თამთა ჩაჩანიძე
09.08.2022

უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელის მხრიდან საქართველოს კრიტიკა გარკვეული ეჭვის საფუძველს ქმნის, რომ შესაძლოა ეს მოსკოვის ფარული გეგმის ნაწილი იყოს - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის ინტერვიუს კომენტირებისას. მისივე თქმით, რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში დესტაბილიზაციით, ოღონდ ისე, რომ ეს თავად მას არ დაბრალდეს.

„ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში პოდოლიაკმა საქართველოს მთავრობის პოზიცია შეაფასა, კერძოდ, განცხადებები, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს და რომ უკრაინის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია საქართველოს ხელისუფლების მოსკოვთან თანამშრომლობის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი. პოდოლიაკის თქმით, მოსკოვთან თანამშრომლობის სამხილები თუ საჭირო გახდება, წარდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით: „თუ საჭირო იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არცერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს".

„საქართველომ დასაბუთება მოითხოვა და ჯერჯერობით არაფერი არ მიგვიღია"

რამაზ საყვარელიძე ეჭვობს, საქართველოზე ასეთი ხშირი განცხადებების უკან „სხვა ინტერესები" ხომ არ დევს.

„ამ ტიპის მორიგი განცხადება გაჟღერდა და თან ისეთი ადამიანის მხრიდან, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ იგივე პოდოლიაკის განცხადებების მერე საქართველომ დასაბუთებები მოითხოვა და ჯერჯერობით არაფერი მიგვიღია. რაც უფრო მეტი დაუსაბუთებელი განცხადება კეთდება, დამაჯერებლობა სულ უფრიო და უფრო აკლდება. დღეს ასეთ მძიმე დღეში მყოფი უკრაინა საქართველოს თემისთვის ამდენად რომ იცლის, ეს მცირე ეჭვის საფუძველს მაინც იძლევა - საქართველოზე პედალირების შემთხვევაში რაღაც სხვა ინტერესები ხომ არ დევს", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

კითხვაზე, რა ინტერესები შეიძლება იყოს ეს, საყვარელიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის მკვეთრი გამწვავებითა და საქართველოში არეულობით შესაძლოა თავად რუსეთი იყოს დაინტერესებული. ხოლო უკრაინის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად საუბრობენ საქართველოზე, შესაძლოა კრემლთან ჰქონდეთ კავშირი.

„არც თუ ისე იშვიათი გახდა უკრაინის ხელისუფლებაშიც და პრეზიდენტის გარემოცვაშიც იმ ადამიანების მოძიება, რომელსაც რუსეთთან აქვთ კავშირი. ვიცით, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა პრემიერ-მინისტრზე დააყენა საკითხი, ასევე ისრაელშიც და ინგლისშიც არახამიაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი დასავლეთთან რომან აბრამოვიჩის მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობს, იმ აბრამოვიჩის, რომელიც პუტინის „მოლარეა". ანუ რუსული კვალი ძალიან ბევრგან იკითხება.

„ასეთ რუსულ კვალზე ხელს ვერავის ვერ დაადებ, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ვინმე მოქმედებდეს და ესა თუ ის ფორმულა შემოგდებული ჰქონდეს, რომელსაც მერე ავტომატურად თანამდებობის პირები მიყვებიან. სავარაუდოა, რომ ასეთი ფორმულა საქართველოსაც ეხება. იმიტომ, რომ რუსეთმა ახლახანს სანქციების გამო ჩინეთის და ინდოეთის ტრანზიტი დაკარგა, რომელიც რუსეთზე გადიოდა, ეს მილიარდებია. ახლა ეს ტრანზიტი კავკასიაზე გადმოვიდა და კონკრეტულად საქართველოზეც.

„ასე რომ, თუკი ომში საქართველოს ჩართვა მოხერხდება, მერე რუსეთს შეიძლება თავისი ტრანზიტები დაუბრუნდეს, ეს კი ის მინიმალური მოტივია, რაც შეიძლება რუსეთს ამოძრავებდეს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ საქართველოში არეულობა მისთვის ყოველთვის სასურველი იქნება, თან არეულობა ისე, რომ ქართული მხარე იყოს დამნაშავე და რუსული მხარე არაფერ შუაში არ იყოს. რუსეთს ისედაც ბევრი ბრალდება აქვს, ყველაფერზე სანქციებს უწესებენ და თუკი მას საქართველოს მიმართულებით არეულობა დასჭირდა, მისთვის სასურველია, რომ მისი ხელწერა არ იკითხებოდეს, თორემ რუსეთისთვის არევაზე ადვილი არაფერია, ნახევარ საათში შეუძლია მთელი საქართველო გადაკეტოს.

„უკრაინასაც კი აღარ შველის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. უკრაინის ასეთ გამწვავებულ ომის პირობებში უკრაინის ლიდერები ისხდნენ და მათი წარმოდგენით საქართველოს ცოდვებს ითვლიდნენ, სრუილიად გაუგებარია", - განაცხადა საყვარელიძემ.

„ოცნები" პასუხი

„ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები", - ასე პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პოდოლიაკის განცხადებას.

ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები ქვეყნის მიმართ მტრულია.

„ის ხალხი, ვინც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ვერ იქნება განხილული ჩვენი მხრიდან, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები. ეს ადამიანები აკეთებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით, ასეთი განცხადებები მხოლოდ ამ კომენტარით უნდა შემოიფარგლოს," - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ უკრაინულმა მხარემ წარმოადგინოს მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ოხანაშვილი აცხადებს, რომ შეკითხვას უკვე უპასუხა და მისი პასუხი ჟურნალისტებს შეუძლიათ მიიღონ პასუხად ან არ მიიღონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×