უკრაინაში კრიზისი გრძელდება. სურსათის უსაფრთხოებით დაწყებული ბირთვული საფრთხით და უშიშროების რისკებით დამთავრებული, ომის ქარცეცხლი მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას. იგი სერიოზულ გამოწვევებს უქმნის სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს და მნიშვნელოვნად ზემოქმედებს გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე.
არამდგრად მსოფლიოში ჩინეთის ხელშეწყობით მშვიდობის სხივმა გამოანათა. 6-10 მარტს, პეკინის შუამავლობით საუდის არაბეთისა და ირანის დელეგაციებს შორის დიალოგი გაიმართა, რომელიც მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გადაწყდა. საუდის არაბეთისა და ირანის განცხადებით, ორი თვის ვადაში ორივე მხარის საელჩოები და წარმომადგენლობები გაიხსნება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა დაიწყება. მოლაპარაკებებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომისიის ხელმძღვანელი- ვანგ ი თავმჯდომარეობდა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის დიალოგისა და მშვიდობის გამარჯვება, სასიხარულო ამბავი და მკაფიო გზავნილი ამჟამინდელ არამდგრად სამყაროში.
დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტიდან შვიდი წლის თავზე, საუდის არაბეთი და ირანი დიალოგს დაუბრუნდნენ და დიპლომატიური კავშირები აღადგინეს. ეს ცხადყოფს, რომ კაცობრიობის მომავალთან დაკავშირებული რთული საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელი სულაც არაა. 2021 წლიდან ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ზედიზედ „გლობალური განვითარების ინიციატივა", „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა" და „გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა" წამოაყენა. საით მიდის მსოფლიო? რა უნდა მოიმოქმედოს კაცობრიობამ? ამ კითხვებზე პასუხია მშვიდობიანი განვითარება, დიალოგი და თანამშრომლობა, ცივილიზაციათა შორის თანასწორობა, ერთმანეთისგან სწავლა და ტოლერანტულობა.
2021 წელს პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ შემოთავაზებული „გლობალური განვითარების ინიციატივა"-განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს. ამ ინიციატივით, განვითარება არის მთავარი პრიორიტეტი. ამასთან, იგი ხალხზე არის ორიენტირებული. ინიციატივის დახმარებით, საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს; გაღრმავდება ისეთ სფეროებში თანამშრომლობა, როგორიცაა სიღარიბის შემცირება, სურსათის უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, „მწვანე" განვითარება, ინდუსტრიალიზაცია; დაჩქარდება გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელება. ინიცირებიდან ერთ წელში, მას მხარი ასზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა, ხოლო „გლობალური განვითარების ინიციატივის მეგობრობის ჯგუფს" სამოცზე მეტი ქვეყანა შეუერთდა.
გასული წლის ივნისში, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა გლობალურ განვითარებაზე მაღალი დონის დიალოგს უმასპინძლა, რა დროსაც მან „გლობალური განვითარების ინიციატივის" განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზომების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ, ჩინურმა მხარემ ინიციატივის რეალიზაციის 32 ღონისძიება გამოაქვეყნა. გასული წლის განმავლობაში ამ მხრივ მთელი რიგი პოზიტიური შედეგები იქნა მიღწეული. შეიქმნა მსოფლიო თანამშრომლობის პლატფორმა, გაიზარდა ინიციატივის განხორციელებისთვის გამოყოფილი ინვესტიციები, სხვა ქვეყნებთან ერთად გავუმკლავდით სასურსათო კრიზისსა და სხვა გადაუდებელ გამოწვევებს, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების დასაჩქარებლად ეფექტური გზა გამოინახა.
უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ, 2022 წლის აპრილში პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ შემოთავაზებულმა „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივამ" - დიდი რყევების ეპოქაში სტაბილურობა და გარკვეულობა შემოიტანა. როგორი უსაფრთხოების კონცეფცია სჭირდება მსოფლიოს? როგორ შეძლებენ ქვეყნები საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფას? ამ ეპოქალურ საკითხებს „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა" მკაფიო პასუხს სცემს. ინიციატივა მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვის შესახებ ჩინეთის პოზიციას ასახავს. ინიცირებიდან მალევე, მან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. 2023 წლის თებერვალში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის კონცეფცია"გამოაქვეყნა. დოკუმენტში წარმოდგენილია მთავარიკონცეფციები და პრინციპები, თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, პლატფორმები და მექანიზმები.
