თეონა ვეშაგური
20.07.2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ჰაიმარს-ის სარაკეტო საარტილერიო სისტემებისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის დამატებით რაოდენობას გადასცემს. გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლოა უკრაინამ უფრო შორი მანძილის რაკეტები მიიღოს ჰაიმარსებისთვის.

მისივე თქმით, დასავლეთიდან მიღებული მხარდაჭერა საკმაოდ ეხმარება უკრაინას წარმატებული თავდაცვის გახორციელებაში, აღნიშნული დამატებითი შეიარაღება კი დიდ გარდატეხას მოახდენს ომის მიმდინარეობაზე.

„ალბათობა დიდია, რომ დასავლეთმა გადასცეს შორი მანძილის ნაღმები უკრაინას იმ ჰაიმარსებისთვის რაც უკვე აქვთ უკრაინელებს. არსებობს რაკეტები რომლებმაც შესაძლებელია მიაღწიონ 300 კილომეტრს, ეს არის „ატაკმს- ა" . ამასთან, არის კიდევ ერთი, რომელიც მოიცავს 500 კილომეტრს, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ ისინი გადასცენ. თუმცა, ვფიქრობ თანხმობა არის ამ სამასკილომეტრიან რაკეტებზე.

„რაც შეეხება ოპტიმალურ რაოდენობას, რაც შეისაძლოა სჭირდებოდეს ან მიიღოს უკრაინამ, ამაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. აქ საჭიროა ოპერატიული გათვლები, რამდენი დანაყოფი უნდა ჩამოყალიბდეს და რამდენ მიმართულებაზე, ამასთან, როგორ იქნება დაკომპლექტებული ისინი და ა.შ. ამის მიხედვით შეიძლება საუბარი მხოლოდ უკრაინულ შტაბებში.

„გარდა ამისა, იმასაც გააჩნია რისთვისაა საჭირო რაოდენობა, კონტრდარტყმებისთვის, თუ იმისთვის, რომ შეაჩერონ რუსების შემოტევები. ამ ეტაპზე დაახლოებით 10-12 ჰაიმარსი და ამავე ტიპის „ემ 270" აქვს უკრაინას, რითიც ძალიან მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ რუსებს.

„ამ ფონზე, დამატებითი შეიარაღების მიღება მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს ომის მიმდინარეობაზე. ჩანს კიდეც, უკრაინის წარმატებული თავდაცვა დიდწილად განპირობებულია დასავლეთიდან მიღებული მხარდაჭერით, თუ ისინი საჭირო დროს, საჭირო რაოდენობის, საჭიორო სისტემებს მიიღებენ, მნიშვნელოვნად წაიწევენ წინ" - ამბობს კაპანაძე „რეზონანსთან".

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება უკრაინას ჰაიმარს-ის სარაკეტო საარტილერიო სისტემებისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის დამატებითი რაოდენობა მიაწოდოს.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას.

„მიმდინარე კვირის ბოლოს, ადმინისტრაცია გამოაცხადებს იარაღისა და აღჭურვილობის მორიგ პაკეტს უკრაინისთვის. ეს იქნება მეთექვსმეტე ასეთი დახმარების განაწილება უკრაინის მხარდასაჭერად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თანამდებობა დაიკავა. პაკეტი მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, ჰაიმარს-ის დამატებით რაოდენობას, რომელსაც უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ", - განაცხადა კირბიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, ჭურვებსა და საბრძოლო მასალას გადასცემენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×