თამთა ჩაჩანიძე
28.06.2022

უკრაინის ფრონტზე ოკუპანტის მორიგი სამიზნე ცნობილია - რუსული მედია უკვე წერს, რომ მათი ნაწილები ფაქტიურად ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდნენ და „ლისიჩანსკის დაცემის შემდეგ, ხარკოვზე შეტევისთვის ემზადებიან". მათივე ცნობით, ბრძოლები უკვე ხარკოვის შემოგარენში მიდის. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ლუგანსკის ოლქში უკრაინელების კონტროლის ქვეშ მყოფი ბოლო ქალაქის, ლისიჩანსკის დაცემა შესაძლოა ბრძოლის მეორე ეტაპის დასასრულად ჩათვალონ, თუმცა მესამე ეტაპის დაწყებისთვის რუსებს ოპერატიული პაუზა უთუოდ დასჭირდებათ.

ამასთან, ექსპერტები ამბობენ, რომ ბრძოლის მეორე ეტაპის ვლადიმერ პუტინის გეგმები რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის სრულ ოკუპაციას გულისხმობს, რუსეთმა ვერ შეასრულა, რადგან დონეცკის ოლქის მნიშნელოვანი ნაწილი - დაახლოებით 12 ათასი კვადრატული კილომეტრი - კვლავ უკრაინელების კონტროლის ქვეშაა.

რაც შეეხება უკრაინაში სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვს, სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ იგი კარგადაა დაცული და თუკი რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ამ ქალაქს შეუტიოს, ეს უკრაინელებისთვის ერთგვარი საშუალება იქნება, რომ მოწინააღმდეგეს მახე დაუგონ და ხარკოვი რუსული ელიტური სამხედრო ნაწილების ერთვარი სასაკლაო გახდეს.

რა ხდება ფრონტის ხაზზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის მიმართულებით მტრის თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა რუსული ჯარების ძირითადი ჯგუფი ორიენტირებულია უკრაინის სახელმწიფო საზღვრამდე უკრაინელი სამხედროების წინსვლის აღკვეთაზე, აგრძელებს თავდასხმის ოპერაციებს ტაქტიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად და უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შესაკავებლად.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერმა დოვჰენკე-დოლინაზე შტურმი განახორციელა და შექმნა პირობები სლავიანსკზე თავდასხმისთვის.

ლისიჩანსკის მიმართულებით, ოკუპანტებმა, ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენების გარდა, მიკოლაივკასა და იაკოვლივკას რაიონებში საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

ასევე უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები არტილერიით ესროდნენ კოსტიანტინივკას, ბილოჰორივკას, ვიიმკას, პოკროვსკის, ბახმუტისა და სოლედარის რაიონებს. უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს იერიში იეჰორივკა-პავლივკას მიმართულებით, მტერმა დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა კი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას ქალაქ ლისიჩანსკში სევეროდონეცკიდან უკან დახევის შემდეგ, მათივე ცნობით, სევეროდონეცკში რუსეთმა ექვსი სხვადასხვა არმიის ძირითადი ელემენტები განათავსა, მაგრამ ქალაქში მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია.

ოკუპანტებმა მიკოლაივს დაახლოებით 11 რაკეტა ესროლეს. ზოგიერთი მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. დაბობმეს ოჩაკოვო - ოკუპანტებნმა დაარტყეს ბაზრის ტერიტორიას, კულტურის სასახლის შენობას, ორ საცხოვრებელ კორპუსს. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ექვსი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.

ქალაქი ლისიჩანსკი „ურაგანის" ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბეს, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა, 21 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბრძოლა ხარკოვის შემოგარენში - რას წერს რუსული მედია

28 ივნისს რუსულმა ინტერნეტპორტალმა „რუსსკაია ვესნამ" დაწერა, რომ რუსული ნაწილები უკვე მიადგნენ ხარკოვს და ქალაქის გარეუბანში პოზიციური ბრძოლები მიდის, ინფორმაციას თან ვიდეოც აქვს დართული, სადაც რუსული არტილერიის დარტყმის ადგილებზე კვამლი ამოდის.

გამოცემა „სვობოდნაია პრესა" კი პირდაპირ წერს, რომ მათი ინფორმაციით, რუსული არმია მოკავშრეებთან ერთად (იგულისხმება ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების შეიარაღებული ფორმირებები) ხარკოვზე შეტევისათვის ემზადებიან.

„რუსული ჯარები ახდენენ ცოცხალი ძალისა და საინჟინრო აღჭურვილობის მობილიზებას ხარკოვის რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით დასახლებულ პუნქტ ველიკი ბურლუკთან. აქ გადის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზები - საავტომობილო გზა და რკინიგზა", - წერს გამოცემის სამხედრო მიმომხილველი კონსტანტინ ოლშანსკი.

მთავრდება თუ არა ომის მეორე ფაზა

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ომის მესამე ფაზის დასაწყებად პირველ რიგში რუსებს ოპერატიული პაუზა სჭირდებათ. ამასთან, რუსებს ომის მეორე ფაზის გეგმები ბოლომდე მიყვანილი არ ჰყავთ. ხარკოვს რაც შეეხება, ის საკმაოდ დაცული ქალაქია და მისი აღება გაუჭირდებათ.