საუდის არაბეთ-ირანის დიალოგი „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის" წარმატებული პრაქტიკის მაგალითია. ჩინეთმა, როგორც კეთილსინდისიერმა და სანდო შუამავალმა, მასპინძლის მოვალეობა პატიოსნად შეასრულა. საუდის არაბეთსა და ირანს შორის პეკინის დიალოგმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა. გარდა ამისა, ეს კარგი მაგალითია, რათა რეგიონის ქვეყნებმადიალოგისა და კონსულტაციების გზით გადაჭრან კონფლიქტები და უთანხმოება და კეთილმეზობლობა და მეგობრობა დაამყარონ. უკრაინაში კრიზისი ისევ გრძელდება. ერთი მხრივ, ომის გამო უკრაინელი ხალხი იტანჯება, მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა. მეორე მხრივ, ზოგიერთი ქვეყანა ცეცხლზე ნავთს ასხამს და კონფლიქტის ესკალაციისკენ უბიძგებს. ამის საპირისპიროდ, ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ დოკუმენტი - „ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის თაობაზე".
ამასთან, ჩინეთმა განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით, ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტექნიკური დახმარების პროექტისათვის უკრაინას 200 000 ევროს გადასცემს. ეს ქმედებები ჩინეთის მიერყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და მშვიდობისადმი ერთგულების გამოხატულებაა. ამასთან ეს ღონისძიებები „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის" განხორციელებისკენაა მიმართული.მომავალში ჩინეთი გააგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობას, უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მხარდაჭერას, მშვიდობისმოყვარე ქვეყნების ერთმანეთთან, მათ შორის საქართველოსთან გაერთიანებას, და პრაქტიკული ქმედებებითმსოფლიოში მშვიდობის დაცვის საქმის გაძღოლას.
მიმდინარე წლის 15 მარტს, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და მსოფლიოს პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე, გენერალური მდივანი სი ძინფინგი თავის მოხსენებაში „გლობალური ცივილიზაციის ინიციატივით" გამოვიდა.იგი ორიენტირებულია ცივილიზაციებს შორის კავშირების, გამოცდილების გაზიარების და კაცობრიობის პროგრესის ხელშეწყობაზე.
ეს არის კიდევ ერთი საჯარო სიკეთე, რომელსაც ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოებას სთავაზობს.ინიციატივა თავისი ძირითადი არსით მხარს უჭერს „მსოფლიო ცივილიზაციების მრავალფეროვნების პატივისცემას, მთელი კაცობრიობის საერთო ღირებულებების პოპულარიზაციას, ცივილიზაციის მემკვიდრეობით გადაცემისა და ინოვაციების დაფასებას, საერთაშორისო კულტურული კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას". ეს არის ახალ ეპოქაში კაცობრიობის მომავლისა და ბედის თაობაზე ჩინური აზროვნებისა და პასუხისმგებლობის ნათელი გამოხატულება. ინიციატივა კაცობრიობის მოდერნიზაციის და „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" შექმნის პროცესს ახალ სტიმულს აძლევს.
ზემოხსენებული სამი ინიციატივა ჩინური მხარის უნიკალურ შეხედულებებს და მოდერნიზაციის პრაქტიკას ემყარება. სიტყვა „მოდერნიზაცია" დასავლეთიდან მოდის და ერთ დროს იგი „დასავლურ გზასთან" ასოცირდებოდა, მაგრამ მცდარია მისი „დასავლეთის ექსკლუზივად" მიჩნევა. რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებიდან ორმოც წელზე მეტი გავიდა. ამ პერიოდში, ჩინეთი მუდამ იცავდა მსოფლიო მშვიდობას, ხელს უწყობდა ერთობლივ განვითარებას და ხვეწდა „ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის" გზას. 1978 წელს, თუ ქვეყნის მშპ 150 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 18 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2013-2021 წწ. ჩინეთის საშუალო წვლილი გლობალური ეკონომიკის ზრდაში 38.6% იყო, რითაც იგი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ჩინეთი ზედიზედ რვა წელია, რაც სავაჭრო ბრუნვით ასევე პირველია და მოსალოდნელია, რომ მალემსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ბაზრის სტატუსსაც მოიპოვებს. ფაქტები მოწმობს, რომ ჩინეთმა დასავლეთისგან განსხვავებული, ე.წ. „ჩინური სტილის მოდერნიზაციის" გზა გაკვალა და ახალი ფორმის ადამიანური ცივილიზაცია შექმნა.
