თეონა ვეშაგური
20.07.2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება, რათა დაძლიონ კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდა, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის" განშტოებებით. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსოფლიოში გაზრდილი სტატისტიკა უკვე ნიშნავს სიტუაციის გამწვავებას.

მისივე თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მსუბუქად გადავიტანოთ მოსალოდნელი ახალი ტალღა.

„მწვავდება სიტუაცია, ამაზე მიუთითებს გაზრდილი სტატისტიკა, რაც მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროპის რეგიონშია. როგორც ვიცით ეს დაკავშირებულია ომიკრონის ახალ ქვეშტამებთან, რომელთაც ახასიათებთ სწრაფი გავრცელება და ემართებათ იმ ადამიანებსაც კი, ვისაც გადატანილი აქვს სხვა შტამები.

„აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ვითარება, მათ შორის საქართველოშიც. დიდია საფრთხე განსაკუთრებით შემოდგომით. ამიტომ, აუცილებელია პრევენცია და გარკვეული ღონისძიებების გატარება, ამასთან, პირბადეების გამოყენება თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეებში.

„უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესიც, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში. შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ, ვერ ვხედავ ლოქდაუნის საჭიროებას. საკმაოდ მძიმე ომიკრონის ტალღა გადავიარეთ გაზაფხულზე, მაგრამ არ დამდგარა ლოქდაუნის აუცილებლობა.

„გადრა ამისა, ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მსუბუქად გადავიტანოთ ეს ტალღა.

„რაც შეეხება გამოსავალს, ჯერჯერობით არ ჩანს გზები, რომ საბოლოოდ დავაღწიოთ თავი პანდემიას. გამოსავალი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვაქცინა, რომლის მოქმედებაც იქნება ხანგრძლივი. იმედია უახლოეს მომავალში მოხდება ასეთი ვაქცინის შექმნა". - განაცხადა გოგინავამ „რეზონანსთან".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, ახლავე მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა შემოდგომასა და ზამთარში, რადგან "ომიკრონის" ქვევარიანტი, BA.5, აგრძელებს სწრაფად გავრცელებას.

მანვე ისაუბრა, „პანდემიის სტაბილიზატორების" ამოქმედების საჭიროებაზე, როგორიცაა მეორე „ბუსტერ" დოზა, ასევე პირბადეების გამოყენება და უკეთესი ვენტილაციის ხელშეწყობა.

„ეს სტაბილიზატორები უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ბევრად უფრო მკაცრი ზომები. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება მზად არის „ლოქდაუნისთვის", - აღნიშნა კლუგემ.

მისი თქმით, ვირუსი არსად გამქრალა, ის ვრცელდება და მუტაციას განიცდის.

„ხალხი ხანდახან კითხულობს: „დაბრუნდა ვირუსი?" ის არასოდეს გამქრალა. ჯერ კიდევ არსებობს, ვრცელდება. ის მუტაციას განიცდის და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრ სიცოცხლეს იწირავს", - აღნიშნა კლუგემ.

ჯანმო-ს მაღალჩინოსანმა განაცხადა ისიც, რომ ევროპაში, გასულ კვირას, კოვიდ 19-ის სამი მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გლობალური შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს. იმავე პერიოდში, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები გაორმაგდა, ვირუსს კი ყოველ კვირას დაახლოებით 3000 ადამიანი ეწირება.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×