„ბრძოლის მესამე ეტაპი ზოგადად მოსალოდნელია. ამისთვის რუსები მომზადებას საჭიროებენ, მაგრამ ასე პირდაპირ მესამე ეტაპის დაწყება ვერ მოხდება, ამაში ორი აზრი არაა.

„ხარკოვი ცოტა სხვანაირადაა დაცული, ვიდრე ლისიჩანსკი. ლისიჩანსკზე და სევეროდონეცკზე დიდი ხანია ვიძახდი, რომ რუსები აიღებდნენ, რადგან რუსებს შესაძლებლობა მეტი ჰქონდათ.

„რაც შეეხება ხარკოვს, ეს ცოტა სხვა თემაა, კარგად დაცულია და ამის გარდა დონეცკის ოლქში უკრაინელების კონტროლ ქვეშ სადღაც 12 ათასი კვადრატული კილომეტრი ჯერ კიდევ აქვთ. რუსებმა ასე პირდაპირ მოუმზადებლად თუ გააგრძელეს, მაშინ მესამე ეტაპი არ გამოვა, მეორე ეტაპი რაღაც ოპერატიული პაუზით და ჯარების გადაწყობით უნდა დასრულდეს.

„ლუგანსკი ოკუპირებულია და ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსები უკვე ფაქტიურად გავლენ. მაგრამ ამოცანა, რომელიც მანამდე გამოაცხადეს, ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა იყო, ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, რადგან დონეცკში ჯერ კიდევ 12 ათასი კვადრატული კილომეტრი უკრაინელების კონტროლვქშაა, ანუ უკრაინელებს ნახევარი დონეცკი ჯერ კიდევ აქვთ.

„აქ (დონეცკში) სიღრმეების მიხედვით ზღუდეებია განლაგებული. უკრაინელებს ლისიჩანსის დატოვებით შეუძლიათ, რომ მომზადებულ ზღუდეზე გადავიდნენ, დიდი ალბათობით ეს იქნება სევერსკი, ბახმუტი, ან უფრო ღრმად სლავიანსკი, კრამატორსკი პოპასნაია. შესაძლოა გეგმიური უკანდახევა განახორციელონ და ამ მიმართულებით გადაეწყონ", - განაცხადა კაპანაძემ.

ხარკოვი, როგორც ხაფანგი რუსებისათვის

როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, უკრაინას აქვს იმის საშუალება, რომ ხარკოვში თავი არა მხოლოდ დაიცვას, არამედ რუსული სამხერო ნაწილების დიდი რაოდენობა გაანადგუროს. ამიტომაც ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსებმა აქ შესაძლოა სატყუარა შეტევა განახორციელოს, რათა უკრაინელების ყურადღება გადაიტანონ.

„არ გამოვრიცხავ, რომ ლისიჩანსკი რუსებმა კი არ აიღონ, არამედ უკრაინელებმა იქიდან თავისი ნაწილების ევაკუაცია მოახინონ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინელები აქ ბოლომდე იდგნენ და დაიცვან ქალაქი.

„რაც შეეხება უშუალოს ხარკოვბზე იერიშს, უკრაინას იმის საშუალება აქვს, რომ აქ თავი არა მხოლოდ დაიცვას, არამედ ხარკოვში რუსული ნაწილების ძალიან დიდი რაოდენობა გაანადგუროს. მეტსაც გეტყვით, ხაკოვი რუსული ელიტური სამხედრო ნაწილების ერთვარი სასაკლაოა და თუკი რუსეთმა გადაწყვიტა, რომხშეუტიოს და მაქსიმალური დაწოლა განახორციელოს, ეს შესაძლებელია უკრაინელებისთვის ერთგვარი საშუალება აღმოჩნდეს, რომ რუსებს სამხედრო მახე დაუგონ და მათი შეტევები სრულიად მოსპონ.

„თუ რუსებმა ოდნავ მაინც ჭკუა ისწავლეს, ისინი ხარკოვზე არ წავლენ, რადგან, წესით, რუსებისთვის შეტევის შემდგომი მიმართულება სლავიანსკი და კრამატორსკი უნდა იყოს და არა ხარკოვი, რადგან დონეცკის რაიონი დიდწილად უკრაინელების კონტროლქვეშაა. ამიტომ ხარკოვზე მგონია, რომ მხოლოდ ფარსირებული შეტევა იქნება, რომ უკრაინელების ყურადღება გადაიტანონ.

„ლუგანსკის რაიონის 95-97% რეალურად რუსების ოკუპაციის ქვეშაა, ლისიჩანსკის შემოგარენის დიდი ნაწილი დაიკავეს კიდეც. არ ვფიქრობ, რომ ამ ეპატზე აქ უკრაინელების მხრიდან ძირითად ბრძოლა ღირს, მაგრამ შესაძლებელია ლუგანსკიდან დონეცკის რაიონის იმ ქალაქებში მოხდეს გადასვლა, როგორებიცაა კრამატორსკი და ბახმუტი, ან სლავიანსკი, ან ისეთი სტრატეგიული ქალაქები, როგორიცაა ავდიივკა და ა.შ.

„ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ ლუგანსკის რაიონში ახლა ისეთი დიდი დარტყმა უნდა იქნას მიყენებული, რომ რუსებმა შემდგომი შეტევა უკვე დონეცკის მიმართულებით ასე თავისუფლად უკვე ვეღარ განახორციელონ", - განაცხადა კობერიძემ რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×