პეტრე მამრაძე
26.02.2023

„ენჯიოკრატია ამ სამ ქვეყანაში ძირს უთხრის დემოკრატიული ინიციატივებისათვის ხელის შეწყობას. ენჯიოებმა ვერ დასძლიეს საბჭოური მემკვიდრეობა და იკავებენ ვიწრო საჯარო სივრცეს პირად და სახელმწიფო სფეროებს შორის. ამის გამო მთავრობებს კარტ-ბლანში აქვთ“, - აი, ერთერთი დასკვნა ცნობილი ექსპერტის ორისია ლუცევიჩის მოხსენებაში „როგორ დავასრულოთ რევოლუცია: სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში“. მოხსენება გამოქვეყნდა მსოფლიოში სახელგანთქმული ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის „ჩეტემ ჰაუზის“ მიერ 2013 წლის იანვარში (შეგახსენებთ, რომ ჩვენში დამკვიდრებული ტერმინი ენჯიო „არასამთავრობო ორგანიზაციის“ ინგლისური აბრევიატურაა). 

აღსანიშნავია, რომ ლიუცევიჩი განიხილავს პოლიტიკური გავლენის მქონე ენჯიოებს და არა ეკოლოგიის, ენერგეტიკის, სოციალური დაცვის და სხვა დარგობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აი, ამ მოხსენების სხვა დასკვნები:

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ისევ სუსტია, რაც იმაში ვლინდება, რომ მოქალაქეებს პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე გავლენის მოხდენის მწირი საშუალება აქვთ. ეს გამოწვეულია მათი ჩართულობის სიმცირით, კლიენტელისტური ქსელით და კორუფციით;

დასავლეთის მიერ დაფინანსებული ენჯიოები ქმნიან ენჯიოკრატიას, რომლის ფარგლებში ენჯიოების პროფესიონალ ლიდერებს აქვთ ურთიერთობა ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და დასავლეთის დონორებთან და ამ ურთიერთობას იყენებენ საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, მაგრამ ენჯიოების ლიდერები მოწყვეტილნი არიან ხალხის მასას;

ბევრი დასავლეთელი დონორი, რომელმაც განახორციელა მნიშველოვანი ინვესტიციები სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაში, ხშირად აწარმოებს „მუდმივი კლიენტების ქსელის“ მხარდაჭერის პოლიტიკას (ანუ წლიდან წლამდე აფინანსებს ერთ და იგივე ენჯიოებს, პ.მ.) და ამით ინარჩუნებს განხეთქილებას რამდენიმე კარგად ორგანიზებულ ჯგუფსა  და აქტიურ მოქალაქეებს შორის.

მოხსენებაში აღნიშულია, რომ დასავლეთში ფერადი რევოლუციები თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადეობის ტრიუმფად, თავისუფლებისა და დემოკრატიის გამარჯვების გრანდიოზულ ფინალად აღიქვეს (შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მაშინდელმა სენატორებმა ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა სააკაშვილი და იუშჩენკო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს, რასაც ზოგიერთმა ამერიკელმა მეცნიერმა მაშინათვე ,,ნაადრევი მოქმედება’’ უწოდა). მაგრამ ყოველი ფერადი რევოლუციის შემდეგ ყველა ქვეყანაში გამოიკვეთა ორი პრობლემა: ის, რომ ელექტორალურ (ანუ არჩევნებით განხორციელებულ) რევოლუციებში კოლექტიური ნების გამოხატვის შემდეგ, იგივე ხალხი რევოლუციების შემდგომ პერიოდში გავლენას ვეღარ ახდენდა ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ვერ აკონტროლებმა თავის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ის, რომ დემოკრატია უკან-უკან იხევს, თუკი  სამოქალაქო საზოგადოებიდან მნიშვნელოვანი ზეწოლა არ ამაგრებს მას, ხოლო დასავლეთის მიერ სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად დახარჯულმა მილიონობით დოლარმა ვერ უზრუნველყო მისი გაძლიერება და დემოკრატიის განმტკიცება.

მოხსენებაში აღნიშნულია: „დასავლეთს მიაჩნია, რომ პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისათვის მან უნდა გაუწიოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება ადგილობრივ ენჯიოებს, რათა მათ აქტიური ზეგავლენა მოახდინონ მთავრობაზე. ეს ადგილობრივი ენჯიოები სამოქალაქო საზოგადოების სინონიმად იქცნენ და ფაქტობრივად ახდენენ სამოქალაქო საზოგადოების დისკურსის მონოპოლიზაციას, რითაც ბლოკავენ უფრო ფართე საზოგადოებას და მოქალაქეთა ჩართულობის სხვა არაინსტიტუციურ ფორმებს“.

აგრეთვე ნათქვამია, რომ ფერადი რევოლუციების შემდეგ საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში დასავლეთის მიერ დაფინანსებულმა ენჯიოებმა ვერ შეძლეს რევოლუციების კოლექტიური ენერგიის ტრანსფორმირება ორგანიზებულ, ზომიერ სამოქალაქო ძალად.

მოწმე ვარ იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ოპოზიციას და, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს, ენჯიოები და მას-მედიის ნაწილი თავიდანვე ძალაუფლების ხელში ჩაგდების ინსტრუმენტად მიაჩნდათ. აქვე აღვნიშნავ: რომ არა ტოტალური, სრულ განუკითხაობამდე მისული კორუფცია, რომელიც სუფევდა საქართველოში ვარდების რევოლუციის წინა წლებში და, შესაბამისად, საპროტესტო მუხტი რომელიც სწრაფად ძლიერდებოდა კორუფციითა და უსამართლობით გაწამებული მოსახლეობის უდიდეს ნაწილში, ,,ახალგაზრდა რეფორმატორები’’ ვერ ჩაიგდებნენ ხელში ძალაუფლებას, რა ინსტრუმენტიც არ უნდა ჰქონოდათ. ,,ვარდების რევოლუციის’’ გამარჯვებისა და სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მმართველმა დაჯგუფებამ მიიღო ხისტი ზომები ენჯიოების და ტელევიზიების სრული დამორჩილებისათვის. საკმარისია გავიხსენოთ ,,რუსთავი 2’’-ის ფაქტობრივი განადგურება 2004 წლის ზაფხულში, როდესაც არაერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა ტელეარხი, ხოლო ,,რუსთავი 2’’-ის ცრუმაგიერ მფლობელად ოქრუშვილის ახლობელი ქიბარ ხალვაში შეარჩიეს; აგრეთვე ,,იმედი’’-ს სასტიკი დარბევა და დახურვა 2007 წლის ნოემბერში. ,,იმედი’’ რომ არ დაგვეხურა, ძალაუფლებას ვკარგავდით’’, განაცხადა მაშინ ვანო მერაბიშვილმა იულია ლატინინასთვის მიცემულ ინტერვიუში. ენჯიოების სრული დამორჩილება ბევრად უფრო ადვილი იყო. ,,ნაცებს’’ ამ მხრივ ძალიან დაეხმარა აშშ-ს პრეზიდენტის პირადი ნდობა სააკაშვილისადმი. ცნობილი ამერიკელი მეცნიერები ლ.მიტჩელი და ა.ქუული წერილში „არასწორი მიდგომა მეგობრებთან ურთიერთობისადმი“ აღნიშნავდნენ, რომ ჯორჯ ბუშმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ „საქართველო ეს მიშაა“ და რომ საქართველოსთვის დახმარება მდგომარეობდა მთელი გამოყოფილი დახმარების სააკაშვილისათვის გადაცემაში, ვინაიდან სააკაშვილმა თავის რეფორმატორ-თანაგუნდელებთან ერთად უკეთესად იცოდა, როგორ გამოეყენებინა ეს დახმარება საქართველოს საკეთილდღეოდ, ვიდრე ვაშინგტონში მყოფმა ბიუროკრატებმა. თბილისში, იმ წლებში, მართლაც დამკვიდრდა აზრი, რომ მხოლოდ ის ენჯიო მიიღებდა უცხოელი დონორების დახმარებას, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების შესაბამისი წევრები (კოლექტიური ბოკერიები და უგულავები)

გაუწევდნენ რეკომენდაციას.  

„პოლიტიკა დამოუკიდებელ საქართველოში ხასიათდება არა დემოკრატიულობით, არამედ არასტაბილურობით, კონფლიქტებით და ავტორიტარიზმით. <....> დასავლეთის საგარეო პოლიტიკამ, დიპლომატიურმა სტრატეგიამ და დახმარების ინტერვენციამ სინამდვილეში გააძლიერა ის, რასაც ლევიცკიმ და ვეიმ  „კონკურენტუნარიანი ავტორიტარიზმი“ უწოდეს და ამასთან ერთად ხელი შეუწყო პოლიტიკურ არასტაბილურობას და კონფლიქტების გამწვავებას ქვეყანაში. ასეთი მიდგომით მათ დახმარება გაუწიეს საქართველოს მთავრობას, გაეხანგრძლივებინა ძალაუფლების შენარჩუნება“ წერდა 2010 წელს ცნობილი მეცნიერი ჯოელ ლაზარუსი.

ვითარება მკვეთრად შეიცვალა 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში ,,ოცნების’’ გამარჯვების შემდეგ. „ოცნების“ ლიდერები საერთოდ არ გაეკარნენ ენჯიოებს: არც არსებული შეუზღუდავთ და არც „სათავისო“ ენჯიოები არ შეუქმნიათ. სამაგიეროდ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები მაშინ გამალებით ქმნიდნენ ახალ ენჯიოებს და „ასაქმებდნენ“ იქ თავის ყოფილ მაღალჩინოსნებს და ცნობად სახეებს. სააკაშვილის ჩანაფიქრით, ეს ძველი და ახალი ენჯიოები, მის ტელევიზიებთან და დასავლეთელ ლობისტებთან ერთად  იქნებოდა ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდების იარაღი. ამისათვის მათ უნდა „ემხილათ“ ბიძინა ივანიშვილი და „ოცნება“, როგორც პრორუსული, პუტინის მორჩილი ძალა და წარმოეჩინათ სააკაშვილი პუტინთან მებრძოლ გმირად, ხოლო ნაცმოძრაობა ერთადერთ პროდასავლურ ძალად საქართველოში. მაგრამ მოსახლეობაში არ არსებობს საპროტესტო მუხტი „ოცნების“ წინააღმდეგ, სააკაშვილს და მის თანამზრახველებს კი დიდი უარყოფითი რეიტინგი აქვთ და კაგებეს გენერლად ცნობილ თემურ ალასანიას და კაგებეს ეფრეიტორის მიხეილ სააკაშვილის ყოველი მოქმედება კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა მათთვის.

„როგროც წესი, მიშას ავანტიურები მისთვის კარგად მთავრდებოდა, ახლა კი ძალიან მძიმე შედეგი დადგა“, - განაცხადა სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ დიმიტრი გორდონისათვის რამდენიმე დღის წინათ მიცემულ ინტერვიუში. დავეთანხმოთ მას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×