ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის სენსაციური აღმოჩენა პარიზში...
რეზონანსი
09.04.2023

რამდენიმე დღის წინ „ტელეიმედმა” ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის, სოხუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ამჟამად კი პარიზის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტის, ბექა ჭიჭინაძის „სენსაციური აღმოჩენის“ შესახებ გვამცნო (29.03.2023, „იმედის დილა“). მას პირველი წიგნიც გამოუცია: „საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობა და ქართულ-ჯვაროსნული ურთიერთობები“. გამოდის, რომ „მოქალაქეთა კავშირის“ დროინდელი პარლამენტის მიერ დაკანონებიდან მე-19 წელს მაინც გვეცოდინება მოქალაქეებს „საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის“ ისტორია... 

არადა, „ნაციონალური საკრებულოს“ დადგენილებით (43 მომხრე 2 წინააღმდეგი...) ადმინისტრაციული შენობის თავზე „დავით აღმაშენებლის ხუთჯვრიანი დროშა“ კიდევ უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2002 წელს აღიმართა, თუმცა პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით „დღეისთვის არსებული სახე „გორგასლიან-დავითიანმა“ დროშამ, სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს მიიღო“...

ვინაიდან 1995 წლიდანაც მაქვს შემონახული დღეისთვის არსებული სახის „საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა“, რომელიც ფილარმონიაში გამართულ წინაასარჩევნო ღონისძიებაზე გადმომცეს „მოქკავშირელებმა“ და თსუ-ის პროფესორ თედო დუნდუას ნაშრომსაც ვიცნობ, რომელშიც ასკვნის, რომ „ხუთჯვრიანი სიმბოლო კათოლიკური სამყაროს მაინტეგრირებელია და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა“ („ძელი ცხოვრებისა და მისი ვარიანტები“, თბილისი, 2000 წელი), ცხადია, მაინტერესებს ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული მართლმადიდებელი ქართველების „ეროვნული (ნაციონალური) დროშის“ ევროპული ფესვები... (კავშირები). მით უმეტეს, ვიცი, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, სპეციალისტთა ჯგუფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა დოღონაძის ხელმძღვანელობით საგანგებოდ იქნა მივლინებული თურქეთში, ირანში, საბერძნეთში, იტალიასა და საფრანგეთში, მაგრამ ვერც „ქართულ ხუთჯვრიან დროშას“ (თუნდაც, „ნადავლის“ სახით გატანილს...) და ვერც ხუთჯვრიანი სიმბოლოს ქართული წარმომავლობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას ვერსად მიაკვლია. 

დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი იმ გარემოებასაც ახსნის, „TEMPLAR FLAG” (ტამპლიერების დროშის) თობაზე „გუგლში" ინფორმაციის მოძიებისას, თუ რატომ ჩნდება „საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის“ უძველესი ეგზემპლარი და მისი ისტორია...

ბესო ჭიჭინაძის ნაშრომის აქტუალობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ქართველი მეცნიერების აზრით: „დასავლური ისტორიოგრაფია საერთოდ არ იცნობს ხუთჯვრიან ქართულ ისტორიულ დროშას. არქივებსა და წიგნთსაცავებში, აგრეთვე ასწლეულების მანძილზე შექმნილ ათასობით სამეცნიერო პუბლიკაციაში, მათ შორის, სქელტანიანი მონოგრაფიებში, ჩვენმა მეცნიერებმა დღემდე ვერ მოიძიეს ხუთჯვრიანი დროშის ქართულ წარმომავლობაზე მიმანიშნებელი ვერც ერთი ცნობა. რა თქმა უნდა, დასავლეთში ქართველებზე გაცილებით უკეთ იციან, რა სიმბოლოები არის გამოსახული მათსავე რუკებზე. ცნობილია ათამდე ქვეყანა, რომელთაც შუა საუკუნეებში ხუთჯვრიანი დროშები ჰქონდათ და მათ შორის საქართველო არ იხსენიება. ევროპელმა მეცნიერებმა ისიც დანამდვილებით იციან, თუ რატომ არის ძველ საზღვაო რუკებზე ჯვაროსნული და დასავლეთევროპული დროშებით მონიშნული აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტების ცალკეული ტერიტორიები. როგორც ჩანს, საქართველოსთან დაკავშირებითაც ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე (ევროპელების მიერ შედგენილ რუკებზე კათოლიკური მისიების ადგილსამყოფელია აღნიშნული). ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ისე ნაჩქარევად მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო დროშის შეცვლის შესახებ, რომ ქართველ მეცნიერებს მოცემული საკითხები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სათანადოდ შესწავლილი“ ( გიორგი მაჭარაშვილი, „დროშა გორგასლიანი“, თბილისი, 2011) .

ამდენად, იმედი მაქვს, ბატონი ბესოს წიგნის გაცნობის შემდეგ მაინც გვეცოდინება მოქალაქეებს იმ დროშის წარმომავლობა, რომელიც სამთავრობო დაწესებულების გარდა, სკოლის შენობებზე გვაქვს გამოფენილი, ამასთან, საპროტესტო აქციებზეც ვაფრიალებთ და სპორტსმენების ქომაგობის დროსაც... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×