თამთა ჩაჩანიძე
28.10.2022

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა აღიარა, რომ კვირის დასაწყისში უკრაინელებმა ხერსონის ოლქში ჩეჩნური ქვედანაყოფის წევრები გაანადგურეს და დიდი დანაკარგებიც ჰქონდათ. ექსპერტი კავკასიის საკითხებსი მამუკა არეშიძე „რეზონანსს" უყვება, რომ კადიროველებს შტაბი ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში ჰქონდათ მოწყობილი, რაც ნათლად იმის ნიშანია, რომ ბავშვები სკოლიდან გამოყარეს.

კადიროველების განადგურების შესახებ ინფორმაცია 24 ოქტომბერს გავრცელდა, როგორც უკრაინულ ისე რუსულ ტელეგრამ არხებზე. რუსული წყაროების მიხედვით, დაიღუპა 40 ჩეჩენი, ხოლო უკრაინული არხების ინფორმაციით, 50-დან 100-მდე.

„ბევრმა იცის, რომ ამ კვირის დასაწყისში ერთ-ერთი ჩეჩნური შენაერთი დაბომბვის ქვეშ მოექცა. ეს ხერსონის რაიონში მოხდა. ადგილზე ყველა სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო სია არსებობს. დაიღუპა 23 და დაიჭრა 58 ჯარისკაცი. მათგან ოთხი მძიმედ დაშავდა. სხვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმ დღეს დიდი დანაკარგი გვქონდა," - წერს კადიროვი.

ამასთან, როგორც მამუკა არეშიძე ამბობს, ჩეჩნური ქვედანაყოფი ზუსტი დამიზნების საარტილერიო ცეცხლით გაანადგურეს, თავდაპირველად ამას კადიროვი არ აღიარებდა, მაგრამ მას შემდეგ,რაც გარდაცვლილები სახლებში მიასვენეს და გლოვობდნენ, იძულებული გახდა ეღიარებინა.

„დანაკარგები, რომ დიდი იყო, ამას უკრაინული წყაროებიც ამბობდნენ, დაღუპულთა რაოდენობა 40 კაცამდე იყო, დაჭრილების 60-მდე. ეს ხერსონის ერთ-ერთ ოლქში მოხდა, შტაბი სკოლაში ჰქონდათ მოწყობილი. ესეც ძაან სიმბოლურია, რომ თუ შტაბი სკოლაში ჰქონდათ მოწყობილი, ესეიგი იქ ბავშები ვერ ისწავლიდნენ და სკოლიდან გამოუყრიათ.

„მათი განადგურება ზუსტი დამიზნების საარტილერიო ცეცხლით მოხდა, მაშინ კადიროვი გამოვარდა და ამბობდა, რომ უკრაინის ქალაქები მიწასთან უნდა გავასწოროთო, პარალელურად ამ ფაქტს უარყოფდა, მაგრამ ოჯახებში იმდენი მიცვალებული მიასვენეს, რომ საერთო ჩეჩნური გლოვა გამოიწვია და ამან კი კადიროვი აიძულა, რომ სიმართლე ეთქვა.

„ამ ომში ადამიანები იღუპებიან და მათ შორის კადიროველებიც, ოღონდ ასეთი მასიური განადგურება არ მომხდარა. ჩეჩნეთი ერთადერთი რესპუბლიკაა, რომელიც დაღუპულთა რიცხვს მალავს და არასწორ ციფრს ასახელებს ხოლმე. ჩრდილოეთ კავკასიაში დაღუპულების რაოდენობით დაღესტანი ისევ ლიდერობს", - განაცხადა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×