საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში გამართული პირველი ოფიციალური საფეხბურთო მატჩის თაობაზე. 16 თებერვალს კონფერენციის ლიგის 1/16 ფინალში „ტრაბზონსპორმა“ შვეიცარიულ „ბაზელს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. თუმცა იმ დღეს ტრიბუნებზე, შეიძლება ითქვას, მთელი თურქეთი იყო წარმოდგენილი და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფეხბურთი, ამ ქვეყანაშიც, მხოლოდ სპორტი არ არის, ფაქტობრივად, დიდი პოლიტიკის რანგშია აყვანილი, ხოლო მედიასაშუალებების დახმარებით, ასეულ მილიონობით ადამიანის სასიკეთო საქმეებისთვის გაერთიანებაც შეუძლია.
უეფამ მატჩის წინ მოედნის გვერდებზე თურქულ და არაბულ ენებზე გამოფინა ბანერები წარწერით: „თქვენს გვერდით ვართ!“. ფაქტობრივად, თითოეული მაყურებელი სახელმწიფო დროშით იყო მისული (მათ შორის, ოფიციალური პირებიც...) და ეროვნული ჰიმნიც განსაკუთრებული შემართებით შეასრულეს. მატჩის წინ მიწისძვრის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი, ხოლო მატჩის მეოთხე წუთის მე-17 წამზე (მიწისძვრა 04.17 სთ.-ზე დაიწყო...) გაისმა შეძახილი: „თურქეთო, არ შეგცივდეს!“. 11-ვე დაზარალებული ქალაქის ბანერებზე ციფრებიც იყო გამოსახული, რომელთა შესაბამის წუთებზე გულშემატკივრები ერთხმად იძახდენ „აქ...“ ცხადია, „ტრაბზონსპორის“ მოთამაშეებს შავი მაისურები ეცვათ... ამასთან, სპორტული პაექრობის დაწყებამდე ტრიბუნებზე გამოისახა ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვი, მექსიკის სამძებრო-სამაშველო ჯგუფის ძაღლი, რომელიც დაიღუპა ადამიანების გადარჩენისას, აგრეთვე ყველა იმ ქვეყნების დროშები, რომლებმაც თურქეთს დახმარება აღმოუჩინეს მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში.
ამ კარგად ორგანიზებული ღონისძიების მსველობისას შენიშნა აჩი არველაძემ, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა არსად ჩანდა... არადა, ჩვენი მაშველები, ფაქტობრივად, იმავე დღეს ჩავიდნენ სტიქიით დაზარალებულ ზონაში.
შევეცდები ავხსნა, რამ განაპირობა „ისტორიული მეგობრის“ მხრიდან „ხუთჯვრიანი“ („ნაციონალური“...) სიმბოლოს „დისკრიმინაცია“... დარწმუნებული ვარ, ოფიციალური მიმართვის პასუხად ორგანიზატორები წუხილს გამოთქვამენ („შეშფოთდებიან“...) მომხდარის გამო და მას ე. წ. ადამიანური ფაქტორით ახსნიან (ანუ, „ტექნიკური ხარვეზი“ რომელიმე მუშას დაბრალდება...). თუმცა, თუ ვინმეს რეალური მიზეზი აინტერესებს, თუნდაც საშუალო განათლებამიღებულ ნებისმიერ თურქს უნდა ჰკითხოს, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში ცნობილი „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია“ წარმოდგენილი თურქეთში „წითელი ნახევარმთვარის“ სიმბოლოთი?!
ჰანს-პეტერ გასერის „საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართლის“ სახელმძღვანელოში, რომელიც ქართულ ენაზეც არის გამოცემული, აღნიშნულია, რომ 1949 წელს გამართულ გაეროს კონფერენციაზე გამოსვლისას თურქეთის წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა, რომ „თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვარი შეურაცხყოფას აყენებს მუსულმანთა რელიგიურ გრძნობებს“, რის გამოც დამპყრობელ „ჯვაროსანთა“ სიმბოლოს ვერც ჰუმანიტარული მიზნით დაუშვებდა საკუთარ ტერიტორიაზე. იმავე მიზეზით წითელი ჯვრის ორგანიზაცია ისრაელსა და ირანშიც განსხვავებული სიმბოლოებით საქმიანობს, რომლებიც ჟენევის კონვენციებით არიან დაცული (ექვსქიმიანი ვარსკვლავი და რომბი).
