. ამჯერად იგი შეეცდება დასავლეთთან ტოტალური დაპირისპირების ეს პერიოდი ისე დაასრულოს, რომ ევროპის ენერგომომარაგება მთლიანად ჩაიგდოს ხელში; რითაც საქართველოს დამოუკიდებლობას და მის დასავლეთთან ინტეგრაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს, რომ ანაკლიის პროექტის შეჩერება (რითაც არ უნდა ყოფილიყო იგი გამოწვეული), საქართველოს ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო და ეს სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს.

სადღეისოდ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ძირითადი მახასიათებელი ის არის, რომ დასავლეთის სამყაროს (ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით) ამჯერად კარგად აქვს გაცნობიერებული ის საფრთხეები, რასაც აგრესიული რუსეთი უქმნის ევროპასა და მთელ მსოფლიოს. აშკარაა, რომ უკრაინელი ხალხის, აგრთვე მისი შეიარაღებული ძალების თავდადება და სამხედრო გაწვრთნილობა არ იქნებოდა საკმარისი რუსეთის არმიის შესაჩერებლად. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკური და სამხედრო ინსტიტუტების მოქმედება შეიძლებოდა უფრო სწრაფი და ეფექტური ყოფილიყო. ვფიქრობთ დასავლეთის ქვეყნები ბირთვული ომის საფრთხესთან ერთად ითვალისწინებენ საბჭოთა კავშირის მოულოდნელი დაშლის უარყოფით ეფექტს მსოფლიო უსაფრთხოების სისტემისათვის. თუმცა ომს თავისი ლოგიკა აქვს, ერთი წლის თავზე დაპირისპირებამ უფრო ხისტი და შეურიგებელი ხასიათი მიიღო, რაც რუსული იმპერიის აღდგენის შესაძლებლობას უფრო ნაკლებ საალბათოს ხდის. ამასთან, ევროპა (და მთელი თავისუფალი სამყარო) საკუთარ უსაფრთხოებასა და თავისუფლებას იცავს. ამიტომ დრამატულ დაპირისპირებას მხოლოდ ორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს: ან ევროპა უფრო ძლიერი და კონსოლიდირებული გამოვა, რასაც მისი პოლიტიკური და სამხედრო გაფართოება მოჰყვება, ან აღდგება რუსეთის იმპერია და ევროპის კონტინენტი კვლავაც მისი მძევალი აღმოჩნდება (ცივი ომის პერიოდის მსგავსად).

ამ ვითარებაში საქართველო ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციას ვერ დაიკავებს. ჩვენზე უკეთ ცოტა ვინმემ თუ იცის რუსეთის იმპერიის დაუნდობლობა და სივერაგე. ამასთან საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს უფლება ერთი საუკუნის მანძილზე ორჯერ აღმოჩნდეს დამარცხებულთა ბანაკში (რამაც დიდწილად განსაზღვრა კიდეც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგიკული ბედი). აშკარაა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა გულისხმობს თავისუფალ სამყაროსთან მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას და აქტიურ მონაწილეობას ახალ გლობალურ ცვლილებებში. ეს კი ქართული პოლიტიკური კლასის ერთიანობასა და გაბედულებას საჭიროებს. სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან კი მეტ აქტიურობასა და ერთმანეთთან ეფექტურ ურთიერთთანამშრომლობას მოითხოვს.

საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები:

პაატა კოღუაშვილი,

ნიკა სანებლიძე,

თენგიზ დიხამინჯია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×