თამთა ჩაჩანიძე
28.07.2022

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების დაბომბვას პერმანენტულად განაგრძობს - იბომბება დასახლებული პუნქტები, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, კრემლის მიზანია მოსახლეობა ისე დააშინოს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტის შეათხმებაზე ხელის მოწერა აიძულოს მოსკოვის პირობებით.

მათივე განმარტებით, ამას ნაწილობრივ მეორე მიზეზიც აქვს - რუსებს დაბალი სიზუსტის იარაღი აქვთ, ასევე დაბალია რუსი სამხედროების კვალიფიკაციაც და რაკეტები, რომლებიც შესაძლოა სამხედრო ობიოექტებისთვის იყოს გამიზნული, სამოქალაქო ობიექტებს ხვდება, ეს კი ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩაუსი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ ჩერნიგოვის რეგიონი 10-ზე მეტი რაკეტით დაბომბა. მედიისვე ცნობით, ასევე, ჩერნიგოვის სასაზღვრო რაიონებიც დაიბომბა.

„ჩერნიგოვის რეგიონს 10-ზე მეტი რაკეტა მოხვდა, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, არ ვიტყვი სად. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - განაცხადა ჩაუსმა.მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური საზღვარზე ვითარებას აკონტროლებს.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კრემლის მიერ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის ორი მიზეზია, რაც ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა, ამბობს, რომ იბომბება ეკლესიებიც, რომელიც ნიშნავს, რომ ჰააგის კონვენციაც ირღვევა.

„სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, ჟენევის 1949 წლის კონვენციის უხეში დარღვევაა, რომელიც საომარი მოქმედებების დროს სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას გულისხმობს. მეომარ მხარეს პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ სამოქალაქო ობიექტებზე შეტევა არ მიიტანოს.

„რუსეთისგან საერთაშორისო სამართლის დარღვევა რა თქმა უნდა გასაკვირი არაა და ამ შემთხვევაშიც კერძოდ ჟენევისა და ასევე ჰააგის 1954 წლის კონვენციაც ირღვევა, რადგან ასზე მეტი ეკლესია დაიბომბა. ჰააგის კონვენციის მიხედვით, საუბარია საომარი მოქმედებების დროს ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე.

„ჩემი აზრით. რუსეთის მიერ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის ორი მიზეზია: პირველი ისაა, რომ მათ ტექნოლოგიურად ნაკლებად განვითარებული სარაკეტო სისტემა, მათ შორის „ტოჩკა უ" თუ სხვები აქვთ, რომელთა სიზუსტე დაბალია. ასევე, დაბალია რუსი სამხედროების კვალიფიკაციაც და არაა გამორიცხული, რომ რიგ შემთხვევაში თუ ეს რაკეტები სამხედრო ობიექტებისთვისაა გამიზნული, სამოქალაქო ობიექტებს ხვდება.

„ასევე, რუსეთს სურს მოსახლეობა დააშინოს, რომ შემდგომში უკრაინის ხელისუფლებას მოსთხოვოს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაზე წავიდეს, რათა მათი პირობებით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი და რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიები „შერჩეს". მოსახლეობის დაშინება და უკრაინის ხელისუფლების იძულება ხდება.

„რუსეთმა თითქმის 3 ათასამდე სხვადახვა ტიპის რაკეტა გამოიყენა - მოკლე, საშუალო და გრძელი სიშორის, მათი 70% სწორედ სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა და არა სამხედროს. ეს ერთის მხრივ რუსული სამხედროების არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს და მეორეს მხრივ გამიზნულ ქმედებებზე", - განაცხადა ჩიტაძემ.

მან ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„უკრაინამ ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით კონტრშეტევა დაიწყო, ანტონოვის ხიდი დაბომბა, რომელიც ხერსონს ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს. ომის პირველ დღეებში ხერსონის დაკავება ყირიმიდან რუსული ჯარის შეჭრის შედეგად მოხდა - რუსებს გაუჭირდებათ. ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების ნაწილი ალყაშია. უკრაინას სწორედ ეს მიზანი აქვს, რომ რუსული ძალები გამოფიტოს.

„ბრძოლები ძირითადად ორი მიმართულებითაა, ერთის მხრივ უკრაინა შეტევებს ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულებით ავითარებს, მეორეს მხრივ რუსეთი დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში თავდაცვის სტრატეგიას ეწევა.

„ფაქტია, რომ „ჰაიმარსები" და ახალი შეიარაღება უკრაინას აძლევს საშუალებას, რომ კონკრეტულ ლოკაციებზე კონტრშეტევა განავითაროს, უახლოეს მომავალში დამპყრობლებისგან ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები გაწმინდოს და შემდგომში ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლექბის გათავისუფლებაზე კონცენტრირდეს",- განაცხადა ჩიტაძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედება უკრაინის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

„ეს მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა, ამას „დუეს დოქტრინა" ჰქვია, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ობიექტებთან ერთად სამოქალაქო ობიექტებიც იბომბება, რადგან მოსახლეობამ ხელისუფლება აიძულოს, რომ ომი მტრის სასარგებლოდ შეწყვიტოს, დაახლოებით იგივე ვარიანტია.

„ეს სამხედრო გამოფიტვის სტრატეგიის პარამეტრებს შეესაბამება, რომელსაც რუსები ისედაც ახორციელებენ, ისინი უკრაინის მოსახლეობაზე ზეგავლენას ცდილობენ. რუსები გარკვეულ ლოკაციებზე უკრაინის კონტრშეტევას ელოდებიან და ვითომ მათი ჭკუით ამით პრევენციულ დარტყმებს ახორციელებენ.

„ამ ეტაპზე უკრაინას 20 „ჰაიმარსი" აქვს, პოლონეთმა ტანკები გადასცა, შესაძლოა ზაფხულის ბოლომდე დამატებით კიდევ ათი „ჰაიმარსიც" მიიღოს, ასევე, სხვა შეიარაღება, სლოვაკეთი „მიგ 29"-ის გადაცემას აპირებს, რაც მრავალფუნქციური გამანადგურებელია და სერიოზული შემტევი შეიარაღებაა.

ანტონოვის ხიდი ააფეთქეს, რისი მეშვეობითაც რუსები თავიანთ ძალებს ხერსონისა და მელიტოპოლის მიდამოებში ამარაგებდნენ,მნიშვნელოვანი კომუნიკაციური წერტილია", -განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×