საპატრულო პოლიციის აზრით, გზის სავალ ნაწილზე ავტომობილის გაჩერება თურმე ყველგან არის აკრძალული...
რეზონანსი
26.03.2023

საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი „ურყევი ნება სამართლებრივი სახელმწიფო დაგვემკვიდრებინა” კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ, ხოლო რამდენიმე წლის წინ უზენაეს კანონს გარდამავალი დებულებაც დავუმატეთ „ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ განვლილი სამი ათეული წლის განმავლობაში შუქნიშნები, საგზაო მონიშვნა და საგზაო ნიშნები დედაქალაქშიც კი ვერ შევუსაბამეთ „ევროსტანდარტებს“, რის გამო მძღოლებს ართუ იშვიათად, სრულიად უსაფუძვლოდ ვაჯარიმებთ. 

როგორც აღმოჩნდა, „ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნათელი პერსპექტივის მონიჭების“ მიუხედავად, მკაფიოდ („განჭვრეტადად“) ისიც კი არ გვაქვს განსაზღვრული, თუ სად აქვთ მძღოლებს ავტომობილების გაჩერების უფლება, რამაც გასული წლის 15 ოქტომბრიდან ჯარიმების გახუთმაგების შემდეგ, ათასობით მძღოლს დამატებითი პრობლემები შეუქმნა. მათ შორის, მეც აღმოვჩნდი... მიუხედავად იმისა, რომ ამაღლების ქუჩის #11-ის წინ ოთხი ათეული წელია, რაც ავტომობილს ვაჩერებ და არავის მოუცია შენიშვნა (მით უმეტეს, გზის მეორე მხარეს შსს მინისტრიც ცხოვრობდა და პრემიერ-მინისტრიც...), 17 ოქტომბერს „უკონტაქტო პატრულმა“ 50 ლარით დამაჯარიმა. 

ვინაიდან ვერ გავიგე, თუ რაში მედებოდა ბრალი, ლათინური ასოებით „დამესიჯებული“ საჯარიმო ქვითარი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გავასაჩივრე, საიდანაც ახლახან მაცნობეს, რომ თურმე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე“... 

მიუხედავად იმისა, რომ სამართლდამცავთა აზრით, „ჩემ მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითარი (ვიდეოჯარიმა) გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით“, ვინაიდან ოფიციალური განმარტება წინააღმდეგობაში მოდის, ჩემთვის ცნობილ, როგორც ევროპულ, ასევე საქართველოში მოქმედ რეგულაციებთან (რედაქციულ ხარვეზებს არ დავეძებ...), თავი ვალდებულად ჩავთვალე, სასამართლოსთვის მიმემართა, რომ მისი დახმარებით მაინც გამერკვია, რატომ დამეკისრა სოლიდური ოდენობის ჯარიმა... მით უმეტეს, დეპარტამენტში საჩივარი ჩემ გარეშე განიხილეს, რის გამოც არ მომეცა კითხვების დასმის და დეპარტამენტში დასაქმებულ სპეციალისტებთან სადავო საკითხში გარკვევის საშუალება. 

ფაქტია, რომ შესაბამისი კანონით სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე ყველგან კი არ არის აკრძალული, არამედ მხოლოდ კანონშივე განსაზღვრულ კონკრეტულ მონაკვეთებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსურდული ვითარება შეიქმნებოდა და გზის სავალ ნაწილზე გაჩერებული ყველა ავტომობილის მძღოლი იქნებოდა დასაჯარიმებელი, რასაც ვერც ჩვენი ქვეყნის „სტრატეგიული პარტნიორები“ გაიგებდენ და ვერც „ევროპელი მეგობრები“... 

არა მარტო დიპლომირებული იურისტებისთვის, არამედ ავტომობილის მართვის უფლების მქონე ყველა მოქალაქისთვის ცნობილია, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტში ჩამოთვლილია გზის სავალი ნაწილის ის კონკრეტული მონაკვეთები, რომლებზეც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება. კერძოდ: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე...; ა.ბ) გზაზე გამავალი რკინიგზის ლიანდაგებზე...; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს..., ხოლო ამავე მე-6 პუნქტის მომდევნო ბ), გ) და დ) ქვეპუნქტებში გზის სავალი ნაწილის სხვა მონაკვეთებიაც არის ჩამოთვლილი, რომლებზეც ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ან/და დგომა. 

შესაბამისად, თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობის წლებში მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილი სანქციებს „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ საგზაო ნიშნების უგულვებელყოფისთვის, „ აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დაუცველობისთვის“ აწესებს, მძღოლის დაჯარიმებისას კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული „დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული“ რომელი მოთხოვნა დაარღვია. შესაბამისად, უკვე მოსამართლეს მოუწევს ამიხსნას, რატომ ვითვლები სამართალდამღვევად და აქვს თუ არა საპატრულო პოლიციას საქართველოს მოქალაქესთან არასახელმწიფო ენაზე კომუნიკაციის უფლება... 

მსგავს შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, თუნდაც უნებლიედ, არასწორად განმარტავს კანონს, სწორედ მოსამართლე უნდა იყოს ის დამოუკიდებელი „მესამე ხელისუფალი”, ვინც დავის წარმოქმნისას გონივრულად (ლოგიკურად) განმარტავს, თუნდაც ბუნდოვან („არაგანჭვრეტად“) ნორმებს და მათ სამართლიანი (ლოგიკური, გონივრული) ნორმატიული შინაარსით გამოიყენებს. რაც შეეხება ჩემ მიმართ 17 ოქტომბერს შედგენილი საჯარიმო ქვითრის „კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოცემულად“ მიჩნევას, სავარაუდოდ, უნებლიედ დაშვებულ „ტექნიკურ ხარვეზთან“ კი არ უნდა გვქონდეს საქმე, არამედ საქართველოში იურიდიული განათლების სფეროში არსებულ სერიოზულ პრობლემასთან, რის გამოც პარლამენტიც უარს ამბობს მის მიერ დაკანონებული ნორმების ოფიციალურ („ავთენტურ“) განმარტებაზე, ხოლო სასამართლოები მოქალაქეებს დღემდე აჯარიმებენ 1984 წელს მიღებული კოდექსით მაგ., საბჭოთა კავშირში 1992 წლამდე მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი „ტექნიკური რეგლამენტის“ დარღვევისთვის, რომელიც დღემდე არ არის სახელმწიფო ენაზე თარგნილი (მხოლოდ რუსულ ენაზე არსებობს...).

ამდენად, ფაქტობრივად, ისევ ვცდილობ, საკუთარი წვლილი შევიტანო საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებასა და ტოტალიტარიზმისდროინდელიდან მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნა და/ან აბუჩად აგდება...) დაძლევაში. თუმცა ფაქტია, სამართლებრივი სახელმწიფო კანონის უზენაესობის პრინციპის პრორიტეტულად აღიარების და რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე მხოლოდ ფიქციაა. ამასთან, აშკარად გაგვიმართლა, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს, როგორც ჩანს, არ აქვთ ინფორმაცია ადგილობრივი („ქართულ-ჯიგრული“) მოძრაობის წესების სპეციფიკურობის თაობაზე, თორემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მე-13 რეკომენდაციის შესრულებაც მოგვიწევდა...

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×