თამთა ჩაჩანიძე
04.08.2022

უკრაინაში რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებს განაგრძობს. რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში ავტობუსის გაჩერება დაბომბეს, არის დიდი მსხვერპლი. ამავე იერიშის შედეგად დაზიანდა ტაძარი. ოკუპანტებმა რაკეტები ესროლეს ხარკოვს, მიკოლაევს, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ისინი დიდ დანაკარგებს განიცდიან და დემორალიზებულები არიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ირწმუნება, რომ დროის მიმდინარე მონაკვეთში პირიქით დიდი დანაკარგი უკრაინის ჯარს ჰქონდა, როგორც სამხედროების, ასევე ტექნიკის თვალსაზრისით.

დონეცკის რეგიონის ქალაქ ტორეცკში რუსული ძალების მიერ ავტობუსის გაჩერების დაბომბვაზე ინფორმაციას დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო ავრცელებს. მისი თქმით, რუსულმა ძალებმა დააზიანეს ტაძარი და საცხოვრებელი კორპუსებიც.

„8 დაღუპული, 4 დაჭრილი - ეს არის დაბომბვის შედეგები, რომელიც რუსებმა დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე განახორციელეს. 4 დაჭრილს შორის 3 ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო საარტილერიო დაბომბვა. მათ ავტობუსის გაჩერება დაბომბეს, სადაც იმ დროისთვის ხალხმრავლობა იყო.

„ყოველ დღე რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ჩვენი ხალხი ყოველ დღე იღუპება. მოვუწოდებ ყველას, ვინც დონეცკის რეგიონში რჩება, რომ ისინი საკუთარ თავს სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებენ! მოვუწოდებ რეგიონის ყველა მცხოვრებს: არ გახდეთ რუსეთის სამიზნე! მოახდინეთ ევაკუაცია ახლავე!" - დასძინა კირილენკომ.

გვიან ღამით დაიბომბა ქალაქი ხარკოვიც, როგორც ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ამბობს, ოკუპანტების სამიზნე ქალაქის ნემიშლიანსკის რაიონში ადმინისტრაციული შენობა გახდა, თუმცა შედეგად არავინ დაშავებულა და არც ხანზარი არ ყოფილა.

რუსმა დამპყრობლებმა მიკოლაევის ორი უბანი დაბომბეს. აფეთქებების შედეგად კორპუსები დაზიანდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ხანძრის გაჩენის შესახებაც. ქალაქის მერი ალექსანდ სენკევიჩი მიკოლაევის მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და სახლებში დარჩნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები ძლიერ დანაკარგებს განიცდიან და დემორალიზებულები არიან.

„რუსი ოკუპანტები ძლიერ დანაკარგს განიცდიან, დემორალიზებულები არიან და მსუბუქი დაზიანებების მიღების ნებისმიერ შესაძლებლობას ეძებენ. იმისთვის, რომ უკან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხვდნენ მიმართავენ თვითდაზიანებას და ჯანმრთელობის გაუარესების ნებისმიერ სიმულაციას", - ნათქვამია გენშტაბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

გენშტაბისვე გავრცელებული ცნობებით, 24 თებერვლიდან 4 აგვისტომდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 41 500 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, გაანადგურეს მტრის 1 789 ტანკი, 4 026 ჯავშანტექნიკა, 946 საარტილერიო სისტემა, 260 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 118 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 191 ვერტმფრენი, 742 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 182 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 960 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, ასევე 83 ერთეული სპეცტექნიკა.

თავის მხრივ რუსული მხარეც ავრცელებს ინფორმაციას, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა ხუთშაბათს რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „ხარკოვის ოლქში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მაღალი სიზუსტის იარაღით დარტყმის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების 92-ე მექანიზებული ბრიგადის 130-მდე სამხედრო და 13 ჯავშანმანქანა განადგურდა".

გარდა ამისა, კონაშენკოვი ამბობს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში „რუსეთის ჯარების სამიზნე 95-ე საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის ნაწილების დროებითი განლაგების პუნქტი გახდა, სადაც 400-მდე უკრაინელი სამხედრო და უკრაინის შეიარაღებული ძალების 20 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×