შესაბამისად, ლოგიკურია, თურქეთში შეეცდებიან, მაქსიმალურად აირიდონ თავი საქართველოს „ნაციონალური დროშის“ საჯაროდ გამოფენისგან და ის მხოლოდ ე. წ. დიპლომატიური ეტიკეტით დადგენილ შემთხვევებში გამოაჩინონ ( ისიც, ე. წ. უკიდურესი აუცილებლობისას...). თუმცა, ისიც მახსოვს, როგორ წარიმართა თურქეთის პრეზიდენტისა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური შეხვედრა მხოლოდ თურქეთის სახელმწიფო დროშების ფონზე...
როგორც ჩანს, თურქებიც ჩვენზე უკეთესად იცნობენ საკუთარ ისტორიას და ეროვნულ სიმბოლოებსაც სათანადო პატივს მიაგებენ. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომლის არც ხელისუფლების წარმომადგენელთა და არც მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სახელმწიფო დროშის შინაარსის (სემანტიკის) ახსნა არ შეუძლია... არადა, 2012 წელს „ქართული ოცნება” სიმბოლიკასთან მიმართებითაც გვპირდებოდა „სამართლიანობის აღდგენას”.
მაინტერესებს, მაგ., ბატონმა აჩიმ, რომელიც წლების განმავლობაში ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს თურქეთში ან ჩვენმა ელჩებმა რა იციან საკუთარი ქვეყნის „უპირველესი ეროვნული სიმბოლოს“ წარმომავლობის შესახებ. იქნებ მიმითითონ „ვარდების რევოლუციამდე“ გამოცემული ერთი წყარო მაინც (თუნდაც, უცხოური...), რომელშიც „ხუთჯვრიანი სიმბოლოს“ ქართული წარმომავლობაზე იქნებოდა მინიშნება...
ფაქტია, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებულ ჩვენს საზოგადოებასაც, „სახელმწიფო დროშის“ თაობაზე მეცნიერების კი არა, ჯერჯერობით, „მესამე პრეზიდენტის“ მორიგი საყვარლის აზრი უფრო ანტერესებს... შედეგად, როდესაც მისივე „რეფორმირებულმა“ სასამართლომ , მისივე „გაკეთებული დროშის“ (სხდომათა დარბაზში ასე განაცხადა...) ფონზე არ გადაუვადა სასჯელი, მედიასაშუალებებმა ლიზა იასკოს „საექსპერტო დასკვნაც“ გაგვაცნეს, რომლის თანახმად, „საქართველოს დროშა სისხლიანი ყოფილა...“ არადა, მართალია! „ხუთჯვრიანი სიმბოლო“ მინიმუმ 10 საუკუნეა, ძირითადად, მუსლიმების, იუდეველების და კათოლიკე რაინდების სისხლით არის შეფერილი (ზოგიერთი მკლევრის აზრით, ბარბაროს ჰუნთა ბელადმა ატილამაც მსგავსი დროშით ააოხრა ევროპა 5 საუკუნეში... ), 2008 წელს კი სააკაშვილის ავანტიურას შეწირული მართმადიდებელი ქართველების სისხლიც მიემატა...
ამდენად, საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა თუ ეღირსა და ტერიტორია არსებულ საზღვრებში მაინც შეინარჩუნა, სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე სპეციალისტებსაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც სერიოზული სჯა-ბაასი მოუწევს. ვთვლი, რომ ახალი სახელმწიფო დროშა კონკურსით უნდა შეირჩეს და ისეთივე გამორჩეული იყოს, როგორიც თავად „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ და 4 - ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერია.
ლოგიკურია ისიც, რომ საქართველოს უპირველესი სიმბოლო მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის უნდა იყოს გასაგები და, რაც მთავარია, მისაღები... ამასთან, როგორც ჩანს, სახელმწიფოს („ეროვნული“) დროშა არც უცხოელებისთვის (მით უმეტეს, მეზობელი ქვეყნის მოსახლეობისთვის) უნდა იყოს მიუღებელი...
ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი