თამთა ჩაჩანიძე
18.07.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს - იგი ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუციაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ბევრ „დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს", რისთვისაც ევროკომისიას მოუწოდებს მკაფიო პოზიცია გამოხატოს ბრალდებებზე არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, ასევე მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.

რაზეა ყურადღება გამახვილებული პრემიერის წერილში

წერილში საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობას უხდის იმისთვის, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს. როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში მზადაა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

„როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ.

„რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე, მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება".

რეზოლუციაში, ასევე, გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს".

„გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, "განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა".

„ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა.

„გასაგებ მიზეზთა გამო, ამ წერილში არ შევჩერდები ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ წვლილზე 2012 წელს საქართველოში არადემოკრატიული მმართველობის დასრულებასა და 2012 წლიდან ქვეყნის ფუნდამენტური დემოკრატიული წინსვლის უზრუნველყოფაში. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებაზე არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელიც პირადად ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის.

„გარდა ამისა, რეზოლუციის ჩანაწერები გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და შესაბამისად, ჩემი ქვეყნისთვის ამ თვალსაზრისითაც პრობლემურია.

„ასევე, რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს.

„მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად თქვენ ამისათვის მადლობას გიხდით.

„თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს.

"გარდა ამისა, შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით შედგენილი შეფასების დოკუმენტების ანალოგიურად, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა.

„როგორც უკვე აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს.

„მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამ შემთხვევაშიც, ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში."- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

რითია განპირობებული ევროკომისიის პრეზიდენტისთვის წერილის მიწერა

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ევროპარლამენტის რეზოლუციით გამოდის, რომ ქვეყანა არა არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის, არამედ პოლიტიკისგან განყენებული კულისებში მყოფი ადამიანის მიერ იმართება.

„წერილის იმ ნაწილს ვეთანხმები, რომ ამ რეზოლუციის თანახმად, ისე გამოდის, რომ ქვეყანა არა არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის, არამედ პოლიტიკისგან განყენებული კულისებში მყოფი მადამიანის მიერ იმართება .

„როცა რეკომენდაციებში დეოლიგარქიზაციაა ჩაწერილი, ამ დროს ევროპარლამენტარ იუკნევიჩიანესგან პერსონიფიკაცია ხდება, შემდეგ კი ამას მაიკლ გალერი იმეორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან უნდა წავიდესო, ისმის კითხვა საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა რა უნდა გააკეთოს, სამშობლო დატოვოს?!

„დარწმუნებული ვარ დეოლიგარქიზაციის საკითხი არაერთხელ წამოიჭრება, მსუყე თემაა, რასაც ოპოზიცია მისი უცხოელი ლობისტები მოასხდნენ. ამიტომაც ეს წერილი სწორედ იმას ემსახურება, რომ ამ საკითხში თავიდანვე სიცხადე იქნას შეტანილი, რომ მითქმა-მოთქმის და სპეკულაციების საგანი არ გახდეს, რადგან შემდეგ, როცა 12 პუნქტის შესრულების დრო დადგება, ორმაგი ინტერპრეტაციები არ იყოს.

„ჩემი აზრით ეს წერილი იმისკენაა მიმართული, რომ ევროკომისიაც და საქართველოს ხელისუფლებაც ერთ ფურცელზე იყვნენ - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე საპასუხოდ რა შეიძლება პრემიერმა ევროკომისიისგან მიიღოს, ანჯაფარიძე ამბობს, რომ უწყება გაიმეორებს იმას, რაც ბოლო პერიოდში ევროპელი ლიდერებისგან იქნა გაჟღერებული, რომ დეოლიგაქრიზაცია პერსონალიამდე არაა დაყვანილი და რომ ის ზოგადი კანონია.

„ევროპული სტრუქტურები ერთმანეთის მიმართ სოლიდალურები არიან, ლაიენის საპასუხო წერილში ალბათ არ იქნება ის, რომ რეზოლუციაზე რაიმე კრიტიკული, ან კრიტიკულთან მიახლოვებული შენიშვნა გამოთქვას. ალბათ, ზოგადი მინიშნებები იქნება, რასაც დიპლომატიურ ენაზე ვისმენთ, რომ დეოილიგარქიზაცია პერსონალიებამდე არაა დაყვანილი და ეს მთელი ქმედებების სისტემაა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ კულისებიდან არაფორმალური მართვა ვერავინ შეძლოს.

„გაიმეორებენ იმას, რაც ჩვენ ამ დღეებში სხვადასხვა ევროპელი მაღალჩინოსნებისგან უკვე მოგვისმენია. ალბათ დაახლოებით ასეთი პასუხი იქნება მოწერილი,- განაცხადა ანჯაფარიძემ.

„როდესაც შენგან რაღაცას ითხოვენ, დასაზუსტებელია რას ითხოვენ"

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ წერილის მიწერისთვის ბევრი მიზეზი იყო დაგროვილი.

„ევროპარლამენტის დადგენილებაში ევროპელი პოლიტიკოსების გამონათქვამები პუნქტებადაა გადაქცეული, ამიტომაც წერილის მიწერის ბევრი მიზეზი გროვდება. ევროკომისიამ ევროპარლამენტის ეს პუნქტები არ გაიზიარა, მაგრამ, ალბათ პასუხის გაცემა რამდენიმე მიზეზის გამო საჭიროა.

„ერთი ის, რომ როდესაც შენგან რაღაცას ითხოვენ, დასაზუსტებელია რას ითხოვენ. მოთხოვნის პერსონიფიცირება გაუგებარია, რომ ოლიგარქი მაინცდამაინც ივანიშვილია და არა სხვა, ასე საკითხის დაყენება ძალიან „ნაცმოძრაობის" სტილშია. სავარაუდოა, რომ წინა პლანზე ეს მომენტი მოდის, პრაქტიკულად გამოდის, რომ ოპოზიციის სტილით გაკეთებული დოკუმენტი ოპოზიციის გააქტიურებას იწვევს, რაც თავის მხრივ ქვეყანაში პოლარიზაციას გაზრდის.

„იმისთვის, რომ მერე საქართველოს მთავრობას არ უთხრან, პოლარიზაცია არ დაიძლიაო, პრაქტიკულად ამისთვის აღინიშნა, რომ რიგმა დოკუმენტებმა საქართველოში პოლარიზაციის გაზრდა გამოიწვია. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პოლარიზაციის გაზრდის პასუხისმგებლობა აიცილოს და მეორეს მხრივ ევროპას მოთხოვნების დაზუსტებისთვის ნაბიჯები გადაადგმევინოს."- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ეს წერილი ევროკომისიისგან უპასუხოდ არ დარჩება და საკითხების განსახილველად რეაგირება იქნება, წარმომადგენლის გამოგზავნის სახით.

„ამ რანგის დიალოგი, როცა პრემიერი იწერება და პასუხს ითხოვს, მისი უპასუხოდ დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია და ვვარაუდობ, რომ წერილში დასმული საკითხების განსახილველად საქართველოში წარმომადგენელს, ან წარმომადგენლებს გამოაგზავნიან",- განაცხადა საყვარელიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×