თამთა ჩაჩანიძე
01.08.2022

თანამადეროვე შეიარაღება საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. რასაკვირველია ეს ხიფათის შემცველია, მაგრამ თუ ასე გავყუჩდით და არაფერზე არ ვიზრუნეთ, მაშინ ექსტრემალურ სიტუაციაში რამდენიმე ჯაველინის ამარაღა დავრჩებით - ამბობს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის იმ განცხადებაზე საუბრისას, სადაც ის საქართველოსთვის „ჰაიმარსის" საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემას ითხოვს.

კინზინგერი „ტვიტერზე" წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, შესაძლოა ცეცხლი საქართველოში მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ერთი მესამედი. „ქართული ლეგიონი" უკრაინას იცავს... როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირდება, შესაძლოა, ცეცხლი გახსნას რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე. „ჰაიმარსი" საქართველოს!" - წერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზიგერი.

როგორც არეშიძე ამბობს, განცხადება სანამ დასავლეთი საქართველოს ემბარგოს არ მოხსნის იარაღის გადაცემის თაობაზე, ქვეყანა ვერანაირ დასავლურ შეიარაღებას ვერ მიიღებს.

„მთავარი ისაა, კინზინგერი ხიფათს ხედავს, რომ საქართველო მართლა შეიძლება ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დასავლეთმა უნდა გაიაზროს. 2008 წლის მერე დასავლეთმა იარაღის გადმოცემაზე ემბარგო დაგვიწესა და ეს თუ არ მოიხსნა, ვერავინ ვერავითარ „ჰაიმარსს" ვერ გადმოგვცემს. ეს კონგრესმენი პირველი არაა, პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ასე ფიქრობენ, საკმაოდ ბევრია როგორც ევროკავშირში, ისე ამერიკის კონგრესში, თუმცა მათ ხმამაღლა მოლაპარაკე და სხვა განწყობის მქონე პოლიტიკოსები რატომღაც სჯობნიან.

„ასეა თუ ისე, რასაკვირველია ჩვენი ჯარის გადაიარაღებაზეც და ყველაფერზე ისე უნდა ვიზრუნოთ, როგორც ამას დღეს ყაზახეთი აკეთებს, რომელიც ასევე სავარაუდო დარტყმის ობიექტი იყო. ამ ომის კონტექსტში საფრთხის ქვეშ მარტო საქართველო და მოლდოვა კი არა, ყაზახეთიც იყო. ამას სკურპულოზური მუშაობა და ამ ემბარგოს საკითხის გადაწყვეტა სჭირდება, უნდა მოგვიხნან.

„რუსეთს, უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, საქართველოში შემოჭრის თავი არ ექნება, მაგრამ თუ გაიმარჯვა... გვახსოვს, პატრუშევი უკრაინის ომის დაწყების მერე, დაახლოებით მარტში, როგორ ამბობდა, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე გავწმინდოთ, მაინც დისკრედიტირებულები ვართო. პოსტსაბჭოთა სივრცის გაწმენდაში იგულისხმებოდა საქართველო, მოლდოვა და ყაზახეთი. მაშინ ამას ყურადღება არ მიექცა. მერე დასავლეთშიც გამოჩნდნენ პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვის ომში ჩამბმას ფიქრობდნენ, ოღონდ ამაზე ჩვენ ვისაც საყვედურს ვეუბნებით-ხოლმე, ის ხალხი ხშირ შემთხვევაში არაფერ შუაში იყო. ვგულისხმობ კელი დეგნანსა და ზოიგიერთ პოლიტიკური მოღვაწე. ეს ზოგიერთი პოლიტიკური წრის აზრი იყო, ისევე როგორც პატრუშევი წარმოადგენდა კონკრეტულ პოლიტიკურ წრეს და არარუსეთის ხელისუფლებას," - განაცხადა არეშიძემ.

ამბობს, რომ დასავლური იარაღის მოწოდების თაობაზე მუშაობის დაწყება რუსეთის შესაძლო მძაფრი რეაქციის თვალსაზრისით ხიფათის შემცველია. თუმცა ასე გაჩერებაც სწორი არაა, რადგან ექსტრემალურ სიტუაციებში ქვეყანას სჭირდება ის შეიარაღება, რომელიც თანამედროვე ომის გამოწვევებს უპასუხებს.

„რასაკვირველია ეს ხიფათის შემცველია, მაგრამ მეორეს მხრივ თუ ასე გავყუჩდით და არაფერზე არ ვიზრუნეთ, მაშინ ექსტრემალურ სიტუაციაში რამდენიმე ჯაველინის ამარაღა დავრჩებით. ჩვენ იმ ძალის შეიარაღება არ გვაქვს, რომელიც თანამედროვე ომის გამოწვევებს პასუხობს. გარდა ამისა, მხოლოდ რუსეთი ხომ არაა, თუ ძლიერი არმია და შეიარაღება არ გვექნა, თუ საზოგადოება თავდაცვაზე არ იქნება ორიენტირებული, რეგიონში უამრავი გამოწვევა არსებობს, რომელმაც შეიძლება ადრე თუ გვიან თავი იჩინოს, ამიტომ იარაღი გვჭირდება, მათ შორის თანამედროვე.

„ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაც ზუსტად ისაა, რომ მაქსიმალური ცდელობს, საქართველოს ახალი ტიპის შეიარაღება ჰქონდეს, გარკვეული იარაღი საქართველოშიც შეიქმნას და „დელტამ", ყოფილმა საავიაციო ქარხანამ, მაქსიმალურად იმუშაოს. მაგრამ, დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე ეს საკმარისი არაა", - განაცხადა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×