მომავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყაზახეთში 19 მარტს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია დემოკრატიული რეფორმების გზაზე - არჩევნები საშუალებას მისცემს ქვეყანას ჩამოაყალიბოს უფრო კონკურენტუნარიანი მრავალპარტიული სისტემა, რაც აუცილებელია მდგრადი და სტაბილური დემოკრატიის განსავითარებლად, რომელიც გამოხატავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესს.
საარჩევნო ლანდშაფტის ცვლილება და პოლიტიკური პარტიების რაოდენობის გაზრდა განაპირობებს უფრო წარმომადგენლობითი და მრავალფეროვანი პარლამენტის ჩამოყალიბებას. ეს კი, თავის მხრივ ხელს შეუწყობს მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხის გაუმჯობესებას.
ყაზახეთში დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის მთავარი ინიციატორი პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევია, რომელმაც 2019 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებისთანავე სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის ეტაპი დაიწყო, რაც უპირველეს ყოვლისა პროცესებში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს და მათ ყოველდღიური საჭიროებებზეა ორიენტირებული.
პოლიტიკურ პროცესებში მოსახლეობის ფართო მონაწილეობა და მათთვის ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების გაჩენა, რასაც ცხოვრების პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს - ეს ის შედეგია, რაზეც ორიენტირებულია პრეზიდენტის ინიციატივები.
„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა კონსტიტუციური რეფორმების ლოგიკითაა განპირობებული, რომელიც მხარდაჭერილ იქნა ჩვენი მოაქალაქეების მიერ საერთონაციონალურ რეფერენდუმზე. მისი შედეგების მიხედვით გადავიდა ხელისუფლების წარმომადგენლობითი შტოს უფრო სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ფორმირების წესებზე.
„პარლამენტის ფორმირების ახალი მოდელი იძლევა საშუალებას სრულად იქნას დაცული ამომრჩველთა ინტერესები როგორც საერთონაციონალურ, ასევე რეგიონალურ დონეზე და უზრუნველჰყოფს შეხედულებათა ფართო პალიტრას ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში" - ასე განსაზღვრავს ტოკაევი მომავალი არჩევნების მნიშვნელობას და მის არსს.
აღსანიშნავია, რომ ახლადდაწყებულ სისტემურ პოლიტიკურ რეფორმებს უკვე აქვს თავისი დადებითი შედეგები - პირველად დიდი ხნის განმავლობაში ყაზახეთში დარეგისტრირდა რამდენიმე ახალი პარტია.
ეს პირდაპირი შედეგია საკონსტიტუციო ცვლილებების, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად გამარტივდა პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცედურა. კონკრეტულად კი, სარეგისტრაციო ზღვარი ოთხჯერ შემცირდა - 20 000-დან 5 000 სავალდებულო წევრამდე. ასევე, 600-დან 200 ადამიანამდე შემცირდა პარტიათა რეგიონალური წარმომადგენლობების მინიმალური აუცილებელი რაოდენობა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია ინკლუზიური საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად გახდა საკანონმდებლო განმტკიცება დეპუტატების მანდატების გადანაწილების 30-პროცენტიანი კვოტის შემოღებაზე ქალების, ახალგაზრდებისა და განსაკუთრებული საჭიროების პირებისათვის.
ყველა ზემოთ ნახსენები ინსტიტუციონალური ცვლილებები გააძლიერებს პოლიტიკურ კონკურენციას, უზრუნველყოფს პოლიტიკური სისტემის გახსნილობას და ხელს შეუწყობს პოლიტიკოსთა ახალი თაობის გამოჩენას.
პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ყველაზე კარგად ესმის სახელმწიფოს რეფორმირების და ფართო დემოკრატიზაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა ყაზახეთის მომავლისათვის და განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს ამ პროცესებს:
„ჩვენ შევაბიჯეთ ყაზახეთის განვითარების ახალ ეპოქაში. ქვეყანაში ყოველმხრივი და დინამიური განახლების პროცესი მიმდინარეობს. ეს არჩევნები გახდება განსახიერება საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებისა და მძლავრ იმპულსს მისცემს ჩვენი პოლიტიკური სისტემის შემდგომ მოდერნიზაციას. დღეს მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი სახელმწიფოა, რომლებიც ამგვარ მასშტაბურ გარდაქმნებს ახორციელებენ" - განაცხადა პრეზიდენტმა.
ყაზახეთი თავისი განვითარების ახალ ისტორიულ ეტაპზე გადადის, რასაც დადებითი პოლიტიკური და ეკონომიკური იმპულსი ექნება არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, რომლის ლიდერადაც ეს სახელმწიფოა აღიარებული.
ალექსანდრე ანდრიაძე