„ჩინური სტილის მოდერნიზაცია" უარს ამბობს კოლონიების ექსპლუატაციის და საგარეო ექსპანსიის ძველ, მცდარ გზაზე. ეს არისმშვიდობიანი განვითარების სწორი გზა. გარდა იმისა, რომ იგი ჩინეთის ეროვნული პირობების შესაბამისი თავისებურებებით გამოირჩევა, სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც ითვალისწინებს, ისტორიასა და კულტურას არ ივიწყებს და თან თანამედროვე ცივილიზაციას აერთიანებს, ჩინელი ხალხის კეთილდღეობას და თან მსოფლიოში ერთობლივ განვითარებას უწყობს ხელს. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც მივაღწევთ კაცობრიობის პროგრესსა და მსოფლიო ჰარმონიას.
პრეზიდენტი სი ძინფინგის ეს სამი ინიციატივა ე.წ. „ჩინურ მოდელსა" და ჩინურ სიბრძნეს წარმოადგენს, რომელიც მთელი კაცობრიობის კეთილდღეობის პერსპექტივიდან გამომდინარეობს. ისტორიამ დაგვანახა, რომ განვითარება მშვიდობის გარეშე იგივეა, რაც უფესვებო ხე; ხოლო მშვიდობა განვითარების გარეშე იმ გემივითაა, რომელიც წინ ვეღარ მიცურავს. სხვადასხვა ცივილიზაციების ინკლუზიური თანაარსებობის, თანასწორობისა და ერთმანეთისგან სწავლის გარეშე, მსოფლიოს არამდგრადობისგან და კონფლიქტებისგან თავის დაღწევა და გრძელვადიანი მშვიდობისა და განვითარების მიღწევა გაუჭირდება.ამგვარად, ეს სამი ინიციატივა გამოხატავს ჩინეთის ძალისხმევას, მტკიცედ დაიცვას მსოფლიოში მშვიდობა.
ჩინეთი, როგორც ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანა პასუხისმგებლობას იჩენს. დღევანდელ მსოფლიოს თუ დავაკვირდებით, უკრაინის საკითხის გარდა, მშვიდობასა და განვითარებასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემაა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მოითხოვს, რომლებიც დაინტერესებულმა მხარეებმა დროულად და მართებულად უნდა გადაწყვიტონ. ომიდან სარგებელს ქვეყნების, მთავრობების და დაინტერესებული ჯგუფების მხოლოდ მცირედი ნაწილი ნახულობს. 21-ე საუკუნის ადამიანებს ორი მსოფლიო ომიდან მიღებულმა გაკვეთილმაჭკუა საკმარისად გვასწავლა. საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ცხადყოფს, რომ რაც არ უნდა რთული იყოს პრობლემა, რაც არ უნდა დიდი იყოს გამოწვევა, თუ ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის სულისკვეთებით ვაწარმოებთ დიალოგს, ერთმანეთისთვის მისაღები, მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა აუცილებლად მოინახება.
ჩინეთი მზადაა, სამი ინიციატივის მიხედვით, აქტიურად იმუშაოს მშვიდობისმოყვარე და დამოუკიდებელ განვითარებად ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან, რათა გავაღრმაოთ „სარტყლისა და გზის" ფარგლებში მაღალ დონეზე თანამშრომლობა, მტკიცედ დავიცვათ მშვიდობა ევრაზიის კონტინენტსა და მთელ მსოფლიოში, ხელი შევუწყოთ ერთობლივ განვითარებას, ცივილიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას და „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" შექმნას.
ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ჭოუ ციენი