ია აბულაშვილი
28.10.2022

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციას? ამასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩენსკი ამბობს, რომ მუშაობა პარლამენტში ორგანიზებულად მიდის და იმედი აქვს, რომ პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდება ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. „ქართულმა მხარემ საკუთარ თავს დაუწესა ძალიან მჭიდრო ვადა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ყველაფერს. შეფასების პროცესი მომავალ წელს იქნება," - აცხადებს ელჩი.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მხრივ ხელშესახები პროგრესი არ არის. ევროკავშირის ანგარიშში რეფორმების მიმდინარეობა შეფასდება, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ იგი დადებითი არ იქნება, რისი მიზეზიც „ქართული ოცნებაა".

პოლიტოლოგმა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან" აღნიშნა, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია, შესრულების რეალურ სურვილს კი ვერ ხედავს.

„ძალიან სერიოზულია, რაც იმ პუნქტებში წერია, ერთ-ერთი მათ შორის არის სასამართლო სისტემა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. ქვეყანას თუ არ აქვს დამოუკიდებელი სასამართლო, შეუძლებელია, პრეტენზია ჰქონდეს დემოკრატიაზე. ქაღალზე შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს დაწერილი, მაგრამ მთავარი პრობლემაა, როგორ მუშაობს სასამართლო. ამიტომ ვერავის ვერ მოვატყუებთ, სწორად თუ არ ვიმოქმედებთ. შედეგებს ვერავინ დამალავს, შედეგებით ფასდება, ვასრულებთ თუ არა რეკომენდაციებს. რეკომენდაციები რომ არ სრულდება, ამ რამდენიმე დღის წინ უკვე ვნახეთ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით... სიტყვებით ერთს გვეუბნებიან, მეორეს კი აკეთებენ. მე ვარ და ჩემი ნაბადიო. ამ რეკომენდაციების შესრულდება ადვილი არ არის, მაგრამ შესრულებადია, მე კი ვერ ვხედავ შესრულების რეალურ სურვილს.

რაც შეეხება ოპოზიციას, იქ დუღილის პროცესია და ამიტომ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებას იღებენ, თითქოს ერთიანდებიან და მერე იშლებიან. პარტიებს შორის არ ჩანს განსაზღვრული სტრატეგია, არ ხდება ერთიანი პოზიციის, პროგრამის გარშემო გაერთიანება. ერთიანდებიან მხოლოდ ვინმე ერთის წინააღმდეგ. საჭიროა ისეთი ერთობა, სადაც იქნება მსგავსი შეხედულებები ქვეყნის განვითარებაზე, სხვაგვარად გაერთიანება იქნება ეკლექტური," - გვითხრა ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×