თეონა ვეშაგური
21.07.2022

ქართული ოცნების" ლიდერები, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებებს ეხმიანებიან, რაც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დევიდ მაკალისტერთან შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების შესახებ გააკეთა. „ოცნებაში" ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ბრალდებები უსაფუძვლოა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სჯობს კომენტარები გაკეთდეს იმ გამონათქვამებზე, რომელიც მართლა გაკეთდა.

„ხელისუფლებიდან არავის ასეთი რამ არ უთქვამს. შეიძლება ჩვენ გვქონდეს რაღაც ასეთი ინფორმაცია, მაგრამ დღემდე ხელისუფლებიდან არავის ასეთი რამ არ უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მსგავსი ინფორმაცია არსებობდეს. ამიტომ, როდესაც ხელისუფლებიდან ეს არავის უთქვამს და ამას სხვა გეუბნება, რომ თითქოს ასე თქვი, აქაც ეჭვები ჩნდება.

„ამის ნაცვლად, სჯობს კომენტარები გაკეთდეს იმ გამონათქვამებზე, რომლებიც მართლა გაკეთდა. მაგალითად, ეკა გიგაური როდესაც ომისკენ მოგვიწოდებდა, ამაზე სჯობს გაკეთდეს კომენტარები ან ლომჯარია როდესაც ამბობდა, ომის ცეცხლი ურჩევნია რაღაც-რაღაცეებს, ამაზე სჯობდა კომენტარი გაკეთებულიყო. უსუფაშვილი-მარგველაშვილი როცა აკეთებდნენ ომისკენ მიმართულ განცხადებებს, სჯობდა ამაზე გაკეთებულიყო კომენტარები. ჩვენ რაღაცას არ ვამბობთ და ამაზე გვთხოვენ პასუხს მაშინ, როდესაც სხვები რაღაცას ამბობენ და ამაზე კომენტარსაც კი არ აკეთებენ," - განაცხადა მან.

ზურაბიშვილის კიდევ ერთ განცხადებას, საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება. როგორც პრეზიდენტმა თქვა, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, ბრიუსელის გარდა, მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტშიც. პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა ასეთი შეფასებები, როცა საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, როგორც პარლამენტის წევრები, ისე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

„მსურს, გამოვეხმაურო პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას, თითქოს რიგგარეშე სესიის არგახსნა ნიშნავს, რომ პარლამენტი არ მუშაობს. სამწუხაროა, რომ ასეთი შეფასებები კეთდება მაშინ, როდესაც საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, როგორც პარლამენტის წევრები, ისე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ტარდება კომიტეტების სხდომები, სხვადასხვა საკითხზე მიმდინარეობს საკომიტეტო მოკვლევები, იმართება ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების 15 სხდომა გაიმართა, რომელშიც 8 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიდან 5 აქტიურად მონაწილეობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ხალხის წარმომადგენლების, ისევე, როგორც პარლამენტის აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით, ზიანი არ მივაყენოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობას", - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×