ია აბულაშვილი
22.12.2021

"პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდება მძიმე საპროტესტო ფორმების გამოყენების გზით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ტყვე, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ის არ იმსახურებს ციხეში ჯდომას"- ამ განწყობით შიმშილობს "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად. მასობრივი შიმშილობის აქციაში ჩაერთო 300-ზე მეტი ადამიანი. მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, მხარადამჭერებს და აქტივისტებს ცოტნე დადიანები და ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებლები უწოდა.

"ნაცმოძრაობის" შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით პირველი შეფასებები გაკეთდა. სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ეს შიმშილობა არის პარტიის ლიდერების პოლიტიკური თვითშეგნების და პიროვნული კეთილსინდისიერების საკითხი; პასუხისმგებლობის ის ტვირთი, რომელიც აწევთ ლიდერებს, განსაკუთრებით ნიკა მელიას. ნიკა გვარამიას თქმით, ემოციური რაციონალიზმი, რომელიც ამ აქციის ერთ-ერთი მნიშვენლოვანი ფაქტორი უნდა იყოს, ქართულ პოლიტიკაში წარმატების შეუმცდარი ფორმულაა.

დანარჩენი ოპოზიცია "ნაცმოძრაობის" ამ გადაწყვეტილებას უხეშ შეცდომად აფასებს და აცხადებს, რომ მათი თანამებრძოლები რეალობას მოწყდნენ და არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ პარტიის ოფისთან შიმშილობის გამო "ქართული ოცნება" კომპრომისზე წავა.

"ოცნებაში" კი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის დავალება, მისმა მხარდამჭერებმა იშიმშილონ, მორიგი პროვოკაციაა. პარტიის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ამ აქციის ადრესატი არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალა აშანატაჟებს შეიწყალოს სააკაშვილი.

მათი თქმით, "ნაცმოძრაობამ" შიმშილობის აქციით, ფაქტობრივად უარი თქვა იმ ფორმატზე, რასაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სთავაზობს პოლიტიკურ ძალებს და თავადვე დახურა შერიგების თემა.

ანალიტიკოსების შეფასებით კი "ნაცმოძრაობის" ბოლო აქციები პიროვნული კულტის სფეროში გადადის.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ მოცემულ მომენტში "ნაცმოძრაობის" მთავარი სამიზნე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყოს, რადგან, მხოლოდ მას აქვს უფლება შეიწყალოს სააკაშვილი.

"მასობრივი შიმშილობის აქცია ახალი არ არის და ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს 1988 წლის ნოემებრის აქცია როგორ დასრულდა, შედეგის გარეშე. ვანახოთ ეს აქცია როგორ წარიმართება და ექნება თუ არა მძლავრი გამოხმაურება, რეზონანსი, იგივე დასავლეთიდან.

"ჩემი პროგნოზით, არა მგონია, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვეს, და არც ის მგონია, რომ დიდხანს გაქაჩონ შიმშილობა. რა პერსპექტივა აქვს შერიგების პროცესს? ვფიქრობ, რომ პროცესი გაგარძელდება, როცა დარწმუნდება "ნაცმოძრაობა" რომ პრეზიდენტი არ აპირებს შეიწყალოს სააკაშვილი. მას სხვა გზა არ რჩება, უნდა დაიწოს შერიგების პროცესი. ისე ზურაბიშვილი ამ ზეწოლაში მარტო არ არის, ზეწოლა ხორციელდება ოცნებაზეც" - განცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

"ნაცმოძრაობის" მიზანი, მასობრივი შიმშილობის აქციით აიძულოს სალომე ზურაბიშვილი შეიწყალოს სააკაშვილი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, რადგან სამართლებრივი ბერკეტი, მოკლე დროში გათავისუფლდეს სააკაშვილი, მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის ხელშია.

"ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი სააკაშვილი შეიწყალონ, აქვს პრეზიდენტს და მას შეუძლია გამოიყენოს თავის საკუთარი უფლება, მაგრამ არ ვიცით რამდენად წავა ამ ნაბიჯზე ზურაბიშვილი, ალბათ მოვლენების განვთარებას დაელოდება.

"როგორ გადაწყდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შერიგების ამბავი, ალბათ პროცესი გაგარძელდება. დღეს სალომე ზურაბიშვილი გამოდის გამაერთიანებლის როლში და ალბათ ელოდება ქულების დაიწეროს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, მოახდინოს ერის კონსოლიდაცია, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, რამდენად გულწრფელია შერიგება-შეთანხმების საკითხში თავად სალომე ზურაბიშვილი?"- განაცხადა "რეზონანასთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×