თეონა ვეშაგური
11.08.2022

თუ თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურებზე გაგრძელდა, გაიზარდება რადიაციის დონე, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც უკრაინის, ისე სხვა ქვეყნების მოსახლეობას. ამ შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დაეკისრება, ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ევროპაში უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის ფაქტს.

უკრაინიs ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ატომური ელექტროსადგური ყველაზე მძლავრია ევროპაში. მარტიდან, ბირთვულ რეაქტორს რუსი სამხედროები აკონტროლებენ და სამი კვირაა, მის სიახლოვეს ჭურვები ეცემა. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ, გაერო კი მათ მოუწოდებს, არ დაუშვან „ბირთვული კატასტროფა".

ექსპერტის შეფასებით, აუცილებელია საქმეში შესაბამისი საერთაშორისო ორგანოები ჩაერთონ.

„ამ საკითხზე ვსაუბრობდი რამდენიმე კვირის წინ. თუ ატომურ სადგურებზე დაბომბვები გაგრძელდა, თუნდაც ეს მოხდეს უნებლიედ, საფრთხე გაიზრდება, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრება ორივე მხრეს. ამიტომ უნდა მოხდეს რაიმე შეთანხმების მიღწევა და სარაკეტო იერიშების შეწყვეტა.

„სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს. რადიაციის ზრდა ატომური ბომბის გამოყენების ტოლფასია, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც რუსეთს, ისე უკრაინას. სარაკეტო იერიშები უნდა შეწყდეს იმ წერტილებზე, რომელიც საფრთხის შემცველია. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ გველის რადიაციული ზამთარი. ეს იგივეა რაც ქიმიური და ბირთვული ომი.

„არსებობს სპეციალური საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ ჩაერთონ ამ სიტუაციის განეიტრალების პროცესში. აუცილებელია მოლაპარაკებების წარმოება და ამ თავდასხმების შეწყვეტა," - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

პარალელურად, ატომური ენერგიის სააგენტო ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის მიუხედავად, რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია, თუმცა უკრაინის მეზობელი ქვეყნები მობილიზაციას ახდენენ. რუმინეთმა მოლდოვას 1 მლნ აბი იოდიდი გადასცა, რომელიც მოსახლეობამ რადიაციის დონის გაზრდის შემთხვევაში უნდა მიიღოს.

პარასკევს, შაბათსა და კვირას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინული მხარის მტკიცებით, დაშავდა ორი თანამშრომელი და დაზიანდა სამი სენსორი, რომლებიც სადგურზე რადიაციის დონეს ზომავს.

ნებისმიერი თავდასხმა ბირთვულ რეაქტორზე თვითმკვლელობაა", - თქვა ორშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში, მდინარე დნიპროს ახლოს მდებარეობს და დენით ქვეყნის 20%-ზე მეტს ამარაგებს. რუსმა სამხედროებმა ის უკრაინაში შეჭრის მეცხრე დღეს, 4 მარტს დაიკავეს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 აგვისტოს რუსეთი "ბირთვულ ტერორში" დაადანაშაულა და მოუწოდა დასავლეთს, უარი თქვას რუსული ბირთვული საწვავის შეძენაზე.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერზის" ცნობით, ჭურვები ეცემა რეაქტორის სიახლოვეს მდებარე ქალაქებშიც.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს. ოკუპანტების იერიშს ქალაქ ბახმუტში 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ისევ დაიბომბა ხარკოვიც. პარალელურად, რამდენიმე რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას აგრძელებენ. მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კახოვკის ხიდს დაარტყეს. შეტევა გრძელდება იზიუმშიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ამ დრომდე განადგურებულია 47 000 რუსი სამხედრო